გია ვოლსკი: ნებისმიერ კითხვას, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით არსებობს, პასუხი უნდა გაეცეს

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები აუცილებელია, რათა საზოგადოებამ ზუსტად დაინახოს, რა არის მხარეთა პოზიციები.

მისივე თქმით, ნებისმიერი კითხვის ნიშანი, რომელიც არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით არსებობს, პასუხგაცემული უნდა იყოს.

„მოლაპარაკებათა მეხუთე და რამდენიც გინდა იმდენი რაუნდი, აუცილებელი და საჭიროა, რომ უპირველეს ყოვლისა, ჩვენმა საზოგადოებამ ზუსტად დაინახოს, რა არის მხარეთა პოზიციები. ჩვენ არ შეგვიცვლია დამოკიდებულება. გნებავთ კომისია შევქმნათ, გნებავთ გადავითვალოთ, გნებავთ ვიდეოთვალი გავხსნათ. ნებისმიერი კითხვის ნიშანი, რომელიც ამ არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით არსებობს, პასუხგაცემული უნდა იყოს. ჩვენ ამ პოზიციიდან არც გადაგვიხვევია, არც ვაპირებთ გადავუხვიოთ. მნიშვნელოვანწილად ეს ჩვენი პარტნიორებისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ პოზიციები დავაფიქსიროთ და საზოგადოებას წარვუდგინოთ ჩვენი თავი ისე, როგორიც ვართ, რასაც ვფიქრობთ და როგორ ვფიქრობთ ქვეყანაში სტაბილურობის შექმნას, ვინ უპირისპირდება ამ იდეას და ვინ იღწვის ამისთვის. რასაკვირველია, არის კიდევ ერთი აუცილებელი ასპექტიც გასათვალისწინებელი, ის, რასაც ჰქვია გადათვლა იმ შედეგების, რომელიც პარალელურმა დათვლამ გვაჩვენა და მხოლოდ 40 თუ 41 დღის შემდეგ აღიარეს, რომ ამაში ცდომილება იყო. თუმცა, არ აღიარეს ის, რომ ამან მნიშვნელოვნად შეცვალა შედეგები, ციფრები და ეს ერთ-ერთი საგანგებო დასაყრდენი არგუმენტი გახდა ოპოზიციისთვის, რათა ხალხის დიდი რაოდენობა შეცდომაში შეეყვანა. აქედან გამომდინარე, ჩვენი შეხვედრა, მეხუთე, მეექვსე რაუნდიც, თუ საჭირო გახდა, აუცილებელია“, – აცხადებს ვოლსკი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები