ნათია თურნავა: არანაირი პრობლემა ჟანგბადის მომარაგების კუთხით არ შეიქმნება
“არანაირი პრობლემა ჟანგბადის მომარაგების კუთხით არ შეიქმნება”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსა და პრემიერმინისტრის დავალებით, ეკონომიკის სამინისტრო ჩაერთო საქართველოში სამედიცინო ჟანგბადის წარმოების სიმძლავრეების გაზრდის ხელშეწყობასა და მარაგების შევსებაში.
„კერძოდ, დღეში 80 ტონას აჭარბებს სამედიცინო ჟანგბადის მოხმარება, რაც სამჯერ და მეტად აღემატება იმ მაჩვენებელს, რაც ჩვეულებრივ დროს გვქონდა, პანდემიის დაწყებამდე. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ არ შეიქმნას დეფიციტი და მინდა, დავარწმუნო მოსახლეობა და ჯანადაცვის სექტორი, რომ არანაირი პრობლემა ჟანგბადის მომარაგების კუთხით არ შეიქმნება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.