“პანდემიით შექმნილი კრიზისული ვითარების მიუხედავად, რეკორდულად მზარდია ქართული პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებლები, რაც იმპორტის ექსპორტით ჩანაცვლების სტრატეგიაზე გადასვლას უზრუნველყოფს”
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის მიერ სამინისტროს 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის და ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შედეგების პრეზენტაციას ექსპერტები ეხმაურებიან.
როგორც გიორგი ცუცქირიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს, პანდემიურმა პერიოდმა აჩვენა, რომ სასურსათო უზრუნველყოფას, სურსათის უსაფრთხოებასთან ერთად განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება მომავალშიც და ამ კუთხით არის სწორედ საინტერესო გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წლიური ანგარიშის განხილვა.
ნიშანდობლივია, რომ მიუხედავად პანდემიური პერიოდისა, სოფლის განვითარების სააგენტოს ფარგლებში გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამა, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამები, აგროწარმოების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამებთან ერთად, არა თუ შემცირდა, არამედ კიდევ უფრო მეტი დინამიკა შეიძინა.
„დიდწილად ამის შედეგია, რომ 2020 წელს, მიუხედავად პანდემიით შექმნილი კრიზისული ვითარებისა, რეკორდულად მზარდია ქართული პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებლები, რაც იმპორტის ექსპორტით ჩანაცვლების სტრატეგიაზე გადასვლას უზრუნველყოფს. გაზრდილია ფერმერებისა და მეწარმებისთვის ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა, ხოლო სახელმწიფოს თანამონაწილეობა გაცილებით დიდია საფინანსო ინსტიტუტებთან აღებულ ვალდებულებებში, რაც სახელმწიფოს მიერ, ფერმერებისა და მეწარმეების სესხების საპროცენტო განაკვეთების თანადაფინანსებას ემსახურება”, – წერს ექსპერტი.
თავის სტატუსში მას კონკრეტული ციფრებიც მოჰყავს: სახელმწიფო მხარდაჭერის შედეგად, ღვინის საწარმოებს ყურძენი 25 ათასამდე მევენახემ ჩააბარა და მათ შემოსავლების სახით, 310 მლნ ლარამდე მიიღეს, შეიქმნა „მცირე მარნების დახმარების პროგრამა”, რომლის ფარგლებში, პანდემიის შედეგად დაზარალებული ათეულობით მცირე მარნის ბოთლი ღვინის ტრანსპორტირება განხორციელდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
აღსანიშნავია, რომ აგროსექტორის ანტიკრიზისული მართვის ფარგლებში მოხერხდა სურსათით მომარაგების უწყვეტობის შენარჩუნება, რაც გლობალური მიწოდების ჯაჭვების წყვეტის პირობებში სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენდა. ამ ურთულესი გამოწვევის დროს, ქვეყნის არცერთ რეგიონში სასურსათო პროდუქციის დეფიციტი არ შექმნილა, ხოლო ხორბლის იმპორტის და ფქვილის სუბსიდირების პროგრამები უმოკლეს ვადებში განხორციელდა.
არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა რეგიონებში საგაზაფხულო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელების ხელშეწყობას, სულ ფერმერების მხარდასაჭერად, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმასთან ერთად, 300 მლნ ლარი იქნა გამოყოფილი, ხოლო სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ხვნის მომსახურების ღირებულების სუბსიდირების პროგრამით 172,000-ზე მეტ ფერმერმა ისარგებლა.
სასურსათო უსაფრთხოების კუთხით, ასევე, წარმატებულად უნდა შეფასდეს მცენარეთა მავნებლების, მათ შორის აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები, რამაც განაპირობა სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვასთან ერთად, მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. 2020 წელს თხილის სარეკორდო საექსპორტო მაჩვენებელიც ამას ადასტურებს და პერსპექტივაში ბაზრის სერიოზულ მოთამაშედაც გვაქცევს.
ეკონომიკური ზრდის კონტრიბუციაში დიდი მნიშვნელობა აქვს დამატებული ღირებულების ზრდას აგროსექტორში, მარტო 2012 წლიდან 2019 წლამდე – სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებში, პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი 1.6 მილიარდი ლარით (43%), შექმნილი დამატებული ღირებულების მაჩვენებელი 1.0 მილიარდი ლარით (44%) არის გაზრდილი. ამასთან, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული ბიზნეს სექტორში 2012-2019 წლებში, პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი სარეკორდო 163%-ით გაიზარდა, ხოლო სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი – 42%-ით.
კიდევ ერთი მეტად პერსპექტიული მიმართულებაა ახალი სატყეო პოლიტიკის ფარგლებში, სატყეო-სამეურნეო საქმიანობის განვითარება, რაც გარდა იმისა, რომ მწვანე ეკონომიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, და ეკონომიკურ ზრდაზე მხოლოდ დადებითად აისახება, უზრუნველყოფს ქვეყნის ბიომრაფალფეროვნებასაც. მარტო ბოლო პერიოდში დაცული ტერიტორიების ფართობი 122,374 ჰექტარით არის გაზრდილი,სულ კი ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 12%-ია და საშუალო ევროპულ მაჩვენებელს უახლოვდება.
„ფაქტია, რომ აგროსექტორის ანტიკრიზისული მართვის ფარგლებში მოხერხდა სურსათით მომარაგების უწყვეტობის შენარჩუნება, რაც გლობალური მიწოდების ჯაჭვების წყვეტის პირობებში სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენდა. ამ ურთულესი გამოწვევის დროს, ქვეყნის არცერთ რეგიონში სასურსათო პროდუქციის დეფიციტი არ შექმნილა, ხოლო ხორბლის იმპორტის და ფქვილის სუბსიდირების პროგრამები უმოკლეს ვადებში განხორციელდა”,- წერს გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.