საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2020 წლის დეკემბრის სხდომაზე ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღსრულების პროცესი შეაფასა და რუსეთის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, შუალედური რეზოლუცია მიიღო.
უწყების ცნობით, აღნიშნული მოპასუხე მთავრობის მიერ გადაწყვეტილების აღუსრულებლობის შემთხვევაში, პროცედურების დასაწყებად პირველ პროცედურულ ნაბიჯს წარმოადგენს.
„შუალედურ რეზოლუციაში ევროსაბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი სტრასბურგის სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვალდებულებებს, რომელთა მიხედვითაც, რუსეთი ვალდებულია, საქართველოს მთავრობას, როგორც მოსარჩელე მხარეს, ჩაურიცხოს 10,000,000 ევრო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც განიცადა საქართველოს, სულ ცოტა, 1,500-მა მოქალაქემ. კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ კომპენსაციის გადახდის ვადა 2019 წლის 30 აპრილს ამოიწურა და რუსეთი დღემდე არ ასრულებს სამართლიანი დაკმაყოფილების გადახდის უპირობო ვალდებულებას.
კერძოდ, წინა სხდომებისგან განსხვავებით, რუსეთის პოზიცია აღარ ყოფილა თანხის გადახდის უარყოფა და ამის ნაცვლად ჩაერთო კონსულტაციებში, რათა კომპენსაციის გადასახდელად ისარგებლოს ევროპის საბჭოს შუამავლობით. მინისტრთა კომიტეტმა ყურადღება გაამახვილა აღნიშნულ საკითხზე ევროპის საბჭოს სამდივნოს შუამავლობით მხარეთა შორის დაწყებულ კონსულტაციებზე და მკაცრად მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, შემდგომი დაყოვნების გარეშე დაასრულოს კონსულტაციები. კერძოდ, შუალედური რეზოლუციის მიხედვით, რუსეთის მთავრობამ 2021 წლის 1-ლ თებერვლამდე უნდა დაასრულოს ხსენებული კონსულტაციები კონკრეტული შედეგით. აღნიშნულ ვადაში კონკრეტული შედეგის არარსებობის შემთხვევაში, საქმის განხილვა გაიმართება უახლოეს სხდომაზე (2021 წლის მარტში) და მინისტრთა კომიტეტი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას საქმის აღსასრულებლად.
ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე მინისტრთა კომიტეტმა, რომელიც ზედამხედველობს აღნიშნული საქმის აღსრულებას, გადაწყვეტილებები 2019 წლის 23-25 სექტემბერს, 3-5 დეკემბერსა და 2020 წლის 3-5 მარტს, 1-3 სექტემბერს და 29 სექტემბერი-1 ოქტომბერს მიიღო, რითაც გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები და რუსეთს მოუწოდა კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს საქართველოსთვის დაუყოვნებლივ გადახდისკენ.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები მიმართავენ ყველა ზომას, რათა რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულებები, რის შესახებაც საზოგადოება მუდმივად ინფორმირებული იქნება“, – აღნიშნულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.