„ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში გარკვეული პოლიტიკური წარმომადგენლები ახორციელებენ უსაფუძვლო თავდასხმებს საქართველოს არჩევნებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის თავმჯდომარის პირადი მიუკერძოებლობის წინააღმდეგ”, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, რიკ დაემსი აცხადებს.
მისი თქმით, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიუკერძოებლობის კითხვის ქვეშ დაყენება დაუშვებელია.
„მისი განცხადებები, რომლებიც ასახავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის პოზიციას, გაკეთდა არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ჩვენს პარტნიორებთან ერთობლივად. მართალია, ყველას აქვს უფლება, არ დაეთანხმოს მათ მიგნებებსა და დასკვნებს, დაუშვებელია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიუკერძოებლობის კითხვის ქვეშ დაყენება. შესაბამისად, მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ მხარეს ასეთი უსაფუძვლო ბრალდებებისგან თავშეკავებისკენ”, – განაცხადა რიკ დაემსმა.