„შეზღუდვების სტრუქტურას რომ შევხედოთ, შეიძლება ითქვას, მინიმალურ ზღვარზე გაიარა მთავრობამ“ – ეკონომისტი ოთარ ანგურიძე

“ეპიდვითარებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების სტრუქტურას რომ შევხედოთ, შეიძლება ითქვას, მინიმალურ ზღვარზე გაიარა მთავრობამ, რადგან შეეძლო, უფრო მკაცრი შეზღუდვები დაეწესებინა”, – ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის” გამგეობის თავმჯდომარე, ოთარ ანგურიძე აცხადებს.

ანგურიძე ეპიდვითარებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების საკითხს მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა.

„ეპიდვითარებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების სტრუქტურას რომ შევხედოთ, შეიძლება ითქვას, მინიმალურ ზღვარზე გაიარა მთავრობამ, რადგან შეეძლო, უფრო მკაცრი შეზღუდვები დაეწესებინა. მაგალითად, გვქონდა შეზღუდვები გაზაფხულზე, როცა მთავრობამ ყველაფერი ჩაკეტა. მაშინ უფრო მძიმე სიტუაცია იყო ეკონომიკურადაც, სოციალურადაც. ის, რომ დღეს პრაქტიკულად სრული ჩაკეტვა შეეხო საზოგადოებრივ ტრანსპორტს, არის ის მინიმალური ნაბიჯი, რომელიც შეიძლებოდა, მთავრობას გადაედგა ამ ეტაპზე. შემდეგ დაკვირვება აჩვენებს, რამდენად იქნება საჭიროება იმისა, რომ უფრო მეტად გამკაცრდეს ეს შეზღუდვები. ვიტყოდი, რომ ეს ნაბიჯი ყველა შემთხვევაში გადასადგმელი იყო. ასევე, ვხედავთ, რომ ბევრ ქვეყანაში უფრო მკაცრი „ლოქდაუნებია“.

ფასების ზრდა გარდაუვალია გარკვეულ პროდუქტებზე. როდესაც ვსაუბრობთ იმის შესახებ, თუ რამდენად საკმარისია ის საკომპენსაციო პაკეტი, რაც ხელისუფლებამ დააწესა, ყველა ადამიანი იტყვის, რომ არაა საკმარისი, მეც გეთანხმებით, რომ არაა საკმარისი. მაგრამ მეორეა, რისი შესაძლებლობა აქვს ჩვენს ეკონომიკას, რომ დაეხმაროს მოსახლეობას“, – განაცხადა ოთარ ანგურიძემ.

შეგახსენებთ, ეპიდვითარებასთან დაკავშირებით დაწესებული ახალი რეგულაციები ხვალიდან ამოქმედდება. მაღაზიები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა), რესტორნები, ფიტნესცენტრები და საცურაო აუზები იხურება, საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი კი მუშაობას აჩერებს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები