ნიკოლოზ სამხარაძე: პირველი ინიციატივა, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტში დაინიცირდება, იქნება საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია საგარეო პოლიტიკის შესახებ

„საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პირველი ინიციატივა, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტში დაინიცირდება, იქნება საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია საგარეო პოლიტიკის შესახებ”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეოკუპაციაა.

„ამ მიზნით, მეათე მოწვევის პარლამენტი დინამიურად ჩაერთვება საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაში და გამოიყენებს ყველა საერთაშორისო საპარლამენტო პლატფორმას ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის გამყარებაში და დეოკუპაციაში”,- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისივე თქმით, პარლამენტი ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით, კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების საქმეში ხელშესახები შედეგები იქნას მიღწეული.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ის პრიორიტეტული მიმართულებები დაასახელა, რაზეც მეათე მოწვევის პარლამენტი აქტიურად იმუშავებს. მისი თქმით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ხელისუფლება განახლებული ენერგიით შეუდგება ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის დროულ და ქმედით განხორციელებას და ინსტიტუციურ დაახლოებას. ნიკოლოზ სამხარაძემ ყურადღება გაამახვილა აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და საპარლამენტო დიპლომატიის გააქტიურებაზეც.

„ქვეყანა განაგრძობს სვლას ევროკავშირში სრული ინტეგრაციისკენ, რაც პირდაპირ ეხმიანება საქართველოს კონსტიტუციას და „ქართული ოცნების” საპროგრამო განაცხადს, რაც გულისხმობს სტრატეგიულ მზაობას 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანას. მოლოდინი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა ახალ ნიშნულზე გადავა და ტრანსატლანტიკური ერთობა ახალ მუხტს მისცემს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში. ამისთვის ჩვენ გამოვიყენებთ გაწევრიანების წინ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, რომელიც საქართველოსა და ნატოს შორის უკვე არსებობს. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული ურთიერთობა ისტორიულად ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, რაც ბოლო წლებში ჩვენი აქტიური მუშაობის შედეგია. მეათე მოწვევის პარლამენტი პრიორიტეტულ მიმართულებად დაისახავს ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და ამერიკის შეერთებული შტატების უფრო აქტიურ ჩართულობას შავი ზღვის და საქართველოს გეოსტრატეგიულ არეალში. საპარლამენტო დიპლომატია საკვანძო როლს შეასრულებს საგარეო ასპარეზზე საქართველოს ეროვნული ინტერესების მიღწევაში და ამისთვის ჩვენ გამოვიყენებთ ყველა არსებულ მექანიზმს, მათ შორის, საერთაშორისო და რეგიონულ საპარლამენტო ასამბლეებსა და ორმხრივ ურთიერთობებში მეგობრობის ჯგუფებს”,- განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ნიკოლოზ სამხარაძემ ოპოზიციურ პარტიებს ანტიამერიკული და ანტიევროპული კამპანიის დაგმობისკენ და საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის საპარლამენტო ტრიბუნაზე განხილვის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„მზარდი ანტიამერიკული და ანტიევროპული ისტერიის და პროპაგანდის ფონზე, რომელსაც ოპოზიციის ცალკეული ოდიოზური ლიდერები მიმართავენ, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურმა ძალებმა, რომლებიც თავიანთ თავს პროდასავლურად მიიჩნევენ, დაგმონ ეს კამპანია და შემოუერთდნენ ამ ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუციის საპარლამენტო ტრიბუნაზე განხილვას”,- განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები