ირაკლი კობახიძე: მთავრობის შემადგენლობა არსებითად იგივე რჩება, რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას, მათ შორის, ჯანდაცვის ნაწილში არ ველოდებით
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, მთავრობის შემადგენლობა არსებითად იგივე რჩება და რაიმე ცვლილება, მათ შორის, ჯანდაცვის ნაწილში არ განიხილება.
მისივე თქმით, თუ ვინ ჩაიბარებს იუსტიციის მინისტრის ვაკანტურ თანამდებობას, ჯერჯერობით, ამაზე ინფორმაცია არ არსებობს.
“ჩვენ, პირველ ყოვლისა, ველოდებით პრემიერის პოზიციას. პრემიერთან გვექნება შეხვედრა უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში. მოვისმენთ მის შეხედულებას მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით. ამის საფუძველზე შედგება უკვე განხილვა საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში და ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას მინისტრთა კაბინეტის ფორმირებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება კანდიდატურებს, ჯერჯერობით, არ გვიმსჯელია ამასთან დაკავშირებით და ველოდებით პრემიერს. არსებითად იგივე რჩება მთავრობის შემადგენლობა, რომელიც მუშაობდა აქამდე. რაც შეეხება ცალკეულ ცვლილებებს, იუსტიციის ნაწილშია გამოკვეთილი, რომ ცვლილება იქნება, თუმცა, სხვა რაიმე ინფორმაცია ცვლილებასთან დაკავშირებით არ არსებობს. რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას, მათ შორის, ჯანდაცვის ნაწილში ჩვენ არ ველოდებით”, – განაცხადა კობახიძემ.