„ნიკა მელიას ოფისი რამდენიმე კვირა დაკეტილი იყო, რატომ უნდა მოენდომებინა ვინმეს ამ ოფისის დაწვა?“ – ლიკა გამრეკელი

“ნიკა მელიას ოფისი რამდენიმე კვირა დაკეტილი იყო, რატომ უნდა მოენდომებინა ვინმეს ამ ოფისის დაწვა? კითხვები ჩვენც გვაქვს”, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა “მარო მაყაშვილის” დამფუძნებელმა, ლიკა გამრეკელმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გამრეკელის თქმით, ხვალ საარჩევნო უბნებზე თუ ექსცესები მოხდება, ამაზე პასუხისმგებლობა ნიკა მელიასა და მის მხარდამჭერებს დაეკისრებათ.

„რაც შეეხება ნიკანორ მელიას, რომელიც სრულ აგონიაშია. თხოვნა მექნება, სანამ მანდატს მიიღებს, ცუდი არ იქნება, თუ ჯერ ადეკვატურობაზე გავასინჯებთ იმიტომ, რომ, რეალურად, უკვე არაადეკვატურად იქცევა ეს ადამიანი. არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას და ლაპარაკობს, რომ, თითქოს, ვიღაცამ მას ოფისი დაუწვა.ის ოფისი, მეზობლების თქმით, რამდენიმე კვირა დაკეტილი იყო. იქ არ შეიმჩენოდა ადამიანების სიარული და აქტივობა. არალოგიკურია, ვინმეს ამ ოფისის დაწვა რატომ უნდა მოენდომებინა? ამაზე კითხვები ჩვენც გვაქვს. ვისურვებდით და თხოვნა გვექნება, რომ დროულად გამოიძიოს შსს-მ ეს ფაქტი.
რაც შეეხება მეორე ტურს. საერთაშორისო ორგანიზაციების არცერთი დასკვნა მათ ყურად არ იღეს. დემოკრატიაზე საუბრობს ის ძალა, რომელიც ხვალ აპირებს, ე.წ. სირცხვილის კორიდორები მოუწყოს ამომრჩევლებს, რაც ძალიან არასერიოზულია. რასაც ვუყურებ, თავად ამომრჩევლების მხრიდან, რომლებიც მივლენ თავის არჩევანის გასაკეთებლად და იქ ,,სირცხვილის კორიდორები,, დახვდებათ, იქნება სერიოზული აგრესია. ჩვენ ვიგებთ და, პირველ ყოვლისა, არ გვინდა, რომ მოხდეს რაიმე ექსცესი და დაძაბულობა.

ამიტომ, ვაფრთხილებთ ნიკანორ მელიასა და მის ზონდერ დაჯგუფებებს, ხვალ საარჩევნო უბნებზე თუ მოხდება რაიმე ექსცესი, სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ მელიასა და მის ზონდერ დაჯგუფებას, „ჭყიპინას“, ირაკლი ეძგვერაძის სახით. თუ გააგრძელებენ იმავე სცენარით მოქმედებას, როგორითაც წაიყვანეს პირველი ტური, იქნება ძალიან ცუდი შედეგი. ვაფრთხილებთ მათ, არ დავინახოთ არცერთი ე.წ. სირცხვილის კორიდორი, თორემ ამას ცუდი შედეგი მოჰყვება მოქალაქეებისგან“, – განაცხადა გამრეკელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები