“გადალაგდა ძალიან ბევრი პრიორიტეტი და მთავარი აქცენტი კეთდება მოსახლეობის სოციალურ დახმარებაზე, ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებასა და ბიზნესის დახმარებაზე”, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, შემცირებულია ისეთი პროგრამები, რომელთა განხორციელებაც 2021 წელს აღარ არის აქტუალური, ვინაიდან ბევრი საერთაშორისო ღონისძიება ტურიზმთან იყო დაკავშირებული.
„ანტიპანდემიური ღონისძიებების საერთო ღირებულება 1,4 მლრდ ლარს აჭარბებს, რაც 2020-2021 წლებში განხორციელდება. ძალიან მნიშვნელოვანი პაკეტია მოსახლეობის მხარდაჭერის თვალსაზრისით. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის მიუხედავად ყველა ჩვენი ვალდებულება შევასრულეთ, იქნება ეს გაზრდილი ხელფასები ჯარისა და პოლიციისთვის, პენსიის ინდექსაცია თუ მასწავლებელთა გაზრდილი ხელფასები. შემცირებულია ისეთი პროგრამები, რომელთა განხორციელებაც 2021 წელს აღარ არის აქტუალური, ვინაიდან ბევრი საერთაშორისო ღონისძიება ტურიზმთან იყო დაკავშირებული და, შესაბამისად, გადაიწევს დროში. მიუხედავად ამისა, მაინც მაღალ ნიშნულზე რჩება კაპიტალური ხარჯები ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ვაგრძელებთ გზების მშენებლობას, ელექტროხაზების მშენებლობას, გაზიფიკაციის პროგრამას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით, განსაკუთრებით – რეგიონებში“, – განაცხადა თურნავამ.