„ჩვენი ინფორმაციით, ნიკა მელია ხვდება ოპოზიციის აგიტატორებს და ეუბნება, რომ არჩევნებში უნდა მიიღონ მონაწილეობა” – შაკო კუჭაშვილი

“გვაქვს ინფორმაცია, რომ ნიკა მელია გლდანში ხვდება ოპოზიციის აგიტატორებს და ეუბნება, რომ არჩევნებში უნდა მიიღონ მონაწილეობა”, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა “მარო მაყაშვილის” ერთერთმა დამფუძნებელმა, შაკო კუჭაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.

კუჭაშვილმა არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ისაუბრა.
„უკვე არჩევნების მეორე ტურია. ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც წავიდა ყველასა და ყველაფრის წინააღმდეგ. წავიდა დასავლეთის, მთელი დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ, რომელიც მოუწოდებს, შევიდეს პარლამენტში, მაგრამ მათ არ აინტერესებთ არაფერი იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური ძალა არის კრიმინალური და დესტრუქციული.
ახლა რაც შეეხება გლდანში მიმდინარე მოვლენებს. გლდანში 31 ოქტომბერს ყველაზე მეტად აქტიურობდა ირაკლი ეძგვერაძე, იგივე „ჭყიპინა“. დღეს რომ ნიკა მელია საუბრობს იმაზე, რომ „ქართული ოცნებ“, თითქოსდა, კრიმინალების მეშვეობით მართავს საარჩევნო სიტუაციას, მე ფაქტით ვიტყვი, მისი შტაბის უფროსი, ირაკლი ეძგვერაძე ნასამართლევია განზრახ სხეულის დაზიანებისთვის. მათმა ბელადმა, სააკაშვილმა ის შეიწყალა. როგორც ჩანს, ეძგვერაძე ასე უხდის მათ მადლობას, დადის და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს აშინებს.
მეორე ტურთან დაკავშირებით არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა: ჩვენ გვესმის ოპოზიციის წარმომადგენლებისგან, რომ არ მუშაობენ, შეწყვეტილი აქვთ კამპანია. მაგალითად, გლდანში, როგორც ინფორმაცია გვაქვს, ნიკანორ მელია დღეგამოშვებით ხვდება ოპოზიციის აგიტატორებს და ესაუბრება მათ, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. არ ვიცი, რას ემსახურება ოპოზიციის ეს კამპანია, რომ არჩევნებში არ იღებენ მონაწილეობას“, – განაცხადა კუჭაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები