აფხაზებს ხურმა უფუჭდებათ – მოსავლის 40%-ის რეალიზებას ვერ ახერხებენ
გუდაუთის რაიონის ე.წ. სოფლის სამმართველოს ხელმძღვანლის, იური კვარაცხელიას თქმით, ხურმის მოსავლის 40%-ის რეალიზება ვერ ხერხდება.
მისი თქმით, ამის მიზეზი გახდა ის სირთულეები, რომლებსაც აფხაზი გლეხები რუსეთთან ე.წ. საზღვარზე აწყდებიან, ტვირთის გადატანის ახალი წესების გამო.
“არავის უნდა ხურმა. მეც შევაგროვე მოსავალი, ყუთებში ჩავალაგე და კლიენტს ხუთი დღის მანძილზე ველოდი, მაგრამ ის სადღაც გაქრა. ყველაფერი ფუჭდება. ამის ერთადერთი მიზეზი საზღვარზე მუშაობაა”, – თქვა მან.
კვარაცხელიას თქმით, წელს ხურმის მოსავალმა 5 ტონა შეადგინა, ხარისხიც ნორმალურია, გასული წლის სეზონზეც დაახლოებით იგივე რაოდენობის მოსავალი იყო.
ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას ექსპორტის პრობლემა ოქტომბრიდან შეექმნათ – მას შემდეგ, რაც სოჭის საბაჟო პუნქტი კრასნოდარს მიუერთეს.
ევრაზიული ეკონომკური კავშირის გადაწყვეტილების თანახმად, აფხაზეთიდან რუსეთში ერთ ადამიანს დეკლარაციის გაფორმების გარეშე სოფლის მეურნეობის მხოლოდ 25 კილოგრამის გადატანა შეუძლია. ამასთან, აუცილებელია, რომ მას გააჩნდეს ხარისხის სერტიფიკატი, რომელსაც ოკუპირებულ;ი აფხაზეთის ე.წ.სანიტარული სამსახური ე.წ.საზღვარზე გასცემს.