ნათია თურნავა: 2022 წელს, როდესაც მსოფლიო არსებითად დაძლევს პანდემიას, ჩვენ უცხოური ინვესტიციების ახალ ნაკადს უნდა ველოდოთ და ამისთვის ვმუშაობთ

“2022 წელს, როდესაც მსოფლიო არსებითად დაძლევს პანდემიას, ჩვენ უცხოური ინვესტიციების ახალ ნაკადს უნდა ველოდოთ და ამისთვის ვმუშაობთ”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

თურნავამ ერთ-ერთი უცხოური ორგანიზაციის მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევის შესახებ ისაუბრა, რომლითაც იგი ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყანად დასახელდა.

„საქართველოს ეკონომიკა დასახელდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ღია და მიმზიდველი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ინვესტორებისთვის. ეს კვლევა საკმაოდ დეტალური იყო. ორგანიზაციამ საქართველოში მსგავსი კვლევა პირველად ჩაატარა. შეისწავლეს 22 დარგი – რა ბარიერები და რა პრაქტიკა არსებობს ინვესტორებთან თანამშრომლობის. სწორედ ამ კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საქართველო მსოფლიოში, მართლაც ერთ-ერთი მიმზიდველი ქვეყანაა ინცვესტორებთან მიმართებით.

შეგახსენებთ, რომ ამ რამდენიმე თვის წინ ჩვენმა საინვესტიციო გარემომ დადებითი შეფასება მიიღო აშშ-ის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, როგორც ღია და ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყანა. ეს არის კარგი საწინდარი იმისთვის, რომ 2022 წელს, როდესაც მსოფლიო არსებითად დაძლევს პანდემიას, ჩვენ უცხოური ინვესტიციების ახალ ნაკადს ველოდოთ და ამისთვის ვმუშაობთ. პანდემიის მიუხედავად, ბევრი ახალი პროექტი დაიწყო აიტი ინდუსტრიაში, საპორტო ინფრასტრუქტურაში, ენერგეტიკასა და ბევრ სხვა დარგში. ეს პროცესი 2022 წელს გაძლიერდება. ჩვენ ამისათვის მთავრობასთან ერთად ახალი ბერკეტები შემოგვაქვს, იგივე „აწარმოე საქართველოში“ და მისი კომპონენტი უცხოელ ინვესტორებზეა ორიენტირებული“, – განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, აღნიშნულ პროგრამაში ახალი კომპონენტი შეიტანეს, რომელიც უცხოელ ინვესტორებს წაახალისებს. კერძოდ, გრანტის სახით იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც 150-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებენ და გარკვეულ ინვესტიციას ჩადებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები