რუსეთის თავდაცვა: აშშ-ის სამხედრო გემმა ჩვენი საზღვარი დაარღვია
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, აშშ-ის სამხედრო გემმა – “ჯონ მაკკეინმა” პრიმორიეს მხარეში რუსეთის საზღვარი დაარღვია.
უწყების რელიზში აღნიშნულია, – “ჩვენმა ნავსაწინააღმდეგო გემმა “ადმირალ ვინოგრადოვმა” რუსეთის ფედერაციის საზღვრის დარღვევა შეაჩერა, რომელსაც შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების გემი – “ჯონ მაკკეინი” ახორციელებდა”.
აღინიშნება, რომ აშშ-ის გემი ზღვარს ორი კილომეტრით გასცდა, ამის შემდეგ “ადმირალ ვინოგრადოვმა” საერთაშორისო არხებით შეატყობინა უცხოელებს, რომ ასეთი ქმედება დაუშვებელია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გაფრთხილების შემდეგ “ჯონ მაკკეინი” ნეიტრალურ წყლებში გადავიდა და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის მცდელობა არ ჰქონია.
აშშ-ის საზღვაო ფლოტში მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.