ირაკლი კაკაბაძე: კარვების გაშლა თბილისსა და ბათუმში ბიოტერორიზმია

ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე, ძალადობრივ მოწოდებებსა და ოპოზიციის გადაწყვეტილებაზე – დატოვოს საპარლამენტო მანდატები, ,,კვირა“ მაჰათმა განდის ფონდის დამფუძნებელს, პუბლიცისტ ირაკლი კაკაბაძეს ესაუბრა:

-31 ოქტომბრის შემდეგ ბევრი საპროტესტო დემონსტრაცია ვიხილეთ. ოპოზიცია ჯიუტად აცხადებს, რომ პარლამენტში არ შევა…

-რას აპროტესტებს დღეს ქართული ოპოზიცია? მე უფრო ნეოლიბერალი ვარ, ვიდრე – შენო, ეუბნება ხელისუფლებას. თუ არ შეგვიშვებთ პარლამენტში უმრავლესობით, დავჩეხავ შენს პოლიციელებს, მოვაწყობთ მასობრივ არეულობასო და ამას აზიარებენ საკუთარ “ფეისბუქგვერდებზე”. დღეს უკვე დასამალი აღარავისთვისაა, რა ფული დაიხარჯა არჩევნებში, რა წარმომავლობისაა ეს თანხები და, ოპოზიციისვე განცხადებით, კიდევ რას აპირებენ მასობრივი არეულობის გზით ხელისუფლებაში მოსასვლელად. ეს დესტრუქციული ჯგუფი, რომელსაც ძნელია, უწოდო პოლიტიკური ოპოზიცია, გადასულია ბიოტერორზე, რომელიც ავრცელებს მომაკვდინებელ დაავადებას.

-ოპოზიციის ბიოტერორისტობა რაში გამოიხატება?

-როდესაც პოტენციურად ინფიცირებული ხარ, ინფიცირებულთან გაქვს კონტაქტი, მიუხედავად ამისა, ხალხმრავალ შეკრებებს აწყობ ქვეყანაში, სადაც ასეთი შეკრებები აკრძალულია, შენ ხარ ბიოტერორისტული ჯგუფი. საკუთარ მიტინგებსა და თავყრილობებზე ავრცელებენ დაავადებას, რომელიც ბავშვს, მოხუცს, დიდს, პატარას – ყველას მომაკვდინებელი დაავადებით ემუქრება. თუ ამდენი შეგნება არ აქვთ ან შეგნებულად მიდიან ბიოტერორზე, სახელმწიფომ მათი ქმედება უნდა აღკვეთოს. ნახეთ, რა ხდება ბათუმში: გამოდის ვიღაც ახირებული და ითხოვს, გინდა თუ არა, მთავრობაში მე უნდა მოვიდე და ხელისუფლება გადადგესო.

-ბათუმშიც და თბილისშიც ოპოზიცია გაყალბებას აპროტესტებს…

-არჩევნების გაყალბებას 1992 წლიდან, ზუსტად მას შემდეგ, რაც ზვიად გამსახურდია აღარ იყო საქართველოს პრეზიდენტი, ყველა ოპოზიციური პარტია აპროტესტებდა. რაღა მაინცდამაინც დღეს აიჩემეს ეს გაყალბება, სხვა დროს ფრთიანი ანგელოზები ატარებდნენ არჩევნებს? რატომღაც, 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ოპოზიციას ჰქონდა მოლოდინი, რომ ივანიშვილი მათ გადააბარებდა ხელისუფლებას, თუმცა, ეს გადაბარება არ შედგა, ყველა ერთბაშად გაბრაზდა ივანიშვილზე და ახლა ცდილობენ მთავრობის გადაგდებას. ყველაფერს ვიღონებთ, რათა პარლამენტში მოვიდეთ, როგორც მთავრობაო! ჩვენ რა დავაშავეთ? ჩვენ, საქართველოს არაანგაჟირებულმა, უპარტიო მოქალაქეებმა, რომლებსაც გვაქვს საკუთრი საქმე? თანაც მაშინ, როდესაც მთელს მსოფლიოში, ფაქტობრივად, ჭირია მოდებული, ესენი ყოველდღიურად არღვევენ კანონს და ამაყად გვეუბნებიან, რომ ვართ მკვლელები, მაგრამ მაინც ჩვენ უნდა ვიყოთ მთავრობაო? მინდა, ვკითხო ამ ადამიანებს: ხალხო, სინდისი თუ გაქვთ? ბათუმის მიტინგზე რაც ვნახე, აქტივისტები ერთმანეთზე იწვნენ. ვერ ხედავთ, რომ ეს ინფექცია კლავს? გუშინ 19 წლის გოგონა გარდაიცვალა, სინდისი არ გაქვთ?

-ხელისუფლება როგორ უნდა მოიქცეს?

-ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ოპოზიცია ყოველ დღე რომ არღვევს კანონს. დემოკრატიობანას თამაში არც ზაფხულში შეიძლებოდა, როდესაც კონცერტებს მართავდნენ და არც ახლა შეიძლება ამათი უნიჭო პერფორმანს-კონცერტების ყურება, რომელიც სრულიად აღმაშფოთებელი და ზღვარგადასულია. უნდოდათ არჩევნები? მიიღეს შედეგები! დაგვანებონ, რა, თავი… მე რომ მკითხოთ, არჩევნები მართლაც გაყალბდა, თორემ როგორ შეიძლებოდა, ,,ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც ოფიციალურად 300 000 ადამიანი ჰყავს ნაწამები, ამომრჩევლის ხმების 27% მიეღო? მიუხედავად ამისა, დღეს ისევ მეუბნებიან, რომ ხელმეორედ უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა, რათა კიდევ მეტი რეპრესია ჩაატარონ, მაგრამ ვიდრე მოვლენ ინფექციით უნდა დაგვხოცონ! ყველა ზღვარს გადასული უზნეო ქცევაა, არ მეთანხმებით? ასეთ ადამიანებს ჩემი ქვეყნის მომავალი როგორ უნდა ვანდო, როდესაც დღესვე, როცა მთავრობაში არ არიან, არ უფრთხილდებიან ადამიანების სიცოცხლეს, როდესაც დანამდვილებით იციან, რომ ხალხი დაიხოცებიან? გუშინ რომ მოგვიწოდებდა ვიღაც მანიაკი, გამოვიდეთ და პოლიციელს თავი გავუჩეჩქვოთო, ეს იყო პირდაპირ ძალადობრივი მოწოდება არა მოლოდ პოლიციელის, ნებისმიერი მოქალაქის წინააღმდეგ. ხომ ხედავთ, რომ ისედაც ყოველდღიურად ძალადობენ ადამიანებზე უარესი ფორმით, როდესაც მომაკვდინებელ ინფექციას დაუნდობლად ავრცელებენ?

-როგორ მოიქცეოდა ასეთ ვითარებაში თუნდაც ყველაზე დემოკრატიული ქვეყნის, ამერიკის ხელისუფლება?

-რას ამბობთ? თეთრი სახლის სიახლოვეს ვინ მიაკარებს ასეთ მანიაკებს? 12-14 დეკემბერს ამერიკაში დაგეგმილია ტრამპის მომხრეების დემონსტრაცია, თუმცა, შენობასთან მიახლოებას ისედაც ვერავინ გაბედავს. შესაძლოა, დემონასტრანტები ლოკალურად ჩაკეტონ ერთ ადგილას, მართალია – ისინიც დაწამლავენ ერთანეთს, თუმცა, ამერიკაშიც მომიტინგეების დანაშაული იქნება აქციის ორგანიზება. ყველგან, მთელს მსოფლიოში მასობრივი ღონისძიებები და შეკრებები მკაცრად ისჯება. ხალხმა ეს მოწოდება შეიგნო სინგაპურში, ვიეტნამში, ტაივანში და ინფექციის გავრცელება მინიმუმამდე შეზღუდეს, ჩვენ რით ვერ შევიგნეთ ვერაფერი? პატარა ერი ვართ და გაგვჟლეტს ვირუსი, ჭირია, ხალხო, შევიგნოთ ეს! ახლა უნდა დავდგეთ და ვუყუროთ ვიღაცის კონცერტებს იმიტომ, რომ სააკაშვილი ჩამოვიდეს და თვითონ წამოსკუპდნენ სკამებზე? თანაც კონცერტსაც ხომ გააჩნია? ლუჩიანო პავაროტი რომ მართავდეს კონცერტს, იმხელა ზნეობის კაცი იყო, მარტო დადგებოდა და იმღერებდა, მაყურებელს საფრთხეს არ შეუქმნიდა. ამათ ჯიკაობაში, ფაქტობრივად, მონაწილეობას იღებს 100 კაცი, ისინი ბრუნდებიან სახლებში, ინფექციას გადასდებენ საკუთარი ოჯახის წევრებს, მერე მეზობლებთან გადავლენ, სამსახურებში წავლენ და ხდება საშინელება… ხელისუფლებას უფრო მკაცრი ხელის გამოღება მართებს, არ შეიძლება ხალხის შეკრების დაშვება არცერთი მიზეზით: არც კონცერტზე, არც ქორწილებსა და ქელეხებში. კარვების გაშლა თბილისსა და ბათუმში დანაშაულია და მას ბიოტერორიზმი ჰქვია. თუ მე 100-კაციან შეკრებას ვაწყობ, დამნაშავე ვარ და მთავრობა ვალდებულია, დამსაჯოს ამისათვის, ჩამსვას ციხეში, თუ საჭირო გახდა. ჯარიმაც კი აღარაა საკმარისი ამ ზღვარგადასული ქმედების ასალაგმად. ნიჭიერი პოლიტიკოსი თუ ხარ და ხალხს გინდა, ხმა იაწვდინო, ამას ინდივიდურადაც მშვენივრად მოახერებ.

-როგორ ფიქრობთ, თუ მოლაპარაკებათა მესამე რაუნდზეც ოპოზიციამ უარი განაცხადა პარლამენტში შესვლაზე, პოლიტიკური კრიზისი შეიქმნება?

-დააკვირდით, ამერიკაშიც მსგავსი კრიზისის ნიშნებია. მოქმედი პრეზიდენტი არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და ამბობს, რომ არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ვერც ტრამპი და ვერც ქართული ოპოზიცია ვერაფერს ამტკიცებს. მე რომ მკითხო, არ უნდათ და ნუ უნდათ პარლამენტში შესვლა, ისედაც საკმარისი რაოდენობის დეპუტატები არიან იქ, რომ პარლამენტმა შეძლოს მუშაობის დაწყება. სულ არ მაინტერესებს, რამდენი კაცი იქნება პარლამენტში. ორი შვილი მეზრდება ამ ქვეყანაში, სხვაგან სად უნდა წავიდეთ? მთელი მსოფლიო ინფექციით იწვის და ახლა რატომ უნდა მაინტერესებდეს, ვინ შევა პარლამენტში და ვინ – არა? მთავრობათა როტაცია წელიწადში ერთხელ რომ იყოს საქართველოში, ისე – როგორც შვეიცარიაშია, დაისვენებს ყველა. პარლამენტის წარმომადგნლობითი სისტემა მოძველებული მგონია. ვიღაც პოლიტიკოსმა, რომელსაც პროფესიაც კი არ აქვს, როგორ უნდა გამოხატო საკანონმდებლო ორგანოში ჩემი ინტერესი? მაგრამ თუ მაინც პარლამენტარობა უნდათ, პასუხისმგებლობაც უნდა აიღონ და ბიუჯეტი მიიღონ, რომ ადამიანებმა ცხოვრების გაგრძელება შეძლონ. პარლამენტი თუ ვერ შეიკრიბა და არ შეიკრიბა, მაშინ ამომრჩეველი ვერც პენსიებსა და ხელფასებს, ვერც დამარებას მიიღებს. ამიტომ, ყველა მაქსიმალური პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ამ საკითხს. არ შევა ოპოზიცია? ნუ შევა, მთავარია, პარლამენტმა იმუშაოს. როდის იყო ,,ნაციონალური მოძრაობა“ თავისუფლებისთვის იბრძოდა? მათი მთავარი მიზანია, ხელისუფლება მოიპოვონ და ტერორში ამყოფონ დანარჩენი მოსახლეობა. დათვლილები გვყავართო, ხომ გახსოვთ? არ მინდა მე ეგეთი ხელისუფლება!

ია დანელია

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები