რა მხარდამჭერ ღონისძიებებს ახორციელებს სახელმწიფო მოქალაქეებისა და კერძო სექტორის მიმართ
ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ მხარდამჭერ ღონისძიებებზე, რომელსაც სახელმწიფო მოქალაქეების და კერძო სექტორის მიმართ ახორციელებს.
როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, სოციალური პაკეტის ფარგლებში სახელმწიფო კვლავ სთავაზობთ მოსახლეობას კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას 4 თვის განმავლობაში.
„ეს პროგრამა დაწყებულია ნოემბრიდან და გულისხმობს იმას, რომ ყველა ოჯახისთვის, რომლის ელექტროენერგიის მოხმარება არ აღემატება 200 კილოვატს თვის განმავლობაში, ასევე ბუნებრივი გაზის 200 კუბურ მეტრამდე მოხმარების შემთხვევაში, კომუნალური გადასახადების თანხა სრულად იქნება ანაზღაურებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
გარდა ამისა, უშუალოდ დეკემბრის და იანვრის შეზღუდვების გათვალისწინებით, რომელიც დაწესებულია სავაჭრო და სარესტორნო ბიზნესისთვის, ჩვენ შევთავაზეთ ყველა დასაქმებულ პირს, მათ შორის თვითდასაქმებულ პირს 300 ლარიანი პაკეტი და აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სავაჭრო ობიექტებსა და ფინანსთა სამინისტროს შორის, ველოდებით დასაქმებული პირების და თვითდასაქმებული პირების სიებს შესაბამისი ბიზნესიდან, იმისთვის, რომ აღნიშნული კომპენსაციების გაცემა დაიწყოს სწრაფად”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისი თქმით, ისევე, როგორც შეზღუდვების პირველი ტალღის დროს, სახელმწიფო ამ შემთხვევაშიც 1200 ლარიან კომპენსაციას სთავაზობს მოქალაქეებს, რომელთაც შესაძლოა ამ პერიოდის განმავლობაში დაკარგონ სამსახური. აღნიშნული კომპენსაცია იქნება გაცემული 6 თვის განმავლობაში, თვეში 200 ლარის ოდენობით.
„ჩვენ დახმარების პაკეტს ვთავაზობთ იმ ადამიანებს, ვისაც არ აქვს სოციალურად დაუცველის არ აქვს, მაგრამ მათი სოციალური ქულა არის 65 000-დან 100 000 ქულამდე. ასეთ ოჯახებს ჩვენ შევთავაზებთ 600 ლარიან დახმარებას, 100 ლარის ოდენობით თვეში, 6 თვის განმავლობაში. ასეთი ტიპის დახმარებით უკვე 72 000-მა ოჯახმა ისარგებლა და კვლავ იგივე ოჯახებისთვის იქნება განსაზღვრული დახმარების ეს პაკეტი. გარდა ამისა, 24 000 ოჯახი გვყავს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, მაგრამ ჰყავთ სამი ან მეტი ბავშვი ოჯახში. ასეთი ოჯახებისთვისაც 100 ლარიანი დახმარება იქნება გამოყოფილი ყოველთვიურად, ანუ 600 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, 18 წლამდე შშმ პირებისა და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვისასევე არის გათვალისწინებული 600 ლარიანი დახმარების პაკეტი, რომელიც განაწილდება 6 თვეზე, 100 ლარის ოდენობით თვეში და ასეთი 43 000 ოჯახია, რომელთაც ჩვენ უკვე ერთხელ დავეხმარეთ და რა თქმა უნდა დავეხმარებით ამ საკმაოდ რთულ ოეროდში.
გარდა ამისა, გვქონდა კომუნიკაცია ბანკებთანაც და ბანკებთან ერთად ჩვენ ვეცდებით, რომ დავეხმაროთ იმ თვითდასაქმებულ პირებს, რომლებიც მუშაობდნენ სავაჭრო სექტორში და ბაზრობებზე ან სარესტორნო სექტორში, იმისათვის, რომ დავეხმაროთ მათ ბანკებთან, სესხების რესტრუქტურიზაციაში”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ვიცე-პრემიერმა ისაუბრა ასევე ბიზნესისთვის გათვალისწინებულ მხარდაჭერის ღონისძიებებზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ შეიმუშავა მხარდაჭერის პაკეტები, რათა დაეხმაროს ბიზნესს, რომლებზეც შეზღუდვები გავრცელდა.
„გარდა მოქალაქეზე ორიენტირებული პაკეტებისა, ჩვენ ასევე ბიზნესთან შევიმუშავეთ პაკეტები, რომ დავეხმაროთ ბიზნესს, რომლებზეც გავრცელდა შეზღუდვები. ყველა იმ ადამიანს, ვისი შრომის ანაზღაურება არ აღემატება 1500 ლარს, 700 ლარის ოდენობით საშემოსავლო გადასახადის კომპენსირებას მოვახდენთ. თითოეულ დასაქმებულზე ეს არის 150 ლარი. 425 000 დასაქმებულზე ასეთი პაკეტი უკვე გავრცელდა. შესაბამისად, ჩვენ დამატებით დაველოდებით ინფორმაციას დამსაქმებლებისგან და 33 000 კომპანიის 425 000 თანამშრომელს დაუკოპმენსირდება ის საშემოსავლო გადასახადი, რომელსაც სხვა შემთხვევაში ბიზნესი გადაიხდიდა სახელმწიფო ბიუჯეტში.
ასევე მოგეხსენებათ, რომ ტურიზმის სექტორი გათავისუფლებულები იქნებიან 4 თვიანი საშემოსავლო გადასახადისგან. ამით დამატებით დავეხმარებით ტურიზმის სექტორს, რომ ეს ტვირთად არ დააწვეთ და ექნებათ საშუალება, რომ არ გადაიხადონ 4 თვიანი გადასახადი. ტურიზმის, სარესტორნო სექტორი და ტურიზმთან დაკავშირებული ინდუსტრია გათავისუფლებული იყო 2020 წლის ქონების გადასახადისგან. ეს შეღავათი იმოქმედებს 2021 წლის განმავლობაშიც”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისი თქმით, წლის დასაწყისში, ტურიზმის სექტორისთვის შემუშავებული სესხების სუბსიდირების პროგრამა გავრცელდება სარესტორნო ბიზნესზეც, რადგან მათ ასევე შეეხოთ შეზღუდვები.
„ასევე წლის დასაწყისში, ტურიზმის სექტორისთვის შევიმუშავეთ სესხების სუბსიდირების პროგრამა და ამ ეტაპზე, რადგან სარესტორნო ბიზნესსაც შევახეთ შეზღუდვები ამ ორ თვიან პერიოდში, შესაბამისად, სარესტორნო ბიზნესისთვისაც 6 თვის განმავლობაში იქნება შეთავაზებული იმ სესხების სუბსიდირება, რომელსაც ემსახურებიან ეს კომპანიები. ასევე აუცილებლად შევთავაზებთ კომპანიებს ბანკებთან ერთად დახმარებას, მათი სესხების რესტრუქტურიზაციაში.
ვართ სრულიად ღია შემდგომი კომუნიკაციისთვის. უკვე დაგეგმილია ეკონომიკის მინისტრის და ბიზნესომბუდსმენის ოფისის შეხვედრა სათხილამურო კურორტების სასტუმროებთან, რათა მათთან ერთად მოხდეს მსჯელობა იმ შესაძლო დახმარებაზე, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან მათ შეიძლება დასჭირდეთ. ასევე სრულ კომუნიკაციაში ვართ ბიზნესსექტორთან, რომელთაც შეიძლება სახელმწიფოს მხრიდან რაიმე მხარდაჭერა სჭირდებოდეთ”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.