ოპოზიციურ პარტიათა ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მე-4 რაუნდი დასრულდა. მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომამდე 2 დღით ადრეც კი ოპოზიციას არ აქვს სამოქედო გეგმა. დარჩება თუ არა ,,ქართული ოცნება“ მარტო პარლამენტში, რა შესაძლო სცენარით განვითარდება მოვლენები ქართულ პოლიტიკაში – ,,კვირა“ პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა:
-მსოფლიო იცვლება ჩვენ გარშემო, კავკასიაში უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური ცვლილებები ხდება, კაცობრიობა პანდემიას ებრძვის, საქართველო კი კვლავ შიდაპოლიტიკურ გაუგებრობაშია და არჩევნებიდან 2 თვის თავზეც კი ოპოზიცია ვერ ჩამოყალიბდა, გამოიყენებს თუ არა არჩევნებში მოპოვებულ საპარლამენტო მანდატებს. ქვეყნისთვის ნორმალურია ასეთი პოლიტიკური რეალობა?
-,,ნორმალური“ რთული სიტყვაა. მას ორი მდგენელი აქვს: სტატისტიკური და ფუნქციონალური. სტატისტიკური ,,ბევრს“ ნიშნავს. ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებით დაწყებული, პანდემიით დამთავრებული. ჩვენ, თითქოს, ამ მხრივ დასანანი არაფერი გვაქვს, ნახევარი საქართველო ღიმილიანია… საქართველოზე დიდ და გონიერი ქვეყნებს დაუდგათ დიდი უგუნურობის ჟამი – გერმანიას, მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის წინ. რაც შეეხება ქართულ ოპოზიციას, ეჭვი მეპარება, რომ აქ მხოლოდ სკამებისთვის იყოს ბრძოლა. სიტუაცია იმდენად ჩიხურია, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი თავად გრძნობს გამოუვალ მდგომარეობას და საუბრობს ამაზე, მაგალითად, სამადაშვილი და უფროსი ვაშაძე. მეჩვენება, რომ ზოგიერთი პარტია ცდილობს, ქვეყანა დესტაბილიზაციამდე მიიყვანოს, საკუთარი ძალა დაანახოს ყველას და თქვან, რომ მათ ,,თავიანთი გაიტანეს!“, ძალაზე ააგონ საკუთარი რეიტინგი. დასამალი არავისთვისაა, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ საკუთარ მომხრეებში აქვთ მხარდაჭერა, რომელიც არ ნიშნავს საზოგადოებრივ მხარდაჭერას. ამიტომაც ცდილობს ძალის დემონსტრირებას, რომელიც, ჯერჯერობით, არ გამოსდის. ძირითადად, დესტაბილიზაციის დაკვეთას პარტიას სააკაშვილი და მისი ცნობილი ბიძა, თემურ ალასანია აძლევენ.
-ოპოზიციურ ერთობაში ,,ნაციონალური მოძრაობის“ გარდა სხვა იდეოლოგიის, პატარა პარტიებიც ხომ არსებობენ? ყველა ,,ნაციონლური მოძრაობის“ კაპრიზს ემორჩილება?
-მათ უმრავლესობას შესაძლოა, პარლამენტში შესვლა უნდა კიდეც, მაგრამ ბავშვობაში რომ იყო ცნობილი ,,დაგინება“ – ვინც ბოლოო, ხომ გახსოვთ? ოპოზიციასაც ასე აქვს ,,დაგინებული“ ახლა – ვინც პირველიო! პარლამენტში პირველ შესულს დაატყდება საერთო ოპოზიციური რისხვა, თუმცა, დღეს მგონი, ეს შაბლონი ცოტა ირღვევა…
-რა მოხდება მაშინ, თუ ოპოზიცია, თავისივე გადაწყვეტილებით, ქუჩაში დარჩება?
-გარეთ რომ დარჩნენ, პოლიტიკიდანაც გავლენ. გვახსოვს ქართულ რეალობაში ასეთი პარტიები. მართალია, არც შიგნით ექნებათ იდეალური სიტუაცია, მაგრამ ქუჩაში საერთოდ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩდებიან. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ქუჩაში გარკვეული დროით გაძლებს, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში მხოლოდ ორი პოლიტიკური ლიდერი მოვიდა ხელისუფლებაში ქუჩის მხარდაჭერით: ზვიად გამსახურდია და მიხეილ სააკაშვილი, თუმცა, ორივე მოცემულობა განსხვავებული იყო. სააკაშვილი 2000 წლიდან ამუშავებდა ,,რუსთავი 2“-ს, რომელიც ხალხში ნერგავდა განცდას: ,,ასე ცხოვრება აღარ შეიძლება“. ,,ვარდების რევოლუციის“ სცენარი კი ამერიკასა და რუსეთში იწერებოდა. თუ გახსოვთ, თბილისში ჩამოსულმა, ამერიკის პრეზიდენტმა ბუშმა თქვა: რევოლუციური სცენარებით ავღანეთამდე მივალთო…
-რას ნიშნავდა უმცროსი ბუშის ეს განცხადება?
-ამერიკა მაშინ ბინ ლადენს ეძებდა. მთელი ამერიკული სამთავრობო მანქანა ამ სცენარზე მუშაობდა. ამიტომაც დაუჭირეს მხარი ფერადოვან რევოლუციებს უკრაინასა და საქათველოში. აპირებდნენ აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოებას, ამ მიზნით, ყირგიზეთშიც ახორციელებდნენ ასეთსავე რევოლუციას, თუმცა, არ გამოუვიდათ…
-რატომ?
-ყირგიზეთის საპატიმროდან გათავისუფლებულმა ,,პოლიტპატიმარმა“ საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა: წავედი მე მოსკოვშიო! ამერიკამ უეცრად აღმოაჩინა პუტინის ხელი საკუთარ დაგეგმილ რევოლუციაში. გამოდიოდა, რომ რევოლუციის მოწყობაში ამერიკა იხდიდა ფულს, მის შედეგს კი კაგებე იმკიდა. ყირგიზეთში რუსეთმა, სრულიად უსასყილოდ, საკუთარი პოლიტიკური ხაზი გაატარა, ამერიკა იძულებული გახდა – ხელი აეღო აღმოსავლეთით ფერადი რევოლუციების დაფინანსებაზე. პუტინმა მაშინ უშეცდომოდ ითამაშა…
-,,ვარდების რევოლუციის“ დროსაც ცდილობდა რუსეთი საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გატარებას.
-რასაკვირველია. გავიხსენოთ ივანოვის ჩამოსვლა თბილისში. ის ჯერ ,,რევოლუციონერებს“ შეხვდა რუსთაველზე, შემდეგ – შევარდნაძეს და ბოლოს ბათუმში, ასლან აბაშიძესთან ჩავიდა.
-გვახსოვს, როგორ სკანდირებდნენ პარლამენტის წინ შეკრებილი მომიტინგეები ივანოვის გვარს…
-ერთადერთხელ გავიდა ტელევიზიით გადაცემა, რომელიც მერე არქივიდანაც გაქრა. ვახტანგ რჩეულიშვილი და სხვა იმდროინდელი პოლიტიკოსები ჰყვებოდნენ ივანოვისა და შევარდნაძის პირადი შეხვედრის დეტალებს. ამ გადაცემიდან ირკვეოდა, რომ ივანოვი შევარდნაძეს არჩევნების შედეგების გაუქმებასა და ახალი არჩევნების დანიშვნას სთავაზობდა, ამ პერიოდის განმავლობაში კი საქართველოს პრეზიდენტს პრემიერმინისტრად ასლან აბაშიძე უნდა დაენიშნა. მომავალ არჩევნებში უკვე პრემიერინისტრი აბაშიძე გადაინაცვლებდა საპრეზიდენტო სავარძელში. შევარდნაძემ ჰკითა ივანოვს: კი, მაგრამ, ბიჭები თანახმა იქნებიანო? რაზეც ივანოვის დადებითი პასუხი მიიღო. რუს დიპლომატს ჟვანია-სააკაშვილის დასტური უკვე მიღებული ჰქონდა. ამის შემდეგ ივანოვი აბაშიძესთან ჩავიდა, შევარდნაძემ კი რევოლუციის ლიდერი სამეული დაიბარა და დეტალებზე ესაუბრა. თუ გახსოვთ, როგორ ჩამოსტიროდა სახე სამივეს… შევარდნაძემ განუცხადა მათ, რომ რუსეთი პრეზიდენტის სავარძელში აბაშიძის ჩასმას აპირებდა. მე გადავდგები, ხელისუფლება კი თქვენ უნდა გადაიბაროთო.
-შეხვედრიდან გამოსულ სამეულთაგან ყველაზე მხნედ სააკაშვილი გამოიყურებოდა.
-ჟვანია მიხვდა, რომ მისი შანსები ნულამდე დადიოდა. ზურას შევარდნაძის რიდი ჰქონდა და ის ვერასოდეს იკადრებდა იმას, რასაც – სააკაშვილი. მიჭირს თქმა, რომელი ლიდერის უკან კონკრეტულად რა ძალები იდგნენ, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია იმის განცხადება, რომ დასავლეთსაც და რუსეთსაც ჟვანია უფრო ესიმპათიურებოდათ, ვიდრე – სააკაშვილი.
-გამოდის, რომ შევარდნაძემ მაშინ ივანოვი ,,გადააგდო“?
-შევარდნაძეს უყვარდა ,,ცხენით სვლა“. ერთი მხრივ, რუსეთს გაუფუჭა საქმე, მეორე მხრივ – ჟვანიას. ,,ვარდების რევოლუციამდე“ ერთი კვირით ადრე შევარდნაძემ მინისტრთა საბჭოს განუცხადა – ნუ ეცდებით ხელისუფლებაში სააკაშვილის მოყვანას, ეგ დაანგრევს ქვეყანასო. როცა მიხვდა, რომ აგორებული რევოლუციური განწყობა ვერც მისმა გაფრთხილებამ შეცვალა, ადგა და გადადგა.
-მოსახდენი უნდა მომხდარიყო და მოხდა კიდეც. თუმცა, 2020 წელს რამდენად მომწიფებულია რევოლუციური სიტუაცია საქართველოში, როგორც ამას ოპოზიცია აანონსებს?
-ახლანდელი ოპოზიცია უმწიფრობის შთაბეჭდილებას ტოვებს. ფერადი რევოლუციების ათობით სცენარს ცნობილი პოლიტტექნოლოგი შარპი წერდა, რომლებშიც ნაბიჯ-ნაბიჯ იყო გათვლილი რევოლუციური სამოქმედო გეგმის თითოეული დეტალი. შარპი საბჭოთა კავშირშიც მოწვეული იყო ლექციების ჩასატარებლად. ბალტიისპირელებს ნამდვილად ეტყობოდათ მისი სკოლა. თუ გახსოვთ, გვიკვირდა კიდეც, რა აზრიანად მოქმედებდა მაშინ რევოლუციური ოპოზიცია. დღეს ასეთი რევოლუციური სცენარი საქართველოში არცერთ პარტიას არ აქვს. ოპოზიციას ინტელექტუალურად არავინ ეხმარება. მართალია, ზოგიერთ დაჯგუფებას აწყობს არეულობა, მაგრამ არც ამ არეულობის სტრატეგიული გეგმა აქვთ. მეჩვენება, რომ ამ ეტაპზე ოპოზიცია მხოლოდ საკუთარი ჭკუის კარნახით მოქმედებს და არავითარი სტრატეგიული გეგმა მას არ აქვს.
-ოპოზიციური აზრის გადარჩენისთვის დღეს უფრო სტრატეგიული პარლამენტში ყოფნაა თუ – ქუჩაში დარჩენა?
-რასაკვირველია, პარლამენტში ყოფნა. პატარა პოლიტიკური სუბიექტები საპარლამენტო ცხოვრებით იზრდებიან. ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერის განცხადება: გადაეცით ივანიშვილს, რომ ფეხებზე მკიდია“ – არ არის პოლიტიკა. ახალგაზრდა პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც საკუთარი სტილის დამკვიდრება სურთ, ქუჩაში ვერ გაიზრდებიან. შესაძლოა, 2024 წლისთვის მათ მოახერხონ და ქართულ პოლიტიკაში თავი დაიმკვიდრონ, როგორც დამოუკიდებელმა პოლიტიკურმა ძალებმა. ქუჩაში დარჩენით კი ისინი პოლიტიკური ზრდის შანსს ხელიდან გაუშვებენ.
-2020 წლის არჩევნებში ქართული ელექტორატი მე-3 ძალის მოლოდინში იყო, თუმცა, მე-3 ძალა არ გამოჩნდა…
-ვისაც მე-3 ძალის ადგილი უნდა დაეკავებინა, ვგულისმობ ,,ლელოსა“ და ვაშაძეს, ისინი ,,ნაციონალურ მოძრაობას,, მიეწებნენ და საკუთარი პოლიტიკური მომავალი დაისამარეს. თუ ახლა გონს მოეგებიან და ,,ნაციონალებისგან“ დისტანცირდებიან, შესაძლოა, კიდევ ჰქონდეთ პოლიტიკური მომავალი. ამ პროცესს კი დრო დასჭირდება. მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი იყო ქართულ პოლიტიკაში, რომელმაც ერთ წელიწადში საკუთარი ნიშა დაიმკვიდრა.
-თუ ისე მოხდა, რომ დღეს არსებული ოპოზიცია პარლამენტში არ შევიდა, ქართული პოლიტიკა ქუჩაში დარჩენილი ოპოზიციის ამარა დარჩება?
-,,ქართული ოცნების“ შიგნით აუცილებლად დაიწყება ახალი პოლიტიკური ძალის ფორმირება, სიტუაცია რთული იქნება, მაგრამ არა – გამოუვალი.
-ამომრჩეველი მაინც ელოდა, რომ უცხოელი დიპლომატები მოახერხებდნენ ოპოზიციისა და ხელისუფლების პოზიციების დაახლოებას.
-მეც ველოდი, რომ უცხოელების ფაქტორს ოპოზიცია სათავისოდ გაათამაშებდა და იტყოდა: მართალია, არჩევნები გაყალბდა, მაგრამ ჩვენ შევალთ პარლამენტში და იქედან დავუპირისპირდებით ხელისუფლებას, რადგან ამას დასავლელი პარტნიორები გვთხოვენო. ნაცვლად ამისა, ქართულმა ოპოზიციამ უცხოელი პარტნიორების გინება დაიწყო და ეს ფაქტორიც ხელიდან გაუშვა. გახსოვთ, რა განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ოქრუაშვილისა და უგულავას შეწყალებისას? ისინი დამნაშავეები არიან, მაგრამ უცხოელი დიპლომატების თხოვნით შევიწყალეო. ამიტომ, მგონია, რომ ოპოზიცია ახლა ყოველგვარი წინასწარმოფიქრებული გეგმის გარეშე მოქმედებს. ბევრჯერ განაცხადეს, ჩვენს სამომავლო ნაბიჯებს გაგაცნობთო, თუმცა, დღემდე მსგავსი არაფერი გაუკეთებიათ, რადგან ასეთი სამომავლო გეგმა, უბრალოდ, არ გააჩნიათ.
-ხელისუფლების ნაბიჯებს როგორ შეაფასებდით?
-პოლიტიკას დღეს ,,ოცნება“ ქმნის საკმაოდ ფრთხილი და მოზომილი ნაბიჯებით. ისინი აცადებენ, რომ პარლამენტის კარს ღიას ტოვებენ ოპოზიციისთვის და ეს სწორია, რომ პარტიებს მიეცეთ ჩიხიდან გამოსვლის შესაძლებლობა. ზედმეტი ხმაურის გარეშე წარმართავს საგარეო პოლიტიკასაც… ხელისუფლებაში ყოფნა გავალდებულებს პოლიტიკური სტანდარტებით აზროვნებას, რაც ქუჩიდან ნამვილად ვერ მოხდება. ვერცერთმა ქუჩიდან მოსულმა დისიდენტმა ვერცერთ სახელმწიფოში ქვეყანა ვერ მართა.
-გამოდის, რომ უკანასკნელმა 30-მა წელმა ვერაფერი გვასწავლა?
-რატომ? მართალია, 2003 წელს პოპულიზმს ავყევით და ხელისუფლებაში ზარზეიმით მოვიყვანეთ ,,რეფორმატორები“, თუმცა, მომდევნო 9 წელმა გვასწავლა, რომ პოპულიზმი დამღუპველია და 2012 წლის შემდეგ ,,ნაციონალებმა“ ვერცერთხელ ვეღარ გაიმარჯვეს. ხალმა ისწავლა, რომ პოპულიზმს არ უნდა აჰყვეს და ეს ყველაზე კარგად ნათელაშვილის მაგალითზე გამოჩნდა. ასეთი ,,უსწავლელობის“ გამოცდა ჩავაბარეთ პოლიტიკაში პაატა ბურჭულაძის გამოჩენის დროსაც, როდესაც ,,მსოფლიო ბანმა“ 2 კვირაში ამომრჩევლის 10%-იანი მხარდაჭერა მიიღო. როგორც კი ბურჭულაძის წინააღმდეგ სერიოზული კომპრომატები ამოიქექა, მისი რეიტინგიც დაიმსხვრა. ასე რომ, 30 წელს უსახელოდ არ ჩაუვლია ქართული პოლიტიკისათვის.