შალვა პაპუაშვილი: ნებისმიერი ასეთი ბოიკოტი არის არა დემოკრატიული ინსტრუმენტი, არამედ გამიჯვნა დემოკრატიული პროცესებისგან
ნებისმიერი ასეთი ბოიკოტი არის არა დემოკრატიული ინსტრუმენტი, არამედ გამიჯვნა დემოკრატიული პროცესებისგან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის ბოიკოტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ოპოზიცია არადემოკრატიულ მეთოდებზე გადავიდა.
„სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტები საბოლოოდ გაემიჯნენ დემოკრატიულ პროცესებს, რასაც ჰქვია არჩევნები და არ იღებენ მონაწილეობას მეორე ტურში, ყოველ შემთხვევაში ოფიციალური განცხადებების დონეზე. სამწუხაროა, რომ ოპოზიცია არადემოკრატიულ მეთოდებზე გადავიდა. ამის მიუხედავად, ჩვენს ამომრჩევლებს მოვუწოდებთ, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და დააფიქსირონ თავიანთი არჩევანი. ასევე, მოვუწოდებთ, ჩვენი ოპონენტების ამომრჩევლებსაც, რომ ის უფლება, რომლის შეზღუდვასაც ცდილობენ მათი რჩეულები, თავად აიღონ საკუთარ ხელში და გააგონონ საკუთარი ხმა რჩეულ პარტიებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნები ადასტურებს, რომ არჩევნების შედეგებში ამომრჩევლის ნება აისახა.
„ამ დღეების და კვირების განმავლობაში, როდესაც ვხედავდით ჩვენი ოპონენტების პროტესტს, ვნახეთ როგორც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების, ასევე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნები. არცერთი ეს დასკვნა კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს, რომ ამომრჩევლის ნება აისახა იმ შედეგებში, რომელიც გამოქვეყნდა ცესკო-ს მიერ. ამიტომ ნებისმიერი ასეთი ბოიკოტი, არის არა დემოკრატიული ინსტრუმენტი, არამედ გამიჯვნა დემოკრატიული პროცესებისგან
მათი კომისიის წევრების გამოწვევაც ხაზს უსვამს იმ ტყუილების კორიანტელს, რასაც ამ კვირების განმავლობაში ვისმენთ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ყველა ოქმზე არის მათი წარმომადგენლების ხელმოწერა, ჩვენი ოპონენტები ამბობდნენ, რომ ეს იყო დაშინების, მოსყიდვის თუ სხვა რაღაც მიზეზების გამო. ახლა ამბობენ, რომ გამოიწვიეს კომისიის წევრები, ე.ი. აღიარებენ რომ მათი მომხრეები და მათი წარმომადგენლები არიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.