გია ვოლსკი: შეთანხმება აუცილებელია, თუ ქვეყნის ბედი გენაღვლება, მაგრამ წითელი ხაზი იქ არის გავლებული, რასაც ვადამდელი არჩევნები ჰქვია

“შეთანხმება აუცილებელია, თუმცა წითელი ხაზი ვადამდელი არჩევნებია”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს ინტერესებში არ არის ახალი სტრესი და დესტაბილიზაცია, თუნდაც ახალი არჩევნები და უშველებელი ხარჯები.

„შეთანხმება აუცილებელია. გაცილებით უფრო რთული მოლაპარაკებების მონაწილეც ვყოფილვართ, მათ შორის მეც. შეთანხმება აუცილებელია, თუ ქვეყნის ბედი გენაღვლება, მაგრამ არ შეიძლება, ეს შეთანხმება საზოგადოების ხარჯზე მოხდეს. ასე, რომ წითელი ხაზი იქ არის გავლებული, რასაც ვადამდელი არჩევნები ჰქვია. კიდევ ბევრი სხვა საკითხია, რომელიც უკავშირდება საარჩევნო კოდექსს და ნებისმიერ სხვას, აქ რასაკვირველია, მსჯელობა შეიძლება. რაც შეეხება 8 მარტის შეთანხმებას, ეს ის თემა არ არის, სადაც პარალელი შეიძლება გაივლოს. სახელმწიფოს ინტერესები უპირველეს ყოვლისა. სახელმწიფოს ინტერესებში არ არის ახალი სტრესი და დესტაბილიზაცია, თუნდაც ახალი არჩევნები, უშველებელი ხარჯები. მით უმეტეს, რომ საერთაშორისო დონეზე ეს არჩევნები აღიარებულია, როგორც სამართლიანი. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავასკვნათ, რა უნდა ოპოზიციას. ოპოზიციის დიდ ნაწილს სააკაშვილის მეთაურობით დესტაბილიზაცია უნდა. ეს არის მთავარი ამოცანა. თუნდაც ვადამდელი არჩევნები არ მგონია, რომ მათი მიზანი იყოს. სტრატეგიული გეგმა სულ სხვაა. მთავარი ამოცანაა კოვიდის გავრცელება, ქვეყნისთვის ეკონომიკური ზარალის მიყენება და დესტაბილიზაცია. ამაზე არანაირი კომპრომისი არ შეიძლება დაშვებული იყოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები