კახა კოჟორიძე: ხელისუფლებამ რამდენიმე ოპოზიციური პარტიისგან მიიღო თანხმობა პარლამენტში შესვლაზე, ამიტომაც გაამკაცრა ტონი

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანლის, ირაკლი კობახიძის გუშინდელი ბრიფინგის შემდეგ, ოპოზიციიური პარტიები აცხადებდნენ, რომ მოლაპარაკებათა პროცესი ჩიხში შევიდა. „კვირა“ პარტია ,,ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს, კახა კოჟორიძეს დაუკავშირდა.
-როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ტონი გაამკაცრა?
-კობახიძის გამოსვლამ შანსი აღარ დაუტოვა ქართულ პოლიტიკას ჩიხური სიტუაციიდან თავდასაღწევად. მე მიმაჩნია, რომ ორ მთავარ საკითხზე შეუთანხმებლობა (ხელახალი არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება) მოლაპარაკებათა პროცესს ისედაც გამოუვალ მდგომარეობამდე მიიყვანდა, რადგან არც ,,ქართული ოცნება“ აპირებდა უკან დახევას და არც – ოპოზიცია. ძალიან დაბალი იყო იმის ალბათობა, რომ, თუნდაც უცხოელი ფასილიტატორების შუამდგომლობით, მოლაპარაკებათა პროცესი რაიმე შედეგს გამოიღებდა.
-მოლაპარაკების მე-4 რაუნდის შემდეგ, მხარეთა პოზიციები დაახლოებისკენ წავიდა და, თითქოს, შეთანმების იმედიც გაჩნდა?
-ოპოზიცია ცდილობდა შედეგის მიღწევას, რაც, საბოლოოდ, ვერ მიიღო. კობახიძის გამკაცრებულ ტონს, მმართველი პარტიის ფარულ მოლაპარაკებებს რამდენიმე ოპოზიციურ პარტიასთან ვუკავშირებ. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ მათგან მიიღო გარანტიები პარლამენტში შესვლაზე, რის შემდეგაც საქარველოს ერთპარტიული პრლამენტი აღარ ეყოლებოდა, ამიტომაც გაამკაცრა ტონი.
-რა ბედი ელით ქუჩაში დარჩენილ ისეთ პატარა პარტიებს, როგორიც, მაგალითად, ,,ლელოა“? ხომ ფაქტია, რომ ქუჩა ვერც პოლიტიკოსს და ვერც პარტიას ვერ ზრდის?
-მთავარი დღეს ის კი არ არის, ,,ლელო“ პარლამენტში შესვლით ,,გაიზრდება“ თუ არა, არამედ ის, სახელმწიფო ინტერესებისთვის ჩვენი პარლამენტში შესვლა უფრო მნიშვნელოვანია თუ – ქუჩაში დგომა. პარლამენტში შესვლით ლეგიტიმაციას გავუკეთებთ გაყალბებულ არჩევნებს და სად არის გარანტია, რომ ,,ქართული ოცნება“ მომავალშიც არ გააყალბებს არჩევნებს?
-პარლამენტში შესვლით პარტიას შესაძლებლობა აქვს, გააუმჯობესოს საარჩევნო კანონი, შეცვალოს მისთვის მიუღებელი ნორმა, გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ კლიმატზე…
-საარჩევნო კანონი დღეს პრობლემას არ წარმოადგენს. კანონი იდეალურია, მაგრამ მთავარი ბოროტება ამომრჩევლის მოსყიდვაა, რაც მასობრივად ხდებოდა 2020 წლის არჩევნებზე. საარჩევნო ბანერები რომ არ უნდა ჩამოხიო და სხვის პლაკატს შენი არ გადააკრა, ამას საარჩევნო კანონის ცვლილება არ უშველის. 50- და 100- ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმები პრობლემას ვერ გადაჭრის.
-თქვენ ისეთ წვრილმანებზე საუბრობთ, რომელიც ყველა არჩევნების დროს ხდებოდა და მომავალშიც მოხდება არა მხოლოდ საქართველოში, მთელს მსოფლიოშიც.
-მაგალითს გეტყვით: ხაშურში ჩემი ბანერი ჩამოხიეს ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა. ქალაქის მერიაში შევიტანე ადმინისტრაციული საჩივარი. იცით, როგორ გადაწყვიტა მერმა ჩემი პრობლემა? – აიღო ტელეფონი და დარეკა ,,ქართული ოცნების“ ადგილობრივ ოფისში. იკითხა – თქვენ ჩამოხიეთ ბანერი? იქედანაც უპასუხეს – არა! ასე დასრულდა ყველაფერი…
-რატომ არ იჩივლეთ სასამართლოში?
-არჩევნებამე იმდენად ცოტა დრო იყო დარჩენილი, სასამართლოსთვის მიმართვა აზრს კარგავდა. ასე რომ, მთავარი საარჩევნო პრობლემა კანონის სრულყოფილება კი არა, ამ კანონის ფეხებზე დაკიდებაა.
– ამ მაგალითით ხალხს ქუჩაში ვერ გამოიყვანთ. თავადაც ხედავთ, საპროტესტო მუხტი ამომრჩეველს აღარ აქვს.
-ხალხი ქუჩაში არ გამოდის იმიტომ, რომ ეპიდემია მძვინვარებს და ზამთარია, ცივა. ახლა „ოცნება“ ცდილობს, ერთპარტიულობას დააღწიოს თავი, ოპოზიციის ბერკეტი კი ერთიანობის შენარჩუნებაა. ასე რომ, დრო გვიჩვენებს, ვინ გაიმარჯვებს ამ ნერვების ომში.
-ფიქრობთ, რომ დრო ოპოზიციაზე მუშაობს?
-ვნახოთ, უახლოესი მომავალი ამას გვიჩვენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები