შალვა პაპუაშვილი: ელჩები არიან და მათ გულწრფელობაში ეპარებათ ეჭვი – ვხედავთ, რომ ოპონენტები სხვადასხვა ჯგუფს ამოიღებენ მიზანში და მათზე შეტევა მიდის

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ხელისუფლების ოპონენტები უტევენ ყველა იმ ადამიანს, ვინც მათ პოზიციას არ ეთანხმება.

შალვა პაპუაშვილი საქართველოში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

„სამწუხაროდ, ჩვენმა ოპონენტებმა გამოყვეს კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც მათი შეტევის მიზანი გახდა. ამ შემთხვევაში, ელჩები არიან და მათ გულწრფელობაში ეპარებათ ეჭვი. ვხედავთ, რომ სხვადასხვა ჯგუფს ამოიღებენ მიზანში, მიდის მათზე შეტევა, ყველაზე, ვინც არ ეთანხმება მათ პოზიციას. ამ არჩევნებიდან ერთი თვის განმავლობაში დავინახეთ, რომ დედამიწის ზურგზე ვერ ნახეს ვერც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, ვერც ერთი სადამკვირვებლო მისია, ვინც მათ პოზიციას გაიზიარებდა, ეს ნამდვილად ფაქტია.

ნახეთ, ეუთო/ოდირის ხემძღვანელის მიმართ როგორი შეტევა განხორციელდა, რადგან მათ პოზიციას არ იზიარებდა, ნახეთ როგორი შეტევა ხორციელდებოდა სხვადასხვა პოლიტიკოსი თუ რამეს გამოთქვამდა. ახლა ვნახეთ ელჩების მიმართ. მემგონი, ყველამ უნდა გავაკეთოთ დასკვნა, როდესაც ყველა მტყუანია და მარტო ისინი არიან მართალი, აქ უნდა დავფიქრდეთ, იქნებ, პირიქით არის საქმე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას განცხადებით, შემთხვევითი არ არის ის, რომ მისი და რამდენიმე ადამიანის სასამართლო პროცესები განაახლეს. ნიკა მელიას შეფასებით, ეს არის ვაჭრობის პროცესის გახსნა, რაც ხდება იმ ფონზე, როცა ელჩების ჩართულობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ნიკა მელია ამბობს, რომ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ელჩების პოზიციას ელოდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები