იაგო ხვიჩია: ყველა უნდა ,,ჩაიჩოჩოს“, რომ ჩიხიდან გამოვიდეთ, მიუღწეველი არაფერია

პოლიტიკური პარტიების საპარლამენტო დაფინანსების მოთხოვნის ვადა 28 ნოემბერს იწურება. დაფინანსების მოთხოვნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე მიმართა მსხვილი ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ. ,,გირჩმა“ ვადის მოთხოვნის ამოწურვამდე საჯაროდ განაცხადა, რომ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტია, რომელიც პარლამენტში შესვლას არ აპირებს, უარს აცხადებს საბიუჯეტო დაფინანსებაზე.

,,კვირა“ გირჩის ერთ-ერთ ლიდერს, იაგო ხვიჩიას დაუკავშირდა:

– რატომ ამბობს უარს საბიუჯეტო დაფინანსებაზე ისეთი პატარა და ღარიბი პარტია, როგორიც ,,გირჩია?“

– ფულის აღებას ისედაც არ ვაპირებდით. პარტიებს პოლიტიკოსები ისეთი უცნაური რამეებისთვის ქმნიან, გაგიკვირდებათ. უმრავლესობა პოლიტიკაში პოლიტიკის კი არა, ფულის საკეთებლად მიდის. ,,გირჩის“ საბიუჯეტო დაფინანსება 3 მილიონ-ნახევარი ლარი უნდა ყოფილიყო. როგორ ფიქრობთ, გვაწყენდა ეს თანხა? მაგრამ მივიჩნიეთ, რომ ეს ფული დაწყევლილი იქნებოდა, რადგან უპატიოსნოდ ნაშოვნი ყოველთვის ყველაფერი დაწყევლილია. თუ პარტია ბოიკოტს აცხადებს და არჩევნების ლეგიტიმაციას არ ცნობს, საბიუჯეტო დაფინანსებას რატომ ითხოვს? ვიდრე ამ პრობლემაზე საჯაროდ დავიწყებდით საუბარს, ჯერ პარტიისა და ოპოზიციის შიგნით, მდიდარ პარტიებს ველაპარაკეთ, თუმცა, მათთან საერთო გადაწყვეტილებამდე ვერ მივედით. ამიტომაც, ,,გირჩის“ პოზიცია გასაჯაროვდა.

-პოლიტიკური პარტიის არსებობისთვის, თუნდაც მისი საოფისე ხარჯებისა და იმისთვისაც, რომ მომავალ არჩევნებამდე რაღაცნაირად მიაღწიოთ, ელემენტარული ფინანსები მაინც საჭიროა. როგორ აპირებთ არსებობას?

-,,გირჩი“ 4 წელია, არსებობს ისე, რომ არავისგან კაპიკი არ აუღია. გაჭირვებას შეჩვეულები ვართ, არ ვაპირებთ გადასახადების გადამხდელთა ფულის შეჭმას. თუ საყოველთაო ბოიკოტს ვაცადებთ, რატომ უნდა მოვითხოვოთ საბიუჯეტო დაფინანსება, ჩვენთვის გაუგებარია. უნდა არსებობდეს რაღაც პოლიტიკური პრინციპები, ბოლოს და ბოლოს.

-ოპოზიციურ ერთობაში ,,განხეთქილების ვაშლად“ ხომ არ იქცა ,,გირჩის“ უარი საბიუჯეტო დაფინანსებაზე?

-რატომ უნდა ვიქცეთ ,,განხეთქილების ვაშლად?“ ფული ჩვენ არ აგვიღია და არათანმიმდევრულად ჩვენ არ მოვქცეულვართ. გვაქვს საკუთარი პრინციპები, რომლებსაც განუხრელად ვიცავთ და ჩვენი ამომრჩეველიც გვეთანხმება ამ გადაწყვეტილებაში.

-პატარა პარტიები საარჩევნო პროცესში ყოველთვის ცდილობენ, კოალიციაში შევიდნენ შედარებით დიდ და მდიდარ პარტიებთან. უკანასკნელმა მოვლენებმა გამოკვეთა, რომ თქვენი ხედვა ხშირად არ ემთხვევა საერთო ოპოზიციურს. მომავალში რომელიმე პარტიასთან ხომ არ აპირებთ გაერთიანებას?

-კოალიციაში, თუ გახსოვთ, ვიყავით ერთ დიდ პარტიასთან და არაფერი კარგი ამან არ მოგვიტანა. არავისთან გაერთიანებას ,,გირჩი“ ამ ეტაპზე არ აპირებს, თუმცა, პოლიტიკაში არასოდეს შეიძლება, თქვა ,,არასოდეს.“ ერთი-ორ პარტიასთან მართლაც გვაქვს საერთო ხედვა ეკონომიკის, განათლების, მართლმსაჯულების საკითხებზე. ვნახოთ, რა იქნება მომავალში, ჩვენ მზად ვართ – ვილაპარაკოთ ყველასთან ყველაფერზე.

-ყველასთან, გარდა ხელისუფლებისა?

-რატომ? ჩვენ დიალოგზე არავისთან ვამბობთ უარს. ხელისუფლება თავად არ გველაპარაკება, თორემ არც მათ ვეტყოდით უარს…

-,,მიშა ჩამოდი“ ოპოზიციურ ერთობაში კიდევ ერთი განხეთქილების ვაშლია? ,,გირჩი“ საჯაროდ აცადებს, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა თქვენთვის არაფერს ნიშნავს.

-… და რატომ უნდა ნიშნავდეს რამეს? მთავარი ოპოზიციური შეცდომა მიშას ჩამოსვლა-არჩმოსვლა კი არა, მაჟორიტარ დეპუტატებზე შეუთანხმებლობა იყო. ერთიან მაჟორიტარებზე ოპოზიციამ მხოლოდ თბილისში მოახერხა შეთანხმება, მთელს საქართველოში ასეთი მოლაპარაკება ვერ შედგა.

-,,ნაციონალური მოძრაობა“ ჯიუტად აცხადებს, რომ აქციებზე მომხრეების გამოყვანას მხოლოდ მათი პარტია ახერხებს და თუ საპროტესტო მუხტის შენარჩუნება უნდათ, სააკაშვილის მოთხოვნებსაც ყველა სიტყვაშეუბრუნებლად უნდა დაემორჩილოს.

-არ გვახსოვს, როდესმე მიშას ,,ხუშტურებს“ დავმორჩილებოდით. საერთოდ, მიმაჩნია, რომ სანამ საპროტესტო აქციებზე მომიტინგეთა შეგროვება ,,ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით მოხდება, მანამ ამ აქციათა მნიშვნელობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ამომრჩევლის შეკრებას ხელისუფლებაც ახერხებს. ,,გირჩი“ არ სთხოვს ამომრჩეველს რაიონებიდან თბილისში ჩამოსვლას. მხოლოდ მათი სიმრავლე ვერ შეცვლის პოლიტიკურ ამინდს. ჩვენ ველაპარაკებით ელექტორატს, ხათრით არავის არსად ვეპატიჟებით. უნდა ავუხსნათ პრობლემების არსი და თუ ადამიანები გაბრაზდებიან, მხოლოდ გაბრაზებული ადამიანების შეკრება შეცვლის არსებულ პოლიტიკურ რეალობას.

-ქართველი ამომრჩეველი მოლაპარაკებათა მესამე რაუნდს ელოდება. რა შედეგით შეიძლება, დამთავრდეს პროცესი?

-თუ ვინმე ამ მოლაპარაკებებში დესტრუქციულია, მხოლოდ ხელისუფლება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოპოზიციაში ყველა ფრთიანი ანგელოზი და ჩაგრულია. მოლაპარაკებათა პროცესში ჩვენთვის სანდო უცხოელი ექსპერტები და პოლიტიკოსები არიან ჩართულნი. პირობების შეთანმების რესურსი არსებობს. ასე რომ, ვფიქრობ, ამ ჩიხიდან უნდა გამოვიდეთ. მანქანები რომ საცობში არიან გაჩხერილნი, თითოეული მათგანი ცდილობს, უკან დაიხიოს, რომ საცობს როგორმე თავი დააღწიოს. ამ შემთხვევაშიც ასეა, ყველა უნდა ,,ჩაიჩოჩოს“, რომ ჩიხიდან გამოვიდეთ და შეთანმებას აუცილებლად მივაღწევთ. მიუღწეველი, ბოლოს და ბოლოს, არაფერია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები