რატომ აგდებდნენ დედები ჭაში მომაკვდავ შვილებს – გოლოდომორის შემზარავი რეალობა

კიევში გადაღებულ ამ ფოტოებზე ფოტოგრაფმა  აღბეჭდა ბავშვები, რომლებიც მემორიალთან ხორბლის თავთავებს აწყობენ… ამ ადგილას შეკრებილთაგან ზოგს ხელში ვაშლი უჭირავს, სანთლებს ყველა ანთებს, სასულიერო პირები კი პანაშვიდს იხდიან…. რატომ ხორბლის თავთავები? რატომ ვაშლები? ამ სულისშემძვრელ მემორიალთან უკრაინელები იმ მილიონობით ადამიანს მიაგებენ პატივს, რომლებიც საბჭოთა ეპოქაში მომხდარ გოლოდომორს ემსხვერპლნენ. დაზუსტებული მონაცემებით, მეოცე საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში უკრაინაში შიმშილისგან  3-3,5 მილიონ ადამიანამდე დაიღუპა. მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით კი დაღუპულთა რიცხვი 7 მილიონამდეა. გოლოდომორი ყველაზე მეტად უკრაინის იმ ტერიტორიას შეეხო, რომელზეც სოფლის მეურნეობა იყო განვითარებული – ეს თანამედროვე უკრაინის ცენტრალური ნაწილია.

1932-33 წლებში იმ გლეხებს, რომლებიც მარცვლეულის მოსავლის აღების გეგმას ვერ ასრულებდნენ და  კოლექტივიზაციის პირობებში სახელმწიფოს ვალი დაუგროვდათ, ნებისმიერი სხვა პროდუქტის კონფისკაციას უტარებდნენ. ეს კონფისკაცია არ ითვლებოდა ვალის დაფარვად და მხოლოდ სადამსჯელო ღონისძიება იყო. ნატურალური ჯარიმების პოლიტიკას უნდა ეიძულებინა გლეხები, ჩაებარებინათ სახელმწიფოსთვის დამალული ხორბალი, რომელიც სინამდვილეში მიზერული რაოდენობის ჰქონდათ. თავდაპირველად, სადამსჯელო ორგანოები გლეხებს მხოლოდ ხორცს, „სალოსა“ და კარტოფილს ართმევდნენ, შემდეგ კი გრძელვადიანი შენახვის სხვა პროდუქტებზეც გადავიდნენ.

1932 წლის აგვისტოში  იოსებ სტალინმა კიდევ ერთი რეპრესიული კანონი შეიმუშავა – სახელმწიფო ქონების დატაცებისთვის დახვრეტა ქონების სრული კონფისკაციით, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებების შემთხვევაში – 10 წლით პატიმრობა, ამნისტიის გარეშე. ამ სადამსჯელო კანონს ხალხმა „5 თავთავის კანონი“ უწოდა, რადგან, ფაქტობრივად,  სახელმწიფო ქონების დატაცებაში დამნაშავე იყო ნებისმიერი ის ადამიანი, რომელიც ნებართვის გარეშე კოლმეურნეობის ყანაში ხორბლის რამდენიმე თავთავს აიღებდა…

სწორედ ამ კანონსა და საბჭოთა სისასტიკეს შეწირული ადამიანების, მათ შორის, მცირეწლოვანი, შიმშილისგან დაღუპული ბავშვების ხსოვნის პატივსაცემად, ახლა კიევის ცენტრში შეკრებილ მათივე თანატოლებს  სიმბოლურად ხორბლის თავთავები უჭირავთ…

  21-ე საუკუნის ბავშვები ვერ აცნობიერებენ, სინამდვილეში რა გადაიტანეს მათმა თანატოლებმა იმ წლებში, როცა დედები შიმშილისგან გარდაცვლილ ბავშვებს თანასოფლელებს უმალავდნენ, რათა კანიბალიზმისგან დაეცვათ ან როგორ ჭამდნენ მათი თანატოლები კატებს, ძაღლებს, ვირთხებს, როგორ ხარშავდნენ ჭიებისგან ცხელ წვნიანებს ცივ ზამთარში, როგორ ეყარნენ გვამები ქუჩებში ან როგორ უნდა ჩაეგდო დედას საკუთარი შვილები ჭაში, რათა მათი ნელი სიკვდილი არ ენახა… სამაგიეროდ, ამის წარმოდგენა შეუძლია დღევანდელი რუსეთის ხელისუფლებას, შეუძლია წარმოდგენაც და სახელმწიფოს ღირსების შენარჩუნება! მაგრამ ხდება პირიქით – ამ კოშმარული საბჭოთა სინამდვილის, კანონებისა და ბელადების ნამოქმედარის მიჩქმალვა დღეს კრემლს სახელმწიფო დონეზე აქვს აყვანილი. რუსეთის სახელმწიფომ, როგორც საბჭოთა კავშირის მემკვიდრემ, ოფიციალურად აღიარა ის დანაშაული, რომელიც კომუნისტმა ბელადებმა ჩაიდინეს. თუმცა, როგორი გასაოცარიც  უნდა იყოს, ათასობით თვითმხილველის, ფოტო კადრების თუ საარქივო მასალების არსებობის მიუხედავად, რუსული პროპაგანდისტული მანქანა, მედია რუპორები თუ კერძო პირები კვლავ ცდილობენ, დაარწმუნონ მსოფლიო იმაში, რომ გოლოდომორი არ მომხდარა – მილიონობით ადამიანი სტალინურმა რეპრესიებს არ გაუნადგურებია.

გოლოდომორის მსხვერპლთა პატივის მიგების დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი კულებამ  თანამოქალაქეებს მოუწოდა, გააგრძელონ ბრძოლა იმისთვის, რომ მსოფლიომ  მეტი სიმართლე გაიგოს ამ შემაძრწუნებელი მოვლენის შესახებ: „გოლოდომორის აღიარებისთვის ბრძოლის დროს ჩვენ მხოლოდ ჩვენთვის არ ვიბრძვით. ჩვენ ვიბრძვით იმ ადამიანებისთვისაც, ვინც მაშინ თავისი თავის დაცვა ვერ შეძლო.“ მისი თქმით, „უცნობია, ჰქონდათ თუ არა ამ ადამიანებს გამარჯვების შანსი, მაგრამ ნამდვილად ჰქონდათ ღირსება იმისთვის, რომ უბრძოლველად არ დაღუპულიყვნენ.“ და მართლაც, ისტორიული ფაქტია, რომ სტალინური კოლექტივიზაციის წინააღმდეგ უკრაინაში იმ პერიოდში ასობით მასობრივი გამოსვლა მოხდა, ადამიანები ყველა ხერხით ცდილობდნენ, არ შეგუებოდნენ ტირანიას, თუმცა, მაშინ ამ მონსტრს ვერ მოერივნენ.

 

გიორგი აფაქიძე

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები