ირაკლი ჩიქოვანი: 2012 წლამდე ზუგდიდი იყო ქცეული ზეწოლის, მოსახლეობაზე ძალადობის ციტადელად, დღეს ეს ქალაქი არის თავისუფალი, მშვიდი, სადაც ვვითარდებით
,,ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი 2012 წელს ზუგდიდში არსებულ ვითარებას და ამჟამად არსებულ გარემოს ერთმანეთს ადარებს და აცხადებს, რომ დღეს იმ პერიოდისგან განსხვავებით სახელმწიფო მოქალაქეებზე ზრუნავს.
,,დღეს 2012 წელთან შედარებით, ზუგდიდელებისთვის განსხვავებული გარემოა შეთავაზებული, ადამიანებს აქვთ აბსოლუტური თავისუფლება გამოთქვან საკუთარი აზრი და გამოხატონ პრეტენზიები, ჩვენ ეს მოგვწონს და გვიხარია, რადგან ამ დებატში იბადება უფრო მეტი შესაძლებლობა. 2012 წლამდე ზუგდიდი იყო ქცეული ზეწოლის საკუთარ მოსახლეობაზე ძალადობის ციტადელად, დღეს ეს ქალაქი არის თავისუფალი ქალაქი, მშვიდი ქალაქი, სადაც ჩვენ ვვითარდებით. რა თქმა უნდა არის პრობლემები, რომელსაც სჭირდება ყურადღების მიქცევა და რა თქმა უნდა ჩვენთვის ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება ოკუპაცია და ოკუპაციის ხაზთან არსებული ვითარება, რასაც ჩვენი სახელმწიფო გრძნობს და ზუგდიდელები ვგრძნობთ ამ სიმძიმეს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება ზუგდიდი ნაბიჯ-ნაბიჯ და ძალიან დიდი მყარი ნაბიჯებით მიდის წინ და ვითარდება და ჩვენ გვაქვს იმის საშუალება რომ ზუგდიდი გავხადოთ ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული მუნიციპალიტეტი საქართველოში”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ჩიქოვანი ბოლო წლების განმავლობაში ზუგდიდში განხორციელებულ პროექტებზეც ამახვილებს ყურადღებას.
,,მე მაქვს სრული პასუხისმგებლობა შემდეგი წლების განმავლობაში ზუგდიდი ვაქციო აბსოლუტურად განსხვავებულ მუნიციპალიტეტად და ამას იგრძნობს თითოეული ზუგდიდელი, ზუგდიდში არცერთი კუთხე არაა დარჩენილი, არცერთი ქუჩა და ადმინისტრაციული ერთეული არაა დარჩენილი, სადაც ჩვენ არ გვქონდეს მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელებული, ზუგდიდი იქნება ერთ-ერთი პირველი მუნიციპალიტეტი სადაც ყველა ადმინისტრაციულ ერთეულამდე, ანუ სოფლამდე იქნება კეთილმოწყობილი გზა, ჩვენ ამ პროექტს მომავალ წელს დავასრულებთ, მხოლოდ 4 გზა არის დარჩენილი, ზუგდიდის ყველა ადმინისტრაციული ერთეული იქნება გაზიფიცირებული და ეს პროცესი ძალიან მალე დასრულდება, ჩვენ ვშრომობთ იმისათვის, რომ უკეთესი მომავალი შევქმნათ ზუგდიდელებისთვის”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.