„დეფოლტის შესაძლებლობას კატეგორიულად გამოვრიცხავ“ – ვახტანგ ჭარაია 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს აფასებს

“მომავალ წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი უდიდეს წილად დამოკიდებული იქნება კოვიდინფექციის საქართველოში გავრცელებასა და მის მართვაზე”, – ამის შესახებ ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ვახტანგ ჭარაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჭარაიამ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი შეაფასა.
„მსურს, გამოვეხმაურო 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საკითხს. ბევრი არასწორი და შეცდომაში შემყვანი განცხადება გავრცელდა ბოლო პერიოდში, რომელიც გვინდა, უფრო ნათელი გავხადოთ. პირველ ყოვლისა , იმის თქმა გვსურს, რომ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ბიუჯეტი აუცილებლად უნდა დაგეგმილიყო, მაგრამ იმის ზუსტი პროგნოზირება, რომ 2021 წელი იქნება ზუსტად ისეთი, როგორიც არის ასახული ბიუჯეტის კანონპროექტში, რთულია. მაგალითისთვის, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომელიც ჩადებულია 4, 3 %-ის დონეზე, რა თქმა უნდა, გარკვეულ გაანგარიშებებს ეფუძნება, თუმცა, გვსურს, დავამატოთ, რომ შეუძლებელია, პანდემიიდან გამომდინარე, პანდემიის კონტროლის მექანიზმების ზუსტად არცოდნის გამო დღეს განსაზღვრო 4, 3 % იქნება ეკონომიკური ზრდა, 5% თუ 2 %. თუმცა, ბიუჯეტის საჭიროებებისთვის ეს მაჩვენებელი უნდა გაანგარიშებულიყო, რომელიც არის საორიენტაციო და არცთუ ისე დაბალი მაჩვენებელია აღებული, თუმცა, ამავდროულად, არცთუ ისე მაღალი.
კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამთ იმას, რომ მომავალ წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი უდიდეს წილად დამოკიდებული იქნება კოვიდინფექციის საქართველოში გავრცელებასა და მის მართვაზე იმიტომ, რომ თუ ჩვენ ვერ შევძელით ამ გამოწვევის სწორად მართვა,  მაშინ შეუძლებელი იქნება 4, 3 %-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, ხოლო წარმატებული მართვის შემთხვევაში ეს შესაძლებელია“, – განაცხადა ჭარაიამ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე საგარეო ვალების არაღება  შეიძლება, უფრო არაგონივრული გადაწყვეტილება იყოს, ვიდრე – ვალების აღება.
„რაც შეეხება ბიუჯეტის სტრუქტურას, გასათვალისწინებელია, რომ წლების განმავლობაში იმ პოზიტიურ დინამიკა, რომელიც საბიუჯეტო დეფიციტის შემცირების თვალსაზრისით იყო, ისევ საკმაოდ მაღალ დეფიციტზე გადის, რაც არ არის მიზანშეწონილი , თუმცა გამომდინარე არსებული რეალობიდან, აქ უკვე სხვა გამოსავალიც რთულად მოსაძებნია. ამ ეტაპზე იგივე საგარეო ვალების არაღება  შეიძლება, უფრო არაგონივრული გადაწყვეტილება იყოს, ვიდრე – ამ საგარეო ვალების აღება იმიტომ, რომ საგარეო ვალები საქართველოს ნამდვილად სჭირდება თავისი გამართული ფუნქციონირებისთვის. იმისთვის, რომ გამართულად შეძლოს პენსიების, ხელფასების, ინფრასტრუქტურის ხარჯების და ა.შ. გადახდა და განხორციელება. ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვიურად მხოლოდ კოვიდთან საბრძოლველად დაახლოებით 100 მილიონ ლარს ხარჯავს. ამას ემატება სხვა პროგრამებიც. შესაბამისად, საგარეო ვალის არაღებამ შესაძლოა, დაგვაზარალოს და არ მოგვცეს შესაძლებლობა, არა მხოლოდ კოვიდს ვებრძოლოთ ეფექტიანად, არამედ იმ მიმდინარე გამოწვევებსაც ვერ გავუმკლავდეთ, რომელიც ბიუჯეტს ყოველ წელს სტანდარტულად გააჩნია.
მინდა, ხაზი გავსუვა იმას, რომ საგარეო ვალების აღების მხრივ საქართველო უკვე თავის ზღვარს უახლოვდება, რომელიც გააჩნია როგორც შიდა კანონმდებლობით, ასევე სავალუტო ფონდის რეკომენდაციით, მთლიან შიდა პროდუქტთან 60 %-იან ნიშნულზე. ეს ზღვარი აუცილებლად უნდა იქნას დაცული იმისთვის, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ჩვენი საზოგადოება, სახელმწიფო თავს უფრო თამამად გრძნობდნენ, რომ ქვეყანა ზედმეტად არაა გადატვირთული ჭარბვალიანობით“, – განაცხადა ჭარაიამ.
ეკონომისტი დეფოლტის ალბათობას კატეგორიულად გამორცხავს.
„აქვე იმ განცხადებებსაც გამოვეხმაურები, რომლის თანახმადაც შესაძლოა, საქართველო დეფოლტის წინაშე იდგეს. კატეგორიულად გამოვრიცხავ მსგავს შესაძლებლობას. იმ პირობებში, რა პირობებშიც დღეს მიდის ქვეყნის ეკონომიკა, იმ პირობებში – რა მდგომაროებაც გვაქვს კოვიდთან მიმართებით, უმაღლეს დონეზე მობილიზებული საერთაშორისო მხარდაჭრის ფონზე, ფაქტობრივად, გამორიცხულია, საქართველომ ვერ შეასრულოს ვალდებულებები თავისი ინვესტორების, თავისი მსესხებლების წინაშე. მოგეხსენებათ, ყოველწლიურად საქართველო როგორც იღებს საგარეო ვალებს, ასევე ფარავს ვალების გარკვეულ ნაწილს. შესაბამისად ეს უნდა გაგრძელდეს მომდევნო წელბშიც და დეფოლტის რისკი, ფაქტობრივად, არ არსებობს.
მთლიანობაში ბიუჯეტი პასუხობს იმ ძირითად ვალდებულებებს, რაც სახელმწიფოს აქვს აღებული. კოვიდპანდემიამ საკმაოდ დიდი ზიანი მოგვაყენა და ამისთვისაც გათვალსიწინებულია საკმაოდ დიდი თანხები. შეიძლება ითქვას, რომ, ამ ბიუჯეტის მონაცემებით, საქართველოს ახლო მოამავალში რაიმე რადიკალური არ ემუქრება, რომ ვერ შეძლოს თავისი ვალდებულებების შესრულება. პირიქით, ყველა ვალდებულის შესრულება საკმაოდ კარგადაა შესაძლებელი“,  განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსია წარედგინა. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების მოცულობა 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით იზრდება 221.9 მლნ ლარით და შეადგენს 18 384.5 მლნ ლარს, საიდანაც 890 მლნ ლარზე მეტი გათვალისწინებულია ახალი კორონავირუსის პანდემიის და მისგან გამოწვეული კრიზისი საწინააღმდეგო ღონისძიებების დაფინანსებისთვის.
ამასთან, ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიისგან განსხვავებით, რომელშიც 2021 წელს ეკონომიკის ზრდა 5%-ის ფარგლებში იყო პროგნოზირებული, ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში აღნიშნულია, რომ არსებული პროგნოზების მიხედვით, 2021 წლისათვის მოსალოდნელია მშპ-ის რეალური ზრდა 4.3%-ის ფარგლებში, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში საშუალოდ 5.5%-ის ფარგლებში შენარჩუნდება.
რაც შეეხება ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებს, 2021 წლის განახლებული პროგნოზით, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ნომინალურ გამოხატულებაში 12 045.0 მლნ ლარს შეადგენს, რაც 155 მლნ ლარით ნაკლებია 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველ წარდგენასთან შედარებით. როგორც დოკუმენტშია განმარტებული, კლება განპირობებულია ანტიკრიზისული გეგმის ახალი ეტაპის ფარგლებში კერძო სექტორისათვის გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების ეფექტით.
ამასთან, 2021 წლის ბოლოსთვის „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული მთავრობის ვალი განისაზღვრება მშპ-ის 60.1%-ის ოდენობით. რაც შეეხება სახელმწიფო ვალის ზღვრულ მოცულობას, 2021 წლის ბოლოსათვის იგი განისაზღვრება 33 680.1 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის, სახელმწიფო საგარეო ვალი – 27 734.2 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალი − 5 945.8 მლნ ლარის ოდენობით. როგორც ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, მომდევნო წლებში ვალი მცირედით შემცირდება და 2024 წლისთვის მშპ-ს 57.6% პროცენტი იქნება.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები