ბონდო მძინარაშვილი: მინისტრ ტიკარაძეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამოუცხადა სამედიცინო მაფიამ

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი საქართველოს კლინიკების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად კლინიკების გაერთიანებამ ჯანდაცვის მინისტრი არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა.

მძინარაშვილის თქმით, იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც ეკატერინე ტიკარაძეს ჯანდაცვის სფეროში დახვდა ექსტრემალურ ვითარებაში ვერავინ შეძლებს.

„მინისტრ ტიკარაძეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამოუცხადა სამედიცინო მაფიამ. ამიტომაც დანიშნეს, – მას არაფერი აკავშირებს ათწლეულობით ჩამოყალიბებულ სისტემასთან და მასთან მისასვლელი გზა კი არ მოუჭრეს ამ მაფიოზებს, – ვერც მოუჭრიდნენ! ასეთი გზა, უბრალოდ, არ არსებობს!.

რაც შეეხება კოვიდ-პანდემიის მართვას, ჯერ ყველამ რეგულაციის წესები დავიცვათ, ელემენტარულად, პირბადით ცხვირიც დავიფაროთ და მერე დავფიქრდეთ:

– ეკატერინე ტიკარაძეს შეეძლო თუ არა ათწლეულების განმავლობაში მოშლილი ჯანდაცვის მექანიზმის სწრაფად აწყობა?

– შეეძლო თუ არა მთლიანად სამედიცინო განათლების ხარვეზების აღმოფხვრა?

– შეუძლია თუ არა თითოეული ჩვენგანისთვის პირბადის მორგება?

– და, საერთოდ, არსებობს კი ქვეყნად ადამიანი, ვისაც ეს შეუძლია?

– უმოკლეს დროში და ექსტრემალურ ვითარებაში თავსდატეხილი ყველა ამ პრობლემის მოგვარება ვინმეს შეუძლია?

დიახ, არავის! არ არსებობს ასეთი ადამიანი! ხოლო ვისაც ტიკარაძის, როგორც მინისტრის, არაკომუნიკაბელურობა აწუხებს, კიდევ ერთ კოზირს მოგცემთ მის დასამუნათებლად: დოლზეც არ უკრავს! მინისტრს კი არ ვიცავ, საზოგადო პრობლემაზე ვწერ, რადგან ქართველი, როგორც მოგეხსენებათ, მათრახით ხელში იბადება და ის მათრახი, ყოველთვის სხვისთვის დასარტყმელად რომ აქვს მოღერებული, ხანდახან საკუთარ ზურგზე რომ გადაიჭიროს, იქნებ მართლა გვეშველოს!”, – წერს მძინარაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები