“მთავრობა წერტილოვანი შეზღუდვების პარალელურად მუშაობს საკომპენსაციო პაკეტზე, რომელიც მოაქალაქეებისკენ იქნება მიმართული”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, წერტილოვანი შეზღუდვები უნდა იყოს დაბალანსებული.
„ჩვენ ეს დღეები პრემიერმინისტრთან ერთად ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ. ერთი მხრივ, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, წერტილოვანი შეზღუდვები გვინდა, იყოს დაბალანსებული და, ამავდროულად, გვინდა, რომ გადავტეხოთ ის უარყოფითი ტენდენცია, რაც გვაქვს ინფიცირებულთა ზრდის თვალსაზრისით. პარალელურად, ვეძებთ ისეთ გზებს, რომ ბიზნესი ძალიან არ დავაზარალოთ და შევინარჩუნოთ მათი გაჯანსაღების ტენდენცია. ასევე, პარალელურად, ჩვენ ვმუშაობთ საკომპენსაციო პაკეტზე, რომელიც, ერთი მხრივ, იქნება მოქალაქეებისკენ მიმართული და, მეორე მხრივ, იმ დარგებისკენ, რომელზეც წერტილოვანი შეზღუდვები მოგვიწევს“, – აღნიშნა თურნავამ.
დღეს პრემიერმინისტრმა მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და კერძო სექტორის მხარდასაჭერად ეკონომიკურ გუნდთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.