სალომე სამადაშვილი: „ქართული ოცნება“ დაზიანდება ერთპარტიული პარლამენტით
“მაქვს იმედი, რომ მოლაპარაკებები რაიმე აზრიანით დასრულდება, რადგან ალტერნატივა საკმაოდ ბნელ და უპერსპექტივო მომავალს უქადის ჩვენს ქვეყანას”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი ,,ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.
მისი თქმით, ერთპარტიული პარლამენტის მიღება ყველას წარუმატებლობას ნიშნავს, „ქართული ოცნება“ დაზიანდება ერთპარტიული პარლამენტით, მაგრამ, დიდი ალბათობით, არცთუ ისე, რომ ხელისუფლების შენარჩუნება 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე ვერ მოახერხოს.
,,დღეს მოლაპარაკებები განახლდა და მეჩვენება, რომ ჩვენს საჯარო სივრცეში დისკუსია ერთ საკითხზე დავიდა: შევიდეს თუ არა ოპოზიცია პარლამენტში? ისე, რომ ამ გადაწყვეტილების კონტექსტი გვავიწყდება – ნიშნავს თუ არა პარლამენტზე უარი, არჩევნების გზით პოლიტიკური ბრძოლის წარმართვაზე უარს? ეს რომ გავაანალიზოთ, ამისთვის შესაძლო სცენარები უნდა განვიხილოთ. რას ველოდებით? თავისთავად პარლამენტზე უარი, არც მიზანია და არც რაიმე მყისიერი ეფექტის მქონე საშუალება. ამას ვამბობ, რადგან არ ვაპირებ, ვინმეს ვუთხრა, რომ პარლამენტის ბოიკოტი რაიმე სახის გამარჯვება იქნება ვინმესთვის. არა, პირიქით, ერთპარტიული პარლამენტის მიღება ყველას წარუმატებლობას ნიშნავს და ვინც სხვანაირად გეტყვით, გატყუებთ. „ქართული ოცნება“ დაზიანდება ერთპარტიული პარლამენტით, მაგრამ, დიდი ალბათობით, არცთუ ისე, რომ ხელისუფლების შენარჩუნება 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე ვერ მოახერხოს.
მაშინ რა? ბოიკოტი არჩევნებს? თუ არა? მაშინ ოპოზიციას მოუწევს ადგილობრივ არჩევნებზე ბრძოლა, ამ არჩევნების მოგება და ამის საფუძველზე, ვადამდელი საპარალამენტო არჩევნების მოთხოვნა. ვვარაუდობ, რომ მეორე სცენარი უფრო რეალისტურია. ამ შემთხვევაში, მომავალი არჩევნებისთვის სხვანაირი საარჩევნო გარემოს მიღებაა ოპოზიციის ამოცანა და, შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს მიიღებს, ამ ამოცანის ჭრილში უნდა განიხილოს. არსებობს მოსაზრებაც, რომ არჩევნებს ქვეყანაში აზრი აღარ აქვს და ბრძოლის სხვა მეთოდები უნდა ვეძებოთ. ამ პოლიტიკური მიმდინარეობის ადამიანებისთვის არანაირ შეთანხმებას ხელისუფლებასთან მნიშვნელობა არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მათ სკეპტიციზმს ვიზიარებ „ქართული ოცნების“ მიერ დანაპირების შესრულებაზე, ასევე უპერსპექტივოდ მიმაჩნია შეთანხმებაზე და, შესაბამისად, არჩევნების პერსპექტივაზე უარის თქმა. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა ერთადერთ რაციონალურ მიზნად მიმაჩნია. შესაბამისად, ყველა პოლიტიკურ გადაწყვეტილების ავკარგიანობას, ამ ჭრილიდან განვიხილავ. მათ შორის იმას, თუ რაზე შეიძლება შევთანხმდეთ ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში. ეს პრინციპული განსხვავებაა ჩემს და მათ შორის, ვინც მოუთმენლად ელის ამ მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებას, იმისთვის, რომ განაცხადოს – არჩევნებს აზრი აღარ აქვს ამ ქვეყანაში. ამიტომ, მაქვს იმედი, რომ მოლაპარაკებები რაიმე აზრიანით დასრულდება, რადგან ალტერნატივა საკმაოდ ბნელ და უპერსპექტივო მომავალს უქადის ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა სამადაშვილმა.