28 ნოემბერს “საქართველოს საუკეთესო სომელიე – 2020” გაიმართება

საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებით წელს, 28 ნოემბერს, კონკურსი „საქართველოს საუკეთესო სომელიე – 2020“ მეორედ გაიმართება.

საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ცნობით, ქვეყანაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო, კონკურსის ფინალი მაყურებლის გარეშე ჩაივლის და პირდაპირ ეთერში საქართველოს სომელიეთა ასოციაციის FB გვერდზე https://www.facebook.com/sommelier.ge გადაიცემა. ტრანსლაცია 17.00 სთ დაიწყება. ღონისძიებას მხოლოდ კონკურსანტები, ჟიურის წევრები და ორგანიზატორები დაესწრებიან.

„საქართველოს საუკეთესო სომელიე – 2020“-ის გამოსავლენად ორი ტური გაიმართება: I ტური 24 ნოემბერს შედგება და თეორიულ ნაწილს დაეთმობა. მისი შედეგების მიხედვით გამოვლინდებიან ფინალისტები. II ტური, ანუ კონკურსის ფინალი, 28 ნოემბერს ჩატარდება და სამი ფინალისტი ჟიურის წევრების წინაშე შეასრულებს პრაქტიკულ დავალებებს. პირველ ადგილზე გასული სომელიე მოიპოვებს 2020 წლის საქართველოს საუკეთესო სომელიეს სტატუსს.

კონკურსი ტარდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, „მარანი ხეცურიანი“-ს, კომპანია Riedel-ის და რესტორან „ქეთო და კოტე“-ს მხარდაჭერით.

საქართველოს სომელიეთა ასოციაცია დაარსდა 2003 წელს. 2014 წლიდან გახდა საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის Association de la Sommellerie Internationale (ASI) წევრი.

საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ 2018 წელს ჩვენს ქვეყანაში პირველად დააფუძნა კონკურსი „საქართველოს საუკეთესო სომელიე“. კონკურსი ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მათ, ვისაც საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ოფიციალურად აქვთ მინიჭებული სომელიეს სტატუსი. სომელიეს სტატუსის მოსაპოვებლად საჭიროა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის საკვალიფიკაციო გამოცდის GSA Sommelier Exam და WSET level 2 გამოცდების ჩაბარება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები