იოსებ არჩვაძე: საქართველოს ხელისუფლების მიერ ეკონომიკური რეფორმების თანმიმდევრული კურსი გლობალური მასშტაბით საქართველოს პოზიციების მეტად გამყარების საფუძველს ქმნის

“ხელისუფლების მიერ ეკონომიკური რეფორმების თანმიმდევრული კურსი ქმნის საფუძველს გლობალური მასშტაბით საქართველოს პოზიციების მეტად გამყარებისა და უფრო აქტიური და კონკურენტუნარიანი მოთამაშის როლის შესასრულებლად”, – ასე შეაფასა ეკონომიკის ექსპერტმა, იოსებ არჩვაძემ გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის 2020 წლის ინდექსში საქართველოს დაწინაურებული პოზიცია, რომლის თანახმადაც ჩვენმა ქვეყანამ ინდექსის მიხედვით ქულათა მაქსიმუმი აიღო და 2012 წელთან შედარებით სარეიტინგო პოზიციის გაუმჯობესების მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ინდექსი ტრანსეროვნულმა ორგანიზაციამ – SolAbility გამოაქვეყნა.
იოსებ არჩვაძის განცხადებით, საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და განვითარების დინამიზმის შეფასება, სულ ცოტა, ორმაგი დატვირთვისაა. „ჯერ ერთი, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში საგარეო ფაქტორები მისი მთელი ისტორიის მანძილზე ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ და მეორეც, გარედან დანახული და შეფასებული გვეხმარება მიმდინარე რეფორმებისა და პროცესების ობიექტურად შეფასებაში, მოქმედების მოდელის კორექტირებისა თუ წინსვლისთვის მეტი დინამიზმის მისანიჭებლად,“ – განაცხადა ექსპერტმა.
მისი თქმით, გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის გაანგარიშება (The Global Competitiveness Index), რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს 180 ქვეყნის მიხედვით ხორციელდება,  ეყრდნობა მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკური და ფინანსური ინსტიტუტების კვლევას და დღეისათვის წარმოადგენს კონურენტუნარიანობის ყველაზე სრულყოფილ კომპლექსურ მახასიათებელს.
აღსანიშნავია, რომ საქართველომ ზემოხსენებული ცენტრის ბოლო, 2020 წლის შეფასებით, ამ უაღრესად მნიშვნელოვანი ინდიკატორის მიხედვით 37-ე ადგილი დაიკავა (51.2 ქულა), გადაუსწრო რა ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას, ბალტიის სახელმწიფოების გარდა. შედარებისათვის: აღნიშნული ინდექსით რუსეთი 48-ე ადგილზეა, სომხეთი – 71-ე, თურქეთი – 84-ე, ხოლო აზერბაიჯანი – 97-ე ადგილზე. საქართველოს წარმატება მით უფრო შთამბეჭდავია, რომ ბოლო 7 წლის მანძილზე მან 58 ადგილით წინ წაიწია (95-დან 37-ზე), რაც მსოფლიოში საუკეთესო მაჩვენებელია.
„კიდევ უფრო შთამბეჭდავია მთავრობის ეფექტიანობის ინდექსი, რომლითაც საქართველო 29-ე ადგილით მსოფლიოს 30 ყველაზე მოწინავე ქვეყანათა შორის აღმოჩნდა. ამ ინდექსითაც პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩვენზე წინ მხოლოდ ბალტიის ქვეყნები არიან მაშინ, როდესაც საქართველოს სახმელეთო მეზობლები ჩვენ ქვეყანას საგრძნობლად ჩამორჩებიან (სომხეთი – 35-ე, რუსეთი – 55-ე, თურქეთი – 57-ე, აზერბაიჯანი – 101-ე ადგილზე). საქართველოს გლობალური კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაზე არამარტო „გარედან დანახული“ რეიტინგები მეტყველებენ. – 2020 წლის გავლილ პერიოდში პანდემიით გამოწვეული ეკონომიკის 5-პროცენტიანი შემცირების პირობებშიც კი ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა 4.7 პროცენტით გაიზარდა და ამჟამად მშპ-ის, დაახლოებით, 11 პროცენტს შეადგენს, რაც, ფაქტობრივად, შეესაბამება საბერძნეთის ანალოგიურ მაჩვენებელს,“ – განაცხადა იოსებ არჩვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები