ზურაბ გურული: ,,რემდესივირის” შემოტანას აზრი არ აქვს იმიტომ, რომ ეს კლინიკურად არ იმუშავებს
“მესმის, რომ ,,რემდესივირი” იყო საკმაოდ პოპულარული რამდენიმე თვის უკან, მაგრამ პრეპარატმა ვერანაირი არსებითი კლინიკური უპარატესობა ვერ აჩვენა”, – ამის შესახებ ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, ზურაბ გურულმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენ ეს ინფორმაცია თავიდანვე მივაწოდეთ შესაბამის, პასუხისმგებელ პირებს, მათ ეს ძალიან კარგად იციან, მაგრამ რა მიზანს ემსახურება ის, რომ გრძელდება ამ მიმართულებით მუშაობა, ეს სცდება ჩემს კომპეტენციას. თავად უნდა გადაწყვიტონ და, ალბათ, აქვთ თავიანთი არგუმენტები, ვერაფერს ვიტყვი.
მესმის, რომ ,,რემდესივირი” იყო საკმაოდ პოპულარული რამდენიმე თვის უკან, მაგრამ პრეპარატმა ვერანაირი არსებითი კლინიკური უპარატესობა ვერ აჩვენა.
მე მთავრობის სხდომაზე ჩართვისას ხმამაღლა ვთქვი, რომ,,რემდესივირის” შემოტანას აზრი არ აქვს და ნუ შემოიტანთ იმიტომ, რომ ეს კლინიკურად არ მუშაობს, პასუხი იყო დუმილი. მესმის, რომ ამაზე უცებ არ ექნებათ პასუხი, მე არ ვიცი, რა ხელშეკრულებაზე აქვთ ხელი მოწერილი, ,,რემდესივირის” შემოტანასთან დაკავშირებით, იქნებ – შეუძლებელია ამ ხელშეკრულების შეწყვეტა. ეს რა თქმა უნდა, ჩემს კომპეტენციას სცდება”, – თქვა ზურაბ გურულმა.