რა მოხდება მაშინ, თუ ოპოზიცია და პოზიცია, მიუხედავად უცხოელი დიპლომატების მცდელობისა, პარლამენტში მაინც არ შევლენ და ქუჩაში აღმოჩნდებიან. რა მაგალითები გვაქვს უახლესი 30-წლიანი ისტორიიდან. ამ თემაზე სასაუბროდ ,,კვირა“ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს გერმანიაში, ისტორიის დოქტორსა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილს, კონსტანტინე გამსახურდიას ბერლინში დაუკავშირდა:
-ბატონო კონსტანტინე, კომუნისტების შემდეგ თუ გახსენდებათ ქართული ოპოზიციის მსგავსი დესტრუქციული ქმედება უკანასკნელი 30 წლის მანძილზე?
-როგორც ჰეგელი იტყოდა, ხალხებმა ბევრი ვერაფერი ისწავლეს საკუთარი ისტორიიდან. როგორც ჩანს, ასეა საქართველოს შემთხვევაშიც. კრიზისები პოლიტიკაში იქმნება იმიტომ, რომ მხარეები ვერ იჩენენ პოლიტიკურ სიმწიფესა და მაღალ სამოქალაქო ცნობიერებას. შესაძლოა, თბილისის ქუჩებში არ ხდება ისეთი ხელჩართული შეჯახებები პოზიციასა და ოპოზიციას შორის, როგორიც – ევროპაში, თუნდაც, პარიზში ხდება ხოლმე, მაგრამ ფაქტია, ოპოზიცია ქვეყანას ერთპარტიული საკანონმდებლო ორგანოსთვის სწირავს. ჩვენი მეგობრები, უცხოელი დიპლომატები ერთგვარ მედიაციას ეწევიან 31 ოქტომბრის შემდეგ. მოგეხსენებათ, ევროპის ქვეყნებს უდიდესი გამოცდილება აქვთ პოლიტიკური კრიზისებიდან ქვეყნების გამოყვანისა. იქაც არის შემთხვევები, როდესაც პოლიტიკაში მხარეები სამკვდრო-სასიცოცლოდ უპირისპირდებიან ერთანეთა, თუმცა, გვაქვს მაგალითები, როდესაც მოსისხლე მტრებიც კი შერიგებულან და არა იმიტომ, რომ მათ მოულოდნელად ერთმანეთი შეუყვარდათ ან პოზიციები დათმეს. მათ აქვთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რომ ქვეყანა გამოუვალ ჩიში არ შეიყვანონ. ამის შედეგად, ჩვენ არაერთხელ გვიხილავს, როდესაც ცეცხლი და წყალი, ძაღლი და კატა გაერთიანებულან სამთავრობო კოალიციაში, რისი მაგალითიცაა გერმანიისა და საფრანგეთის უკანასკნელი 20 წლის ისტორია. რაზეც ქართველობა დღეს დანამდვილებით უნდა შეთანხმდეს, არის ის, რომ სამოქალაქო დაპირისპირება არის კოშმარი და სასიკვდილო განაჩენი როგორც ქვეყნისთვის, ისე – სახელმწიფოსთვის. ვინც ამას ვერ გაიგებს, 1000-ჯერ გავუმეოროთ.
-31 ოქტომბრამდეც ქართული ოპოზიცია აცხადებდა, რომ მისთვის მიუღებელი იქნებოდა ნებისმიერი შედეგი, გარდა – გამარჯვებისა. ფაქტობრივად, ისინი ითხოვენ საპარლამენტო მანდატთა იმ რაოდენობას, რომელიც არჩევნების შედეგად ვერ მიიღეს?
-საარჩევნო პროცესს შორიდან ვაკვირდებოდი და არც პოლიტიკურ პროცესებში ვიყავი ჩართული. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გვეკრძალება პოლიტიკური კომენტარები. ვწუხვარ, როგორც ყველა ქართველი, რომ ამ დრომდე ვერ ხერხდება პოზიციების შეჯერება. აუცილებელია, მხარეებმა გამონახონ საერთო ენა თუნდაც ჩვენი სამშობლოს სახელით, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. მხარეებს შევახსენებ 1991 წლის 20-22 დეკემბერს, როდესაც ბოლო დელეგაცია გავიდა მთავრობის სასახლიდან პუტჩისტებისკენ. მათ შეიარაღებულ ოპოზიციას წაუღეს შეთავაზებათა პაკეტი: ვადამდელი არჩევნები მას შემდეგ, რაც დასრულდება ქვეყნის საერთაშორისო აღიარების პროცესი, რომელიც უკვე დაწყებული იყო. მანამდე კოალიციის ფორმატში შეიარაღებულ ოპოზიციას რამდენიმე სამთავრობო პორთველსაც სთავაზობდნენ, ასევე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მონაწილეობას. ამ ფაქტის მოწმეები იყვნენ ბიმურზა დადეშქელიანი-აფრასიძე, უზენაესი საბჭოს დეპუტატი, აღნიშნული დელეგაციის წევრი და თეიმურაზ ქორიძე, კულტურის მუმივმოქმედი საპარლამენტო კოისიის თავმჯდომარე, რომელმაც პირდაპირ მიმართა თენგიზ სიგუას. მან ყოველივე, ცხადია, უკვე იცოდა. სიგუამ კარგა ხანს აცდევინა დელეგაციას და ბოლოს შეუთვალა: ყველაფერი უკვე დაგვიანებულიაო. კი მაგრამ, რატომ იყო დაგვიანებული? ან რატომ მოხდა ასე? იმიტომ, რომ სიგუა და მისი დამქაშები დამოუკიდებლად არ მოქმედებდნენ. მას, ვინც მათ უკან იდგა, განაჩენი ახლადფეხადგმული ქართული სახელმიწფოსთვის უკვე გამოტანილი ჰქონდა.
-ვინ იცის, როგორ შეიცვლებოდა საქართველოს ისტორია, 1991 წელს პოზიციასა და ოპოზიციას შორის მორიება რომ შემდგარიყო. დღეს როგორ უნდა მოიქცნენ მხარეები მსგავსი ისტორიული ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად?
-ბევრისგან მესმის – ახლა ბურთი სახელმწიფოს მოედანზეაო. არა, ბატონებო, ბურთი დღეს საქართველოს მოედანზეა, როგორც პოზიციის, ისე – ოპპოზიციის მოედანზე და მხარეები ვალდებულები არიან, სიფხიზლე და პატრიოტიზმი გამოიჩინონ. მორიგება უნდა მოდეს, სხვა გზა არ არის. ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა მოლაპარაკებათა პროცესში მძიმე მისია იტვირთეს, რომელიც ლოგიკური შედეგით უნდა დაგვირგვინდეს. ბოლოს და ბოლოს, ერთი ქვეყანა გვაქვს და ორივე მხარეს ეს კარგად უნდა ახსოვდეს.
-ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში შეკრებილმა ოპოზიციამ ჩვეულებრივ დაფაზე მარკერით ხელი მოაწერა დათქმას, რომ არავითარ შემთხვევაში არ შევიდოდა პარლამენტში. ახლა აცადებენ, რომ ისინი ამ დათქმის ერთგულნი რჩებიან, რადგან ვინც დაფაზე ხელმოწერილ შეთანმებას დაარღვევს, ის მოღალატედ ჩაითვლება…
-მძიმე სანახავია ეს ყველაფერი… ევროპელი დიპლომატები. ვერაფრით გაიგებენ, რას ნიშნავს დაფაზე მარკერით შესრულებული ხელმოწერის ერთგულება, ეს ინფორმაცია პირდაპირ რომ ვუთარგმნოთ ევროპელ პარლამენტარებს, მათში მხოლოდ შოკსა და გაოცებას გამოვიწვევთ. სწორება უნდა გავაკეთოთ ეროვნულ ფასეულობებზე და არა – სუბკულტურასა თუ ქუჩაზე. არ შეიძლება, საქართველო კიდევ ერთხელ გაიწიროს, მხარეებს დღესაც ჰქონდეთ ფორმულა: ,,ყველას მინუს ერთი.“ ეს დამღუპველია ნებისმიერი ქვეყნის დიპლომატიისთვის. იმედი მინდა, ვიქონიო, რომ მომავალი მოლაპარაკებებისთვის სამარქაფო წინადადებები აქვს როგორც ერთ, ისე – მეორე მხარეს.
ია დანელია