6 დეკემბერი წმიდა მღვდელმოწამე არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის ხსოვნის დღეა – ვარშავაში მემორიალური დაფა გაიხსნება

6 დეკემბერს, აღინიშნება წმიდა მღვდელმოწამე არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის ხსოვნის დღე. ვარშავაში, ბოლო წლებში მის საცხოვრებელ სახლში, ბრუკოვოს ქუჩა 22 – ში იხსნება გრიგოლ ფერაძის მემორიალური დაფა. ამის შესახებ ფეისბუქის გვერდზე  გრიგოლ ფერაძის საზოგადოების დამფუძნებელი ილია ფერაძე აქვეყნებს ინფორმაციას.
„გრიგოლ დაიბადა გურჯაანის მაზრის სოფელ ბაკურციხეში 1899 წ. საშუალო სასულიერო განათლება მიიღო თბილისში, უმაღლესი თეოლოგიური განათლება მიიღო გერმანიაში, 1926 წ. გახდა ფილოსოფიის დოქტორი, მონაწილეობა მიიღო საქართველოს საზღვრებს გარეთ, პირველი მართლმადიდებელი, პარიზის წმ. ნინოს ეკლესიის დაფუძნებაში და გახდა პარიზის მრავალრიცხოვანი ქართული ემიგრაციის პირველი მოძღვარი. ამავდროულად მისი ნაშრომებით ქართული ეკლესიის ისტორიაზე იგი გახდა ევროპაში ცნობილი მეცნიერი. მისი არაერთი მცდელობა, დაბრუნებულიყო სამშობლოში, ყოველთვის წარუმატებლად მთავრდებოდა – სსრ კავშირს თეოლოგები არ სჭირდებოდა.
შემდგომ იყო ვარშავის უნივერსიტეტის მართლმადიდებელი ფაკულტეტის პროფესორი. ქართული ემიგრაციის სულიერ ცხოვრებაზე დაუღალავად მზრუნველი, არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე, ომის დროს, ფაშისტურად განწყობილი ქართველებისვე დასმენით, მოთავსებულ იქნა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც მან აიღო თავისთავზე სხვისი დანაშაული და 1942 წლის 6 დეკემბერს, 16 საათსა და 45 წუთზე მოწამეობრივად აღესრულა.
1995 წელს, გრიგოლ ფერაძე, ქართული ეკლესიის მიერ აყვანილ იქნა წმინდანის რანგში.
ხვალ, ვარშავაში, ბოლო წლებში მის საცხოვრებელ სახლში (ul. Stefana Okrzei 22, ყოფილი ბრუკოვის ქუჩა) იხსნება გრიგოლ ფერაძის მემორიალური დაფა, რომელის დადგმაც მოხერხდა ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის მცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორის ბატონი იან მალიცკის და ჩვენი თანამემამულე პროფესორის დავით ყოლბაიას, აგრეთვე პოლონეთში საქართველოს ელჩის ბატონი ილია დარჩიაშვილის ინიციატივით.
საქართველოს ეკლესიებში აღევლინება ლოცვა მის სახსენებლად. განსაკუთრებით ბაკურციხის წმ. გიორგის ეკლესიაში, სადაც დაიბადა წმინდანი და კოჯრის გარეუბან ჩერონში მის სახელზე მშენებარე, საქართველოში ჯერ-ჯერობით ერთადერთ ეკლესიაში.
წმიდა გრიგოლის მადლი შეეწიოს სრულიად საქართველოს ამ შეჭირვების ჟამს.
P.S. გრიგოლ ფერაძის ცხოვრებას 1970-იანი წლებიდან სწავლობს მამა ჰენრიკ პაპროცკი, რომელიც არის ვარშავის გრიგოლ ფერაძის ეკლესიის მოძღვარი, თეოლოგიის დოქტორი, პოლონეთის და საქართველოს მოქალაქე. ხვალ შემოგთავაზებთ მის ვრცელ ინტერვიუს ჩაწერილს 2010 წელს გრიგოლ ფერაძეზე.
დღეს კი ამ წერილს ვურთავთ სლაიდებს: გრიგოლ ფერაძის ცხოვრებიდან; ბაკურციხის წმ. გიორგის ეკლესია; თსუ-ში დაყენებული მემორიალური დაფა; პოლონელი ხალხის საჩუქარი დაფა გრიგოლ ფერაძის მუზეუმის გახსნისას; გრიგოლ ფერაძის ეკლესიის სამლოცველო ვარშავაში; გრიგოლ ფერაძის ეკლესია პოლონეთის ქალაქ ბიალისტოკში; საქართველოში კოჯრის გარეუბან ჩერონში მშენებარე ჯერ ჯერობით ერთადერთი ტაძარი“, – წერს ილია ფერაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები