გია ვოლსკი: გარკვეულ გადაცდომებს ადგილი ჰქონდა, რასაც არ შეიძლება, გავლენა ჰქონოდა შედეგებზე, ამას მოწმობენ საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების დასკვნები

“გარკვეულ გადაცდომებს ადგილი ჰქონდა, რასაც არ შეიძლება, გავლენა ჰქონოდა შედეგებზე, ამას მოწმობენ საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების დასკვნები”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა ოპოზიციას შესთავაზა ყველა იმ უბნის გადათვლა, რომელთან დაკავშირებითაც დასაბუთებული პოზიცია არსებობს.

„არჩილ თალაკვაძის მიერ პირველივე შეხვედრიდან გაცხადებული იყო, რომ მმართველი გუნდი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ფაქტს დაუშვებს და გადათვლის იმდენ უბანს, რამდენსაც კონკრეტული სადამკვირვებლო მისია მოითხოვს, სადაც კი რამე ეჭვი ან დასაბუთებული პოზიცია არსებობს იმ მყვირალა ბრტყელ-ბრტყელი ფრაზების გარდა. აგრეთვე, ძალაში რჩება შეთავაზება, რომ ნებისმიერი უბანი იყოს განხილული ვიდეო თვალის მეშვეობით.

ყველა ამ შეთავაზებაზე უარის თქმა მიუთითებს და ხაზს უსვამს იმაზე, რომ არჩევნების გაყალბებას ადგილი არ ჰქონია. გარკვეულ გადაცდომებს ადგილი ჰქონდა, რასაც არ შეიძლება, გავლენა ჰქონოდა შედეგებზე. ამას მოწმობენ საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების დასკვნები, მათ შორის, სახელმწიფოების განცხადებები, პოლიტიკური განცხადებები, ასევე, ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის განცხადებები.

რეალურად რომ ავიღოთ რიცხვი, რასთან გვაქვს საქმე, ეს საკმაოდ სერიოზული ინდიკატორია იმისა, რომ სახელმწიფოებმა და, მათ შორის, ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაასკვნეს, რომ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია.

გადაცდომებს ნამდვილად ჰქონდა ადგილი. მაგალითად, ბიულეტენების ის რაოდენობა, რომელმაც მეტობა ან ნაკლებობა შეადგინა, რომ გადავთვალოთ უბნების რაოდენობაზე, გამოვა, რომ თითო უბანში სამი ან ოთხი ასეთი გადაცდომა მოხდა. რაც შეეხება მეტობას, მხოლოდ ოთხ ათეულ ბიულეტენზეა საუბარი, რომელიც მიზერულზე უფრო ნაკლები ციფრია.

0,17 პროცენტი მთლიანი ამომრჩევლის რაოდენობიდან არის ის ხმები, რომლებიც შეადგენენ გარკვეულ ოქმებში დისბალანსის მიზეზს. დისბალანსი არ შეიძლება ჩაითავალოს თავად ოქმის გაყალბების ინდიკატორად“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები