„როგორც კი მუზეუმში შეადგამ ფეხს, სავალალო მდგომარეობა გხვდება და გაკვირვებული რჩები“…

„მოვუწოდებ ყველა უნივერსიტეტელს, სრულიად საქართველოს, საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებს, გავერთიანდეთ ამ დიდ ეროვნულ საქმეში, აღვადგინოთ დიდი ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი სოფელ ხოვლეში, – ამ მოწოდებას აქვეყნებს ფეისბუქის გვერდზე ქართული ემიგრაციის მუზეუმის დირექტორი რუსუდან კობახიძე.
„1940 წლის 18 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილი გარდაიცვალა!
ხელოვნების მუშაკთა სახლში ლექციას კითხულობდა, მოულოდნელად სიტყვა გაუწყდა და… ყველაფერი დასრულდა! ან პირიქით… ყველაფერი დაიწყო! დიდი ივანე უკვდავებაში გადავიდა!
წელიწადზე მეტია ველოდები შესაფერის დროს ერთ მეტად მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხზე ჩემი მოსაზრების გამოსახატად. არ დაგვადგა საშველი! არადა, მეტად საშური საქმეა.
2019 წლის 13 ოქტომბერს სოფელ ხოვლეში გავემგზავრეთ. ამ გზას ერთი ცნობილი ემიგრანტის, გიორგი (გოგი) მაღალაშვილის მოგონებათა რვეულმა დაგვაყენა. მოგონებები გამოსაცემად მზადდება და ბევრ საინტერესო ფაქტს გაეცნობა მკითხველი მომავალში.
უპირველეს ყოვლისა, ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმს ვეწვიეთ. მუზეუმი 1976 წელს გაიხსნა. შესანიშნავი კარ-მიდამო, მშვენიერი სახლი ულამაზესი აივნით ამაღლებულ განწყობას გიქმნის მხილველს, მაგრამ ყველაფერი იცვლება, როგორც კი მუზეუმში შეადგამ ფეხს! სავალალო მდგომარეობა გხვდება და გაკვირვებული რჩები… ნუთუ ასეთი უმადურები ვართ?!
2016 წელს ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მინიჭებია ივანე ჯავახიშვილის ცენტრის (ხელმძღ. დავით სართანია) ინიციატივითა და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით. კარ-მიდამო კასპის სამუზეუმო გაერთიანების (ხელმძღ. გივი მელაძე) ძალისხმევით შემოუღობავთ. უმთავრესი კი, სამუზეუმო სივრცე ურთულეს მდგომარეობაშია. მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტი მომზადებულია, მაგრამ არადა არ დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები. შევხვდით მუზეუმის დირექტორს, ქალბატონ მარინა კოშაძეს, სოფლის გამგებელს, შესანიშნავ ახალგაზრდას, თამაზ ხუციშვილს, მაგრამ მარტო ეს ადამიანები როგორ გაართმევენ თავს ასეთ დიდ და საქვეყნო მნიშვნელობის საქმეს, თუ სახელმწიფო და მთელი ერი არ დაუდგა მათ გვერდით!
სად ვართ ამ დროს ჩვენ, უნივერსიტეტელები?! ეს არ გახლავთ რიტორიკული კითხვა! ჩვენ ვალდებულნი ვართ, პირველი ქართული უნივერსიტეტის დამაარსებელს პატივი მივაგოთ და მისი სახელობის სახლ-მუზეუმის აღდგენაში მონაწილეობა მივიღოთ! და არა მარტო ჩვენ… ჩვენი უნივერსიტეტის პირმშოა ქვეყნის რამდენიმე წამყვანი უნივერსიტეტი – სამედიცინო, ტექნიკური, სასოფლო, ქუთაისის პედაგოგიური… ჩვენ ყველანი დიდი ივანე ჯავახიშვილის მოწაფეთა მოწაფენი ვართ და არ გვეკადრება ჩვენი უპირველესი მასწავლებლის სახლ-მუზეუმი ასეთ მდგომარეობაში გვქონდეს!
მოვუწოდებ ყველა უნივერსიტეტელს, სრულიად საქართველოს, საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებს, გავერთიანდეთ ამ დიდ ეროვნულ საქმეში, აღვადგინოთ დიდი ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი სოფელ ხოვლეში.
ვფიქრობ, ამ საქმეს სათავეში უნდა ჩაუდგეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ივანე ჯავახიშვილის ცენტრი.
ივანე ჯავახიშვილის საიუბილეო 150 წლისთავი გვიახლოვდება. 2026 წლის 23 აპრილს შევხვდეთ ღირსეულად!“ – წერს რუსუდან კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები