საწვავი, საშუალოდ, 7-13 თეთრით გაძვირდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, ბოლო პერიოდში ნავთობის ფასი იზრდება და მარტის შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია.

როგორც ბიზნესგაერთიანებაში განმარტავენ, ოქტომბრის თვიდან დაწყებული საწვავის ფასი გაზრდილია ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საშუალოდ 7-13 თეთრით.

მათივე განცხადებით, კიდევ ერთი ფაქტორი, რაც საწვავის გაძვირებას იწვევს, ლარის გაუფასურებაა.

„მიმდინარე წლის ნოემბრის თვის დასაწყისიდან დღემდე ნავთობის ფასი ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe სანავთობო ბირჟაზე გაზრდილია, საშუალოდ, 10,4 დოლარით/ბარელზე ანუ 27,8%-ით და დღეისათვის შეადგენს 47,86 დოლარს/ბარელზე. ნავთობის ფასის მატება განპირობებულია შემდეგი ძირითადი ფაქტორებით: 1. საიმედო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მომავალი წლის იანვრის თვიდან დაიწყება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მასობრივი წარმოება; 2. აშშ-ის გენერალური სერვისების ადმინისტრაციის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ, დონალდ ტრამპის თანხმობა ხელისუფლების გადაბარების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება საერთაშორისო ფასებს ნავთობპროდუქტებზე – S&P Global Platts-ის თანახმად, რომლის მიხედვითაც ხორციელდება საქართველოში საწვავის იმპორტი, ის ნავთობის ფასის ზრდის პარალელურად იზრდება. კერძოდ, ბენზინის ფასი ნოემბრის თვის დასაწყისიდან გაზრდილია, დაახლოებით, 67,5$-ით/ტონაზე, ანუ 19,8%-ით 407,50 დოლარამდე/ტონაზე, ხოლო დიზელის ფასი გაზრდილია, დაახლოებით, 82,5$-ით/ტონაზე, ანუ 27%-ით 388,25 დოლარამდე/ტონაზე. აღსანიშნავია ასევე საქართველოს ეროვნული ვალუტის – ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით, რომელთანაც პირდაპირ კავშირშია საცალო ქსელში არსებული საწვავის ფასი”, – განმარტავენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები