პოლიციამ კლდიაშვილის ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.ქ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანებები მიაყენა 2004 წელს დაბადებულ კ.ჩ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

“არასრულწლოვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია. ამ დროისთვის, მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები ამავე სისხლის სამართლის საქმესთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოკვეთისა და დაკავების მიზნით. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული თავისუფლების  4-დან 7 წლამდე ვადით  აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები