ანა ნაცვლიშვილი: ირაკლი კობახიძის გზავნილები იყო სახელმწიფოებრივად სახიფათო, ადამიანურად სამწუხარო, სამართლებრივად ანტიკონსტიტუციური და პოლიტიკურად დამარცხებული ძალის ხმა

“ირაკლი კობახიძის დღევანდელი გზავნილები იყო სახელმწიფოებრივად სახიფათო, ადამიანურად სამწუხარო, სამართლებრივად ანტიკონსტიტუციური და პოლიტიკურად დამარცხებული ძალის ხმა”, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით სახიფათოა, როდესაც მმართველი პარტია თავის ეგზისტენციალურ ამოცანად ისახავს არა ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას, არამედ – ოპოზიციის განადგურებასა და მასზე ანგარიშსწორებას.

„ეს მმართველი პარტიის სრულიად არაადეკვატური დღის წესრიგია. სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით სახიფათოა, როდესაც მმართველი პარტია თავის ეგზისტენციალურ ამოცანად ისახავს არა ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას, არამედ – ოპოზიციის განადგურებასა და ოპოზიციაზე ანგარიშსწორებას. სამართლებრივად არაკონსტიტუციურია და არ შეესაბამება არც იმ ღირებულებებს, არც იმ პრინციპებს და არც იმ დებულებებს, რომლებიც კონსტიტუციაშია და რომელთა დატოვებასა თუ დამატებაში თავად კობახიძეს წვლილი აქვს როგორც საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს 2017 წელს. ადამიანურად რთული და მძიმე მოსასმენია, როდესაც ამას იურისტი და უმრავლესობის ლიდერი აკეთებს. პოლიტიკურად გამარჯვებული ძალები ასე არ საუბრობენ. გამარჯვებული პოლიტიკური ძალა ასეთ აგონიაში არ ვარდება. როდესაც უმრავლესობის ლიდერი დღისით, მზისით, მთელი მედიის თანდასწრებით თავისი საწადელის მისაღწევად არ ერიდება შანტაჟისა და მუქარის ენის პირდაპირ გამოყენებას ოპოზიციის ლიდერების მიმართ, ვინმეს შეიძლება, ეჭვი შეეპაროს, რას გააკეთებს ეს პოლიტიკური ძალა დახურულ კარს მიღმა წინასაარჩევნოდ, რომ საწადელს მიაღწიოს. როგორ დაატერორებს საჯარო მოხელეებს, აიპებში დასაქმებულ ადამიანებსა და ნებისმიერ პირს, ვისზეც მათ ოდნავი გავლენის ბერკეტი გააჩნია. როცა საჯაროდ ასეთი ხარ, დახურულ კარს მიღმა რაღა იქნები“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდება ან რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება ან ერთი წლით შეუჩერდება – შესაბამისი კანონპროექტების პაკეტი პარლამენტში ინიციატივის წესითაა შესული. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განმარტა, კანონპროექტების მიხედვით, იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები