მაჭავარიანი – ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე: არ მოგვისმენია არანაირი დაგმობა იმ ძალადობრივი ქმედებების და ქვეყნის დამხობის მცდელობის, რომელიც 4 ოქტომბერს ვითარდებოდა
“რაც მოვისმინეთ, ეს ისედაც გვესმის იმ დღიდან, რა დღიდანაც უკრაინაში ომი დაიწყო. ყველამ უკვე კარგად იცის, თუ რატომ არის რიტორიკა ამგვარი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მეორე ფრონტზე ვთქვით უარი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა შეაფასა.
როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ეს სანქციებით შანტაჟის მორიგი შეხვედრა იყო.
“არ მოგვისმენია არანაირი დაგმობა იმ ძალადობრივი ქმედებების და ქვეყნის დამხობის მცდელობის, რომელიც 4 ოქტომბერს ვითარდებოდა. ევრობიუროკრატებს მეტი პასუხისმგებლობა მართებს იქიდან გამომდინარე, რომ ეს წახალისებული იყო მათი ოფიციალური პირისგან.
შეუძლიათ, გააგრძელონ იმავე რიტორიკით საუბარი, შეუძლიათ – აღასრულონ კიდეც ახალი ჩანაფიქრი, რაც გააჟღერა კაია კალასმა, რომ კონკრეტული ჯგუფები დასანქცირდებიანო. ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, დეპუტატებზე არის საუბარი. ჩვენ საქმით დავამტკიცეთ, რომ არანაირი შიში არ გვაქვს”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ ვიზებზე ახალი რეგულაციები, რომლებიც ძალაში ნოემბერში შევა, ევროკავშირს საშუალებას მისცემს, ზოგიერთი ჯგუფებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმოს.