პროკურატურაში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების ტენდენციების, მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ ონლაინშეხვედრა ჩატარდა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების ტენდენციების, მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ ონლაინ შეხვედრა ჩატარდა, რომელიც გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა გახსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში გამართულ ონლაინ შეხვედრაზე პროკურატურამ ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ტენდენციების, მიღწევებისა და გამოწვევების, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სისხლის სამართლის საქმეებში გენდერული დისკრიმინაციის მოტივის შესახებ ანგარიში წარადგინა.

შეხვედრის მეორე ნაწილი დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა მოძალადეთა მიმართ განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკის, ძალადობასთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით განხორციელებული აქტივობებისა და დასაგეგმი პრევენციული ღონისძიებების საკითხები განიხილეს.

ქალთა მიმართ გენდერული ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. ქალთა მიმართ გენდერულ ძალადობასა და ოჯახურ დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ კვლავ ხორციელდება მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა, გაზრდილია მსხვერპლთა მომართვიანობის და ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი.

კერძოდ:

2020 წლის 9 თვის მონაცემებით:

ოჯახურ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 3 957 პირის მიმართ;

გენდერული დისკრიმინაციის მოტივი გამოიკვეთა 120 ბრალდებულის მიმართ;

გაზრდილია ოჯახური დანაშაულის საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მაჩვენებელი.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ქალთა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის და საპროკურორო საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით 2016 წლიდან სპეციალიზაციის მიმართულება აირჩია. უკვე 2018 წლიდან გენერალური პროკურორის ბრძანებით განისაზღვრა პროკურატურის ორგანოებში სისხლის სამართლის კოდექსის 1261 (ოჯახში ძალადობა) და 111 (ოჯახური დანაშაული) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე გამომძიებელთა და პროკურორთა სპეციალიზაცია. დღეისათვის პროკურატურის ორგანოებში ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე უფლებამოსილებას 193 სპეციალიზებული პროკურორი და პროკურატურის გამომძიებელი ახორციელებს.

გარდა ამისა, სისხლის სამართალწარმოების პროცესში ჩართულ მოწმეთა და დაზარალებულთა ინტერესების დაცვის, მათი მხარდაჭერის და ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით, გაიზარდა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის ფუნქციები. პროკურატურა ასევე, კოორდინატორის სამსახურის კიდევ უფრო გაძლიერებას გეგმავს.

შემუშავებულია საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომელიც შესაძლებელს გახდის ოჯახური დანაშაულის საქმეებზე არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების ქვეშ მყოფი პირების მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენებას.

პროკურატურისთვის პრიორიტეტია პროფესიონალთა კვალიფიკაციის ამაღლება განგრძობადი განათლების გზით. 2021 წელს პროკურორთა და გამომძიებელთა გადამზადების მეორე ეტაპი იგეგმება“, – ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები