რატომ ჩამოდის პომპეო?! – თენგიზ ფხალაძე

ექსპერტი, თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში რეგიონში განვითარებულ მოვლენებს აფასებს.

ფხალაძე ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტზეც საუბრობს, რომელიც საქართველოში 17-18 ნოემბერს შედგება.

“პომპეო ჩამოდის იმიტომ, რომ საქართველო და აშშ სტრატეგიული პარტნიორები არიან და ჩვენი თანამშრომლობა ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ მოვლენებს ხშირად ქართული პრიზმიდან ვუყურებთ. მე მოვისმინე ასეთი შეკითხვაც, თუკი აშშ-ში ადმინისტრაცია იცვლება, ეს ხომ არ დააკნინებს ამ ვიზიტსო. ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არის “არა”. ქვეყნებს შორის ურთიერთობა არ არის დამოკიდებული პერსონალიებზე, ის დამოკიდებულია როგორც მოქმედი, ისე – მომავალი ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვან გრძელვადიან ინტერესებზე. ასე რომ, პომპეოს ვიზიტი არ არის რიგითი მოვლენა, აქ ორი მთავარი საკითხია: პირველი – უსაფრთხოება, განსაკუთრებით, რეგიონში ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ. ამიტომაც, საქართველოს დაცულობის გასაძლიერებლად ეს ვიზიტი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.

მეორე საკითხია საქართველოს შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის მხარდაჭერა, რაც ნათქვამია კიდეც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ განცხადებაში. ამ ვითარებაში, როცა რეგიონში ძალთა ბალანსი იცვლება, როცა ძლიერდება რუსეთი, უმნიშვნელოვანესი და ძლიერი გზავნილია ამერიკის სახელმწიფო მდივნის საქართველოში ჩამოსვლა. ამას როგორ გამოვიყენებთ, რა ინიციატივებით დავხვდებით და რას შევთავაზებთ, დრო გვაჩვენებს.

აზერბაიჯანმა დაიბრუნა ტერიტორიის ნაწილი და ის გარკვეულწილად გამარჯვებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყარაბაღის პრობლემა ამოიწურა. შეთანხმების თანახმად, შეწყდა ცეცხლი, დევნილთა ნაწილი აზერბაიჯანის სხვა ტერიტორიებიდან ბრუნდება ყარაბაღში, მაგრამ ყარაბაღის სტატუსი კვლავ გადაუწყვეტელია. რუსეთი უფრო აქტიურად ჩაერთო ამ პროცესებში. მოგეხსენებათ, აზერბაიჯანი იყო ერთადერთი სახელმწიფო კავკასიაში, სადაც რუსეთს არ ჰქონდა სამხედრო ინფრასტრუქტურა და არ ჰყავდა შეიარაღებული ძალები, ამ შეთანხმებით კი მას ლეგალური საფუძველი მიეცა შეიარაღებული ძალების აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განსათავსებლად და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. არ არის მხოლოდ კონფლიქტის ზონაზე ლაპარაკი, არამედ 2 მნიშვნელოვან დერეფანზე: ერთია თავად კონფლიქტის ზონა და ლაჩინის დერეფანი, ხოლო მეორე დერეფანი აზერბაიჯანს აკავშირებს ნახჭევანთან, რომელიც მოწყვეტილია ქვეყნის ძირითადი ნაწილისგან და მას რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შეიარაღებული ძალები გააკონტროლებენ.

ასე რომ, რუსეთი აქტიურად შემოდის რეგიონში, აძლიერებს გავლენას აზერბაიჯანზე, სადაც, გარდა იმისა, რომ სამხედრო ძალებს განათავსებს, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბერკეტიც მოიპოვა იმ პოზიციის წყალობით, რაც ბოლო კვირებში ყარაბაღში ცხელი კონფლიქტისადმი ჰქონდა. მას აქვს სომხეთზე ზემოქმედების ბერკეტებიც და ახლა შეეცდება ისინი უფრო გააძლიეროს და სომხეთში მხარი დაუჭიროს იმ პოლიტიკური ჯგუფის ხელისუფლებაში მოსვლას, რომელიც ადვილად დაემორჩილება კრემლის ბრძანებებს.

საინტერესოა რეგიონში თურქეთის გამოჩენაც, თუმცა აზრი, რომ ამ ე.წ. სამშვიდობო პროცესში რუსეთის თანაბრად იქნება წარმოდგენილი, მცდარია. თურქები მიიღებენ მონაწილეობას მონიტორინგის ცენტრის საქმიანობაში, თუმცა რუს სამშვიდობოებს ვერ ჩაანაცვლებენ.

რეგიონში რუსეთის ასეთი გაძლიერება ჩვენთვის პრობლემაა, უნდა გვახსოვდეს, რომ ე.წ. რუს სამშვიდობოებს არასდროს შეუსრულებიათ სამშვიდობო მისია. რუსეთი ახლა ჩვენს რეგიონში დამკვიდრებაზე მზარდი ამბიციების ხორცშესხმას ცდილობს. მას სურს, აკონტროლებდეს რეგიონსა და სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფანს. მას სურს, სუვერენიტეტი შეუზღუდოს იმ სახელმწიფოებს, რომლებიც რუსეთის გავლენის სფეროდან თავის დაღწევას ცდილობენ. ვიმეორებ – ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პომპეოს ვიზიტი უმნიშვნელოვანესია.

ფაშინიანი მოვიდა იმ იდეებით, რომ გაეტარებინა რეფორმები და ექცია სომხეთი ნაკლებად კორუფციულ და დასავლურ სახელმწიფოდ, რომელიც შედარებით ნაკლებად იქნებოდა დამოკიდებული მოსკოვზე. სხვათა შორის, ფაშინიანის პირველი ნაბიჯები ყარაბაღთანაც იყო დაკავშირებული. მხარეების პირველი შეხვედრები ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ შეიძლებოდა წინ წასულიყვნენ კონფლიქტის მოგვარების საქმეში, მაგრამ მას სერიოზული პრობლემები შეექმნა თავად ქვეყანაში, კერძოდ, ყარაბაღის პოლიტიკურ დაჯგუფებასთან, რომელსაც რუსეთი უჭერდა მხარს. დასანანია, რომ ფაშინიანს არ ეყო პოლიტიკური გამოცდილება დასახული სტრატეგია სწორი ტაქტიკით გაემყარებინა და შედეგად მივიღეთ ის, რაც მოხდა.

რუსეთის პოზიცია ამ ვითარებაში ასეთი იყო: თქვენ სცადეთ უჩემოდ რაღაცის გაკეთება, მე მოგეცით ამის საშუალება და ნახეთ, რაც მოგივიდათ, უჩემოდ არაფერს წარმოადგენთო… ეს იყო გზავნილი, რომელიც თავისი ჩაურევლობით რუსეთმა სომხეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასა და მოსახლეობას გაუგზავნა.

მთავარი საკითხია, თუ რამდენად დაინახავენ სომხეთის პოლიტიკური ჯგუფები, რომ ყოველივე ეს ხაფანგი და სატყუარა იყო. თუ ამას მიხვდებიან და რევანშისტები ვერ გაიმარჯვებენ, შესაძლოა მართლაც რაღაც შეიცვალოს სომხეთის საგარეო კურსში. დღეს აშკარად ემოციები ჭარბობს, არადა, ფაშინიანსა და მის გუნდს სერიოზული პრობლემები აქვთ, თანაც რუსეთი მაქსიმალურად გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას, რათა ფაშინიანი ჩამოაშოროს სომხეთის მართვას. მას არა მარტო სამხედრო კომპონენტი აქვს სომხეთზე ზემოქმედებისთვის, არამედ ეკონომიკური და პოლიტიკური ბერკეტებიც. ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ის ძალები, რომლებიც რუსეთის ქმედებაში ხაფანგს ხედავენ, მაქსიმალურად ჩააჩოჩოს პოლიტიკური ავანსცენიდან და წამოსწიოს ის ჯგუფები, რომლებიც მის დავალებებს უსიტყვოდ შეასრულებენ.

ყარაბაღში კონფლიქტის ეს ფაზა დაემთხვა თუ დაამთხვიეს იმ პერიოდს, როცა ევროპაც და აშშ-იც დაკავებული იყვნენ სხვა მნიშვნელოვანი საკითხებით და არ ჰქონდათ ამ პროცესებში ჩარევის საშუალება. უპირველესად ეს იყო აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები და ასევე კოვიდპანდემია. მიუხედავად ამისა, დასავლეთმა სცადა რეაგირება: მაკრონის აქტიურობის გარდა, გვახსოვს აშშ-ის სამშვიდობო ინიციატივა – ოქტომბრის ბოლოს აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები იმყოფებოდნენ ვაშინგტონში და ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რაც მეორე დღესვე დაირღვა. ამის მიზეზი უნდა ვეძებოთ არა დღევანდელობაში, არამედ წარსულსა და იმაში, რომ უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები, რაც ჩვენს რეგიონშიც მოქმედებს, ნაკლებად ქმედითია კონფლიქტის აღმოსაფხვრელად. რუსეთს იმთავითვე ჰქონდა ისეთი კარტ-ბლანში, რაც მას მოქმედების თავისუფლებას აძლევდა. ახლაც დამტკიცდა, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფმა თავისი როლი კონფლიქტის მოგვარებაში დიდად ვერ შეასრულა. თავის დროზე თითქოს კი მოახერხეს კონფლიქტის გაყინვა, მაგრამ კრემლი დროდადრო თავისი შეხედულებისამებრ ხან ააქტიურებდა კონფლიქტს, ხან ვითომ გაყინავდა. აშშ-ში ხელმოწერილი დეკლარაციის შესრულების ბერკეტი დასავლეთს არ ჰქონდა, რადგან ისინი ისევ რუსეთის ხელში აღმოჩნდა. ის ორივე სახელმწიფოს აიარაღებდა, მუდმივად ქმნიდა დაძაბულობისა და შეტაკების საბაბს და ბოლოს მიაღწია კიდეც მიზანს. კრემლის გზავნილი ასეთი იყო: მე შემიძლია პრობლემის მოგვარებაც და მისი გადაწყვეტაცო…”, – აცხადებს ფხალაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები