ოთარ ჩხეიძე ასი წლის გადასახედიდან

დღეს ასი წელი შესრულდა გამოჩენილი ქართველი მწერლისა და მოღვაწის ოთარ ჩხეიძის დაბადებიდან. მის ამქვეყნიურ ყოფნას, რომელიც 87 წელი გაგრძელდა, მე ვუწოდებდი საქართველოსთვის თავშეწირულისა და ტანჯულის ცხოვრებას. ქვასაც კი გასტეხდა ის ბრძოლა, რომელიც მას უხდებოდა თავისი მწერლული აზრისა და სიტყვის დასამკვიდრებლად. როგორ არ ეცადნენ მის მოდრეკას და ლაგამის ამოდებას კომუნისტები, მწერლობის მოთვინიერებისა და წამების ეს ფილიგრანული ოსტატები და მაინც არაფერი გამოუვიდათ. საბოლოოდ სიტყვა დარჩა გამარჯვებული!
რაც უფრო ულმობლად კორტნიდნენ და მის გაჩუმებას ლამობდნენ, ეს ასმაგად ძლიერი გამოდიოდა ამ შეტევებიდან, რის შედეგადაც ქართული მწერლობა გამდიდრდა 24 რომანით, თხუთმეტი პიესით, ასობით მოთხრობით, ნოველით, ესეით, თარგმანით. ასე იქცა ოთარ ჩხეიძე ჩვენი ლიტერატურის ყველაზე ხელხვავრიელ მწერლად.

სიუხვეც დიდად ანგარიშგასაწევი მოვლენაა, მაგრამ უფრო საგულისხმო მათი მხატვრული მხარეა. იგი ჭეშმარიტად ეპოქალური მწერალია, მართალი დროის და შთამომავლობის წინაშე.

ასი წლის თარიღი შესანიშნავი დროა მწერლის შესაფასებლად, იმის სათქმელად თუ რით არის ოთარ ჩხეიძე მართლაც განსაკუთრებული და გამორჩეული მესიტყვე? რაც კი მეოცე საუკუნეში კომუნისტების ზეობის ჟამს შექმნილა ქართულ ლიტერატურაში, განსაკუთრებით ის ნაწილი, რაც თანამედროვე ყოფას ასახავდა, უმთავრესად არის მრუდე სარკეებით ასახული და დიდი ტყუილის მხატვრულად გაფორმება. ძალიან ბევრი მწერალი წავიდა კომპრომისზე, საკუთარი ტყავის და კომფორტის გადასარჩენად.
ოთარ ჩხეიძე კი იდგა ნირშეუცვლელად, რამდენ დამცირებას, ცინიზმს, უარყოფას გაუძლო და მაინც არ მოიდრიკა. საბჭოთა წყობილების დროს მას არცერთი რომანი დამთავრებისთანავე არ გამოუქვეყნებია. მთავლიტის და ცერბერი კრიტიკოსების გამოისობით, მას წლობით უწევდა ლოდინი, რათა თავისი ნაამაგარი წიგნებად ეხილა. ის 17 წელი ელოდა „ბორიაყის“ დაბეჭდვას(?!)

თუ რას გაუძლო მწერალმა, საერთოდ, რას წარმოადგენდა მაშინდელი ცენზურის საზარელი ინსტიტუტი, ამოიკითხავთ მის წერილში „ამ წიგნისათვისა“, რომელიც 2006 წელს გამოცემულ „ბორიაყს“ ბოლოში ერთვის. ეს გახლავთ საოცარი ტექსტი, ადამიანის გაბიაბრუების, დამცირების, არარაობად ქცევის უფრო დახვეწილი მეთოდები, როგორიც კომუნისტებს ჰქონდათ დანარგილი, ბუნებაში არ არსებულა. და აი ამ ყოველივემ მწერლის გულზე ფეხით გადაიარა… საბჭოთა დროების აბსურდი არცერთ ხელოვანს უკეთ არ გადმოუცია, ვიდრე ეს ოთარ ჩხეიძემ შეძლო.

ყველა მისი რომანი ქართულ სატკივარს უტრიალებს, მას გულს უხეთქავს გაჩანაგებული, დამცრობილი, გადაგვარებული ქვეყანა. ეს არის მისი მთავრი თემა, ყველგან ღაღადია, რომ ადამიანებმა დაიცვან და გადაარჩინონ იგი. ერის და სახელმწიფოს განცდა თუ დაიკარგა, მერე ამაო
გახდება ვალალი…

ასი წლის ოთარ ჩხეიძე განსაკუთრებით საჭირო და გასათვალისწინებელი მწერალია სწორედ დღეს, როცა სისასტიკე და სიავე ასე უტევს და არყევს საქართველოს. დათმენა, მიტევება, სიძულვილის დაძლევა უნდა იყოს ის, რამაც უნდა გააერთიანოს და წელში გამართული ამყოფოს ქვეყანა.

ოთარ ჩხეიძემ პირადად სძლია მძულვარებას და მიუტევა იმ ადამიანებს, ვინ სიცოცხლე გაუწამა: „ათ წელიწადზე მეტია ხმა არ გაგვიცია ერთმანეთისათვისა, მე გამიჭირდა ამდენიხანი ადამიანის სიძულვილი, ძნელი ყოფილა, ძალიან გამიჭირდა“…
ჰუმანიზმის მსგავს მაგალითს მე ვერ ვიხსენებ უახლოესი საქართველოს ისტორიაში, მსგავსი რამ არც სხვა მწერალთან ამომიკითხავს. სწორედ ამიტომ არის ოთარ ჩხეიძე განსაკუთრებულად ყურმისაპყრობი მწერალი, რომელიც მარადიულ მწედ და ზნეობის ნიშანსვეტად დაურჩება საქართველოს.

                                                                                                                                      გიორგი ლალიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები