ათეა-ს მედია ქსელმა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში მუშაობა დაიწყო

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მედია ქსელმა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში მუშაობა დაიწყო, – ამის შესახებ კომპანიიდან გვამცნობეს.

- რეკლამა -

- რეკლამა -

როგორც ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ-ნათია ღვინაშვილმა განაცხადა, საქართველოს მუნიციპალიტეტებში ძალადობის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით გახორციელებული ღონისძიებები ათეა-ს მხარდაჭერითა და მედია ქსელის ჩართულობით განხორციელდება.

„მედია ქსელი, რომელიც ათეა-ს ინიციატივით, პროექტის „გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ ფარგლებში შეიქმნა, გენდერული თანასწორობის საბჭოებთან მჭიდრო თანამშრომლობას, გამოწვევების დასაძლევად ერთიანი მექანიზმების შემუშავებას, ასევე მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული კარგი მაგალითებისა და პრაქტიკის გაზიარებასა და მედია მხარდაჭერას ისახავს მიზნად“- განაცხადა ნათია ღვინაშვილმა.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა, სოციალური ქსელისა და პორტალის მეშვეობით, საინფორმაციო და ვიდეო მიმართვები უკვე გაავრცელეს, რომლებიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებულ გამოწვევებს პასუხობს.

ათეა-ს მედია ქსელის ჩართულობით, მუნიციპალიტეტებში, ასევე დაიგეგმება ის ღონისძიებები, რომლებიც კამპანიის მსვლელობისას, გენდერული თანასწორობის საბჭოების წევრებთან, საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებთან და სხვა სამიზნე აუდიტორიასთან ონლაინ შეხვედრებისა და ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საგანმანათლებლო-საინფორმაციო ტრენინგების ჩატარებას გულისხმობს.
ცნობიერების ამაღლების მიზნით, ასევე, სემინარები ჩაუტარდებათ მუნიციპალიტეტების აპარატის თანმშრომლებსაც, რომლებიც აქტიურად ჩაერთვებიან 16 დღიან კამპანიაში და თემატურ ბუკლეტებთან და საინფორმაციო ხასიათის ბროშურებთან ერთად, მოსახლეობას სხვა სიმბოლურ საჩუქრებსაც გადასცემენ.
დაგეგმილია ვიდეორგოლების მომზადებაც, რომლებსაც მუნიციპალიტეტები სოციალურ ქსელში განათავსებენ.

ათეა-სა და მუნიციპალიტეტების საზოგადაობასა და მედიასთან ერთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი აქტიურად ჩაერთო გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიაში, თუმცა აღსანიშნავია, რომ ათეას მედია ქსელი, როგორც ერთგვარი ინსტრუმენტი, პროექტის დასრულების შემდგომაც გააგრძელებს ფუნქციონირებას და ხელს შეუწყობს გენდერული თანასწორობის მხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას წევრ მუნიციპალიტეტებში.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის მხარდამჭერი ღონისძიებები ათეა-ს მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტი ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები