ნიკოლოზ სამხარაძე: ულტიმატუმების შესრულებას „ქართული ოცნება“ არ აპირებს, რაც შეეხება კომპრომისს, ამისთვის მზაობა არის
„ქართული ოცნება“ მიმართულია, რომ შეთანხმება შედგეს და ეს შეთანხმება წაადგება მთელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მესამე რაუნდის თარიღი ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა, სავარაუდოდ, შეხვედრა ამ კვირაში შედგება.
„დარწმუნებული ვარ, ეს მოლაპარაკებები საკმაოდ წარმატებით დასრულდება იქედან გამომდინარე, რა განწყობასაც ჩვენ ვხედავთ, როგორც მეგობარი ქვეყნების ელჩების წარმომადგენლებისგან, ასევე, ჩვენი გუნდიდან და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლისგან. შეხვედრა იგეგმება და ზუსტად იმისთვის, რომ შეხვედრა შეხვედრისთვის არ მოხდეს. ეს შეხვედრა იქნება და პოზიტიური შედეგებით დასრულდება. „ქართული ოცნება“ მიმართულია, რომ შეთანხმება შედგეს და ეს შეთანხმება წაადგება მთელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. ოპონენტები რატომ ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ არ არის მზად, არ ვიცი. თუ იმ ულტიმატუმებს გულისხმობენ, რომელიც დააყენეს, ულტიმატუმების შესრულებას „ქართული ოცნება“ არ აპირებს. რაც შეეხება კომპრომისს, ამისთვის მზაობა არის და ყველამ უნდა გადმოდგას ნაბიჯი. მოლაპარაკებებში ზოგადი წინსვლა არის. ის, რომ საჯაროდ არ ცხადდება მოლაპარაკების დეტალები, ეს არის მოლაპარაკების შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად, არის რამდენიმე საკითხი რომელზეც მიმდინარეობს მსჯელობა“, – განაცხადა სამხარაძემ.