“გრიპის ვაქცინის 10 ათასი დოზა აფხაზეთს გადავეცით” – ამირან გამყრელიძე
“გრიპის ვაქცინის 160 ათასი დოზა დახარჯულია, 10 ათასი დოზა აფხაზეთს გადავეცით”, – ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გაავრცელა.
გამყრელიძის თქმით, გრიპის ვაქცინაციაზე მიმართვიანობა მაღალი არ არის. მისივე განცხადებით, რისკ-ჯგუფებში შეყვანილი არიან მასწავლებლები და აცრა მათაც შეუძლიათ.
„ჩვენ 235 ათასი გრიპის ვაქცინა შევისყიდეთ, თუმცა, იგი გაცილებით მეტი იყო, რადგან კერძო სექტორს 60-70 ათასი დოზა ჰქონდა შესყიდული. 160 ათასი დოზა დახარჯულია. 10 ათასი დოზა აფხაზეთს გადავეცით. ასევე, აიცრა ჯარი და რისკ ჯგუფები. მოიხსნა შეზღუდვა, რომელიც 65-წლიან ასაკთან დაკავშირებით იყო და ყველას შეუძლია, აიცრას.
სამწუხაროდ, მიმართვიანობა მაღალი არ არის, მით უფრო, რომ არის ვაქცინის ხელმისაწვდომობა. არცერთ წელიწადს გრიპის ამდენი ვაქცინა არ გვქონია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.