ზაალ უდუმაშვილი: საქართველომ უნდა გამოიყენოს მომენტი, რათა მეტად დააახლოოს ურთიერთობები ნატო-სთან

“საქართველომ უნდა გამოიყენოს მომენტი, რათა თავისი ურთიერთობები ნატო-სთან კიდევ უფრო მეტად დააახლოოს”, – ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადება.

მისივე თქმით, თითოეული განცხადება, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან საქართველის მისამართით კეთდება, ძალიან მნიშვნელოვანია.

„რეგიონში შექმნილი ამ ვითარების გამო, როდესაც ჩვენს რეგიონში ძალიან არასტაბილური ვითარებაა, რა თქმა უნდა, საქართველო იქნება ყურადღების ცენტრში და, რა თქმა უნდა, საქართველომ უნდა გამოიყენოს ეს მომენტი, რათა კიდევ უფრო მეტად დაახლოოს თავისი ურთიერთობები ნატო-სთან. ეს პირდაპირ არის დამოკიდებული ხელისუფლებაზე, რა ნაბიჯებს გადადგამს. ჩვენი მთელი ამ რვა წლის განმავლობაში ვუყურებთ, რომ ხელისუფლება ძალიან პასიურია ნატო-სთან ურთიერთობაში და ეს მომენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი დღეს, რომ ქვეყანამ გამოიყენოს, თუმცა, მე არ მაქვს ამის იმედი, რომ სათანადოდ იქნება შეფასებული საქართველოს ხელისუფების მხრიდან ის რეალური შანსი, რომელიც დღეს აქვს ქვეყანას“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ალიანსი აძლიერებს საქართველოს პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები