ნათია თურნავა: საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალი გვაქვს, თუ რა ზომები შეიძლება იყოს მიღებული იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგებთან დისკუსიაში გადაწყდა, რომ 24 დეკემბერს მაღაზიები იხსნება
საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალი გვაქვს, თუ რა ზომები შეიძლება იყოს მიღებული იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგებთან დისკუსიაში გადაწყდა, რომ 24 დეკემბერს მაღაზიები იხსნება, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ სამუშაო შეხვედრა პრემიერ-მინისტრის დავალებით შედგა და შეხვედრაზე რაიმე გადაწყვეტილებები მიღებული არ ყოფილა.
„დღევანდელი ჩვენი შეხვედრა იყო სამუშაო შეხვედრა, პრემიერ-მინისტრის დავალებით. სხვადასხვა წერტილოვანი შეზღუდვის დაწესება-მოხსნის საკითხებ წყდება სხვა დონეზე, წყდება საგანგებო უწყებათაშორისი საბჭოს ფორმატში, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მოგვესმინა თვითონ სავაჭრო ობიექტებისგან, მოლებისგან, თუ რამდენად არიან მზად ისინი, იმ შემთხვევაში, თუკი 24 დეკემბერს გაიხსნებიან, რომ არ დაუშვან ზედმეტი გადატვირთვა ობიექტებისა, არ დაუშვან ისეთი რიგები, სადაც არ იქნება დაცული ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები, არ დაუშვან აჟიოტაჟური მოხმარება, რისი მომსწრენიც ჩვენ სამწუხაროდ ნოემბერში გავხდით და ყველა ამ არგუმენტს, მე შემდეგ მოვახსენებ უწყებათაშორის საბჭოს.
ძალიან გამიხარდა, რომ დღეს მოვისმინეთ ძალიან პასუხისმგებლიანი მიდგომა, მოვისმინეთ სხვადასხვა ძალიან საინტერესო ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მართონ მაგალითად დღის განმავლობაში მომხმარებლის ქცევა, იგივე დავუშვათ ფასდაკლების აქციები, სხვადასხვა წამახალისებელი აქცია, რომ უფრო იყოს გადატანილი დღის პირველ ნახევარში და არა საღამოს, რაც გადაანაწილებს მომხმარებლებს. ასევე მოვისმინეთ მათი მოსაზრებები, თუ როგორ იქნება მართული რიგი ტერიტორიის გარეთ – იქნება ეს დავუშვათ ბარიერები, თუ სხვა სახის შეზღუდვები.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ეს დიდი ინდუსტრია, ვაჭრობა, რომელიც ასობით ადამიანს ასაქმებს და მათი შემოსავლები და დასაქმება არის დიდად დამოკიდებული წინასაახალწლო ვაჭრობაზე, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით იმ პირველ მონაპოვარს, რაც მოიტანა ამ წერტილოვანმა შეზღუდვებმა და იცით, რომ ჩვენმა ჯანდაცვის სექტორმა ახლა უფრო ამოისუნთქა შვებით და ნაკლები არის გადატვირთვა. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა დავთმოთ“, – განაცხადა თურნავამ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებისგან მიიღო ინფორმაცია, თუ როგორ გეგმავენ ისინი გახსნის შემთხვევაში რისკების თავიდან აცილებას.
„მოვისმინეთ მაღაზიების მოსაზრებები იმის თაობაზე, თუ როგორ მოხდება გახსნის შემთხვევაში რისკების თავიდან აცილება და მინიმიზაცია. ამაზე გვექნება სერიოზული მსჯელობა. დღეს ჩვენი ამოცანა არ იყო კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. ეს გადაწყვეტილება მიიღება უწყებათაშორისი საბჭოს ფორმატში, მაგრამ ამოცანა რაც იყო, რომ მოგვესმინა კონკრეტული მექანიზმები და ჩვენც შევთავაზეთ რაღაც მოსაზრებები ჩვენი მხრიდან, ეს ამოცანა შესრულებულია. საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალი გვაქვს იმისა, თუ რა ზომები შეიძლება იქნას მიღებული იმ შემთხვევაში, თუკი საბოლოო ჯამში, ეპიდემიოლოგებთან დისკუსიაში გადაწყდა, რომ 24 დეკემბერს იხსნება მაღაზიები. ერთ-ერთი მოსაზრება ისიც იყო, რომ დავუშვათ მუშაობის საათები გახანგრძლივდეს, აქცენტი გაკეთდეს დილის საათებზე პირველ რიგში და ამის სხვადასხვა ბერკეტი არსებობს, მათ შორის წამახალისებელი და ფასდაკლების აქციები გადატანილი იყოს უფრო მეტად დილის საათებში“, – განაცხადა თურნავამ.
როგორც მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად იქნება რისკები აცილებული სავაჭრო ობიექტები გახსნის შემთხვევაში.
„ჩემი მოსაზრება არის, რომ საკმაოდ პასუხისმგებლიანად უდგებიან ამ ამოცანას. ძალიან კარგად ესმით ის პასუხისმგებლობა, რაც არის მთავრობის პასუხისმგებლობა, მაგრამ მათ შორის ამ სექტორის პასუხისმგებლობა, რადგან ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად იქნება რისკები აცილებული. ჩვენთვის ძალიან ღირებულია ის მონაპოვარი, რაც ყველამ ერთად მოვიტანეთ ამ წერტილოვანი შეზღუდვების წყალობით, რომ გაუმჯობესდა ეპიდვითარება. ასეთი, ფრთხილი ოპტიმიზმის პირველი ნიშნების საფუძველი მოგვეცა. რა თქმა უნდა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანების ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზეა საუბარი. ამავდროულად არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ ამხელა ინდუსტრიაზე, ეს არის ვაჭრობა, ათასობით ადამიანია დასაქმებული და გვესმის, რომ რაღაც გარკვეული, კომპრომისული ნაბიჯები შეიძლება იყოს განხილული. სექტორიც ემზადება ამისთვის, სწორედ ამიტომ მოვიდნენ დღეს ისინი ჩვენთან შეხვედრაზე. იციან, რომ ჩვენც ფრთხილად ვაკვირდებით ვითარებას, იციან რომ, ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჯერ მაინც არ არის და მთელი ძალისხმევა მოახმარეს იმას, რომ ჩვენთვის გაეზიარებინათ, თუ როგორ ემზადებიან იმისთვის, რომ საფრთხე არ დაგვემუქროს“, – განაცხადა თურნავამ.