თამარ კიკნაძე: სააკაშვილი აქტუალური აღარავისთვისაა, ის შეიძლება, მხოლოდ რამის გასაფუჭებლად გამოიყენო

პოსტპანდემიური მსოფლიო ახალი პოლიტიკური წესრიგის დამყარების მიჯნაზეა. ამიერკავასიასა და საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ,,კვირა“ საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტს, პროფესორ თამარ კიკნაძეს ესაუბრა:

-ამ დრომდე ვერ ხერხდება არჩევნებში გამარჯვებული პარტიების პოზიციების დაახლოება და ქართული ოპოზიცია კვლავ ქუჩაში რჩება. როგორ პროგნოზირებთ მოვლენების განვითარებას?

-ამ სიტუაციაში, როდესაც მსოფლიოში ძალთა გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს, ქვეყნისთვის უკიდურესად დამაზიანებელია ოპოზიციის დესტრუქცია. დღეს არაფერი ისე არ დააზიანებს საქართველოს, როგორც – ქვეყნის შიგნით არეულობა. საერთაშორისო ურთიერთობები დინამიკური პროცესია. შეგიძლია, აპროტესტო ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები რამდენიც გინდა, ოღონდ ამან შენს ქვეყანას ტერიტორიები არ უნდა დააკარგვინოს ისე, როგორც 2008 წელს საერთაშორისო ავანტიურისტმა სააკაშვილმა, თავისი გაუაზრებელი პოლიტიკით, ქვეყანა კრახის პირას მიიყვანა. დღეს, როდესაც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რუსული ბაზები დგას, კავკასიის რეგიონში ტყვიების ზუზუნია, რუსეთი და თურქეთი რეგიონში გავლენებს ინაწილებენ, ოპოზიცია პოზიციას ზედმეტ სავარძლებს ევაჭრება.

-გრიგოლ ვაშაძე, რომელიც გუშინდელ დღემდე ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იყო, გრძნობდა ოპოზიციის ავანტიურულ გეგმას და მასში მონაწილეობა აღარ მოისურვა?

-ვაშაძეს კარგად ესმის, რომ სააკაშვილი მსოფლიოსთვის აქტუალური აღარ არის. რეალურ პოლიტიკაში ის შეიძლება, მხოლოდ რაღაცის გასაფუჭებლად გამოიყენო. ყოფილი პრეზიდენტის ყველა ქმედება რუსული ძალის მიერაა დაკვეთილი. 2008 წლის შემდეგ რუსეთმა მიიღო საქართველოში ყველაფერი, რაც სურდა: კოდორი, სამაჩაბლო, ენერგოობიექტები. სააკაშვილის რუსებს რკინიგზისა და გაზსადენსაც მიჰყიდდა, რომ არა ამერიკის მკაცრი გაფრთხილება… ახლა დრო შეიცვალა. დასავლეთს საქართველოში არეულობა არ აწყობს, არც ოპოზიციის დესტრუქცია და არეულობის კიდევ ერთი კერა ამიერკავკასიაში ყარაბაღის მოვლენების ფონზე. ოპოზიციური პარტიები კი კვლავ გარე ძალის დავალებას ასრულებენ და კრიზისის გაღრმავებას ცდილობენ.

-რეალურად, თვლით, რომ პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში კრიზისულია?

-ნამდვილად არასახარბიელო ვითარებაა შექმნილი, ქართული პოლიტიკური სპექტრის განახლება გარდაუვალია. ახლო მომავალში, ალბათ, ვადამდელი არჩევნები გარდაუვალი გახდება, რომელიც მხოლოდ საქართველოს შიდაპოლიტიკურ მოვლენებზე არ იქნება დამოკიდებული.

-რას გულისმობთ?

-ამერიკის არჩევნების შედეგებს, ახალ გეოპოლიტიკურ ხედვას კავკასიაში, რუსეთ-თურქეთის პოლიტიკურ კავშირს ყარაბაღში და, ამ რეალობიდან გამომდინარე, სხვა პროცესებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები