მარინა მუსხელიშვილი: საქართველოს მოსახლეობის იმედები და პერსპექტივები არჩევნების შედეგებთან არ არის დაკავშირებული

პარტია, რომლის დაფინანსებაც არავის სურს, თავისი იდეებით, საერთოდ გაქრება ქვეყნის პოლიტიკური ასპარეზიდან.

საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ პარტიათა ალტერნატიულ, არასაბიუჯეტო დაფინანსებაზე, ქუჩაში მდგომ ოპოზიციასა და მომავალ ქართულ პარლამენტზე ,,კვირა“ ,,სოციალ-დემოკრატიული“ პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, პროფესორ მარინა მუსხელიშვილს ესაუბრა:

-,,სახელმწიფო ჩემი ჯიბიდან ამოღებულ ფულს აძლევს პარტიებს. დემოკრატიასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს. ვაპროტესტებ!“, -წერდით საკუთარ “ფეისბუქგვერდზე”. თუ სახელმწიფო ბიუჯეტი პოლიტიკურ პარტიებს არ დააფინანსებს, როგორ შეძლებენ არსებობას პატარა და ღარიბი პარტიები?

-დღეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას აქვს განცდა: ,,გაგვიწყალეს გული ამ პარტიებმა, რისთვის ვიხდით ფულს?“ ამ საყოველთაო ნეგატიური განწყობის ფონზე საკითხავია, რამდენად უღირს ამომრჩეველს დიდი თუ პატარა პარტიების დაფინანსება საერთოდ? იქნებ, გადასახადის გადამხდელს სრულიად სხვა ორგანიზაციებისა თუ ღონისძიებების დაფინანსება უნდათ მიზნობრივად, მაგალითად, ეკლესიის? ჰკითხა მათ ვინმემ, რაში სურთ, დახარჯონ ფული, რომელსაც ისინი ყოველთვიურად ბიუჯეტში იხდიან?

-როგორ ფინანსდებიან დემოკრატიული ქვეყნების პარტიები, მაგალითად, ევროპაში?

– 21-ე საუკუნეში საარსებოდ პოლიტიკურ ორგანიზაციებს საკმაოდ დიდი ფინანსები სჭირდებათ. როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში, პარტიებს სიმბოლურად ბიუჯეტიც აფინანსებს, თუმცა, მთავარი მაინც საწევრო გადასახადები და ბიზნესმენთა მსხვილი შემოწირულობებია. დონაციური, საკმაოდ მსხვილი თანხები პარტიათა დაფინანსების ძირითადი წყაროა. ბიზნესმენთა შეწირული თანხები პოლიტიკური ორგანიზაციებისთვის უფრო დემოკრატიულია, ვიდრე – საბიუჯეტო დაფინანსება. ფაქტობრივად, გადასახადების გადამხდელი ფულს უხდის ისეთ პარტიას, რომლის შეხედულებებსაც საერთოდ არ ეთანმება. თუ პარტიას არ აქვს ისეთი იდეები, რომელთაც იზიარებენ ადამიანები ან მსხვილი დამფინანსებლები, ის, საკუთარი იდეებიანად, საერთოდ გაქრება ქვეყნის ცხოვრებიდან.

-ხელისუფლების შიშით შეიძლება, ბიზნესმენებს გაუჭირდეთ პარტიათა ღია დაფინნსება?

-ფაქტია, რომ დღეს საქართველოში ისეთი ახლადშექმნილი პარტიები არსებობენ, რომლებსაც საერთოდ არ მიუღიათ საბიუჯეტო დაფინანსება. მათ ბიზნესი საკმაოდ სოლიდურად აფინანსებს. თუმცა, პარტიათა უმრავლესობა საქართველოში პოლიტიკურ-ეკონომიკურ კვეთაზე არსებობს, მათი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები თანხვედრაშია და ხშირად არჩევნებში მონაწილეობა ამ ორგანიზაციათა ბიზნესგეგმაა.

-2020 წლის არჩევნებში ბევრმა პარტიამ უპრეცედენტოდ დიდი თანხა დახარჯა…

-მომავალ არჩევნებში მთავარ საკითხად უნდა იქცეს არჩევნების პროცესში დახარჯული თანხების ზედა ზღვრის დაწესება, თორემ აღმოჩნდება, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს ის პარტია, რომელსაც მეტი ფული აქვს და არავის დააინტერესებს მათი პოლიტიკური პლატფორმა. აუცილებლად ლიმიტირებული უნდა იყოს თითოეული პარტიის სარეკლამოდ დახარჯული ფული. მოისპოს ფასიანი სატელევიზიო რეკლამა და ყველა პარტიას ჰქონდეს უფასო სარეკლამო დრო ელექტორატთან ურთიერთობისთვის. ასე უფრო დემოკრატიული გახდება ჩვენი არჩვნები. ამომრჩეველი ხმას მისცემს არა ფულს, არამედ – პოლიტიკურ შეხედულებებს.

-2020 წლის არჩევნების შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა შექმნეს ერთგვარი პოლიტიკური ჩიხი, როდესაც უარი განაცხადეს პარლამენტში შესვლაზე.

-ჩვენც ვაცხადებთ, რომ არჩევნები გაყალბდა და გაყალბდა სწორედ ჩვენნაირი პატარა პარტიების ხარჯზე, რომელთა ხმებიც ოპოზიციამ და პოზიციამ სათავისოდ გადაინაწილეს. დღეს ვხედავთ, რომ პოლიტიურ კრიზისს ოპოზიციის შესვლა-არშესვლა პარლამენტში ვერ განაპირობებს. სიტუაციიდან გამოსასვლელად ქვეყანამ სულ სხვა გზები უნდა ეძებოს. შეიძლება, ეს გზა უფრო ხანგრძლივი იყოს, მაგრამ იქნება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ქვეყნისთვის.

-რა ცვლილებებს გულისხმობთ?

-ადამიანთა თავებში უნდა შეიცვალოს რაღაც. ქვეყნის მოსახლეობის იმედები და პერსპექტივები არჩევნების შედეგებთან არ არის დაკავშირებული. დღეს ქართული ოპოზიცია შევა თუ არ შევა პარლამენტში, არსებითი სულაც არ არის. მსოფლიო სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე დგას. თავიდან უნდა გადაფასდეს ყველაფერი, კარგად უნდა გავიაზროთ, რომ აღარასდროს იქნება ისე, როგორც ადრე.

ია დანელია

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები