„მის მიერ შექმნილი სხეულის პლასტიკა რიტმულ მუსიკას ბადებს“ – 15 ნოემბერი ზურაბ კაპანაძის დაბადების დღეა

დღეს – 15 ნოემბერს, უნიჭიერესი ქართველი მხატვრის, ზურაბ კაპანაძის (1924–1989) დაბადების დღეა. 60–50 წლის წინათ, თავისი საჟურნალო და წიგნის ილუსტრაციებით იგი გახლდათ საყოველთაოდ ნაცნობი სახელი, მან ხომ ორასზე მეტი წიგნი გააფორმა მხატვრულად და ასეულობით მოთხრობის, პოემის, ზღაპრისა და ლეგენდის ილუსტრაცია შექმნა ქართულ პერიოდიკაში.

ლადო გუდიაშვილთან ერთად, 1969წ.

ამასთან, იგი არის ნოვატორი ქართულ გამოყენებით–დეკორატიულ ხელოვნებაში, მის მიერ შექმნილი მხატვრული ფორმები და ობიექტები ბათუმში, სოხუმსა და საქართველოს სამხედრო გზაზე დღემდე რჩება შემოქმედებითი ფანტაზიისა და გამომგონებლობის უბადლო ნიმუშებად.
ზურაბ კაპანაძე თბილისის სამხატვრო აკადემიაში იოსებ შარლემანის, სერგო ქობულაძის, დუდა გაბაშვილისა და ვალენტინ შერპილოვის სტუდენტი იყო. როგორც ჩანს, ამ დიდმა ოსტატებმა იმთავითვე იგრძნეს თავიაანთი შეგირდის განსაკუთრებული ნიჭიერება და იმგვარი სისათუთით წარმართეს მისი პროფესიული ზრდა–განვითარების პროცესი, რომ არაფერი ევნოთ ახალგაზრდა ხელოვანის ინდივიდუალობისთვის. სწორედ ამ თავისუფლებითა და სიანკარით იყო საჩინო და ღირებული ზურაბ კაპანაძის მთელი შემდგომი პრაქტიკა, რომელიც არის ქართული სულიერების უმაღლესი გამოხატულება.

ხელოვნების მოღვაწეებთან ერთად

31 წელიწადი გავიდა მისი გარდაცვალებიდან და ამ ხნის განმავლობაში მისი მხატვრული მემკვიდრეობის შესასწავლად და ღრმად გასაზრებლად თითქმის არაფერი გაკეთებულა. ერთადერთი იყო ის, რომ შარშან მისი და არქიტექტორ გიორგი ჩახავას ბათუმში არსებული ერთობლივი ნამუშევარი „რვაფეხა“ აღადგინეს და მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
სამართლიანი იქნებოდა, ასეთი სტატუსის მქონე ნამუშევრის ავტორებს საკუთარ ქვეყანაში უკეთ იცნობდნენ და მეტად აფასებდნენ. ზურაბ კაპანაძის სახელს კი აშკარად დავიწყების ფარდა გადაეფარა, მისი ხსენება არსად ჭაჭანებს. ინტერნეტსივრცეშიც მწირი ინფორმაცია იძებნება მასზე, საიდანაც ვერავინ გაიგებს, რომ საქმე გვაქვს ეპოქალურ და გვერდაუვლელ ქართველ ხელოვანთან, რომელმაც ძლიერი გავლება მოახდინა თავისი დროის მხატვრულ–სააზროვნო პროცესზე.
ერთ სტატიაში შეუძლებელია მიახლოებითაც კი აწყო და შეაფასო ზურაბ კაპანაძის ჭეშმარიტი ღირებულება. თანამედროვე ქართული ხელოვნების მკვლევრები ნამდვილად ვალში რჩებიან ზურაბ კაპანაძის წინაშე, რომელიც ძალზე მორიდებული პიროვნება იყო და არ მიეკუთვნებოდა სახელის მაძიებელ მხატვართა რიცხვს. სამხატვრო აკადემიის პროფესორს და სიცოცხლეშივე აღიარებულ მხატვარს ნამდვილად არ გაუჭირდებოდა პერსონალური გამოფენის გამართვა, ალბომის ან კატალოგის გამოცემა. მას კი ასეთი რამ აზრადაც არ მოსვლია.
მას ყოველდღიური შრომა და ფიქრი ყველაფერს ერჩივნა, ამაში პოულობდა შვებას და ბედნიერებასაც. ის ხელოვნებისთვის ბოლომდე შეწირული კაცი იყო. აი იმგვარი, როგორც ეს ამერიკელ პოეტსა და ფილოსოფოსს, რალფ ემერსონს წარმოუდგენია: „მხატვარმა მთლიანად უნდა შესწიროს თავი ხელოვნებას, როგორც ფუტკარი თმობს სიცოცხლეს ნესტართან ერთად“.
ზურაბ კაპანაძე, როგორც საბავშვო ჟურნალ „დილას“ მთავარი მხატვარი, უზარმაზარ როლს ასრულებდა ამ უპოპულარესი გამოცემის ვიზუალურ სრულყოფაში. გარდა იმისა, რომ იგი უამრავ თავის კოლეგას იკრებდა ჟურნალის გარშემო, ყოველ ნომერში მისი რამდენიმე ილუსრტრაცია იყო მოთავსებული. რა დასანანია, რომ კომუნისტების ეპოქაში მხატვარს გამომცემლობები ნამუშევრის ორიგინალებს უკან არ უბრუნებდნენ და საკუთარ საცავებში ინახავდნენ. ამ მიზეზით ზურაბ კაპანაძის ასეულობით მხატვრული ნიმუშის ასავალ–დასავალი დღემდე არავინ უწყის, მაგრამ მადლობა უფალს, რომ არსებობს ეროვნული ბიბლიოთეკა, სადაც დაცულია ბეჭდური პროდუქცია მის მიერ გაფორმებული წიგნების, ჟურნალების, პლაკატების, აფიშების, ბუკლეტების და კალენდრების სახით. ეს არის უზარმაზარი საკვლევი მასალა, რაზეც ხელოვნებათმცოდნეებმა უნდა იმუშაონ.

ბათუმის „რვაფეხა“

ზურაბ კაპანაძე მარტო საბავშვო მწერლობის ილუსტრატორი არ ყოფილა, ის აფორმებდა სადიდო ლიტერატურასაც. ამასთან მან დეკორატიულ–გამოყენებით ჟანრშიც თქვა თავისი ახალი სიტყვა. იმ დახშულ სივრცეში, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა, სწორედ რომ დიდ გაბედულებას ნიშნავდა ასეთ რამეზე ფიქრი და მითუმეტეს, პრაქტიკულად განხორციელება. ფაქტობრივად, ეს იყო ანტისაბჭოთა ხელოვნება. მან კი არქიტექტორ გიორგი ჩახავასთან ერთად შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა. პირველად იყო ბათუმის კაფე „რვაფეხა“.
მოსკოვში, ლენინგრადში, კიევში  მანამდე მსგავსი არაფერი გვენახა. ჩვენ, აღნიშნული კაფეს მხილველნი ვცხოვრობდით საბჭოთა სინამდვილეში და თითქოს არც ვიყავით საბჭოთა კავშირში. ეს უჩვეული ფორმები, ეს ხასხასა ფერები სრულიად მიუღებელი იყო საბჭოთა ესთეტიკისთვის. თავისუფლების სულის სიმღერად მიიჩნია იგი იმთავითვე საზოგადოებრიობამ. ბათუმის ბულვარის მთავარ სამკაულს „რვაფეხას“ ხალხმა „ფანატაზიაც“ შეარქვა, იმხანად ეს მართლაც ფანტაზიის სფეროდან იყო. მერე, ოცი წლის შემდეგ, ბარსელობაში, გრუელ პარკში ანტონიო გაუდის ანსამბლი რომ ვნახე, უნებურად გამახსენდა ბათუმის ბულვარის მშვენება. მართალია, გაუდის დარი გენიოსი საქართველოს არ ჰყოლია, მაგრამ გიორგი ჩახავასა და ზურაბ კაპანაძის სახით გამოგვიჩნდა ნოვატორთა ტანდემი, რომელმაც ახალი სუნთქვით და ენერგიით აავსო საქართველოს ამერ–იმერი.

ზურაბ კაპანაძე და ოთარ მეღვინეთუხუცესი

ალბათ, გახსოვთ ასეთი გამონათქვამი: „ბავშვებისთვის უნდა წერო ისე, როგორც დიდებისთვის, ოღონდ ცოტა უკეთესად“.
ზურაბ კაპანაძე ბავშვებისთვის ხატავდა, როგორც დიდებისთვის და ცოტა უკეთესად!
იგი ფენომენალური ნიჭის მხატვარია, მკვეთრად გამოხატული ნაციონალური ხასიათით. ყველა ერს ხომ გააჩნია თავის ჰაბიტუსი და იშვიათია ქართველი მხატვარი, ვისაც ასე ღრმად და ორგანულად ეგრძნოს და გადმოეცეს ქართული ფიზიონომია და ჰაბიტუსი. ამიტომ ვამბობდი ზემოთ. რომ ის არის საკვანძო ხელოვანი, რომელსაც გვერდს ვერ აუქცევ. მისგან სწორედ რომ ბევრი რამის შეთვისება შეიძლება. აქ წამოჭრილი ეროვნულობის საკითხს ხელოვნებაში თავის დროზე ყურადღება მიაპყრო გენიალურმა თეატრალურმა რეჟისორმა სანდრო ახმეტელმა.
1915 წელს წაკითხულ ლექციაში „არის თუ არა ქართული თეატრი ქართული?“ ის ასეთ რამეს ამბობდა: „ქართველ კაცზე ლამაზ მოსიარულეს, ბუნებრივი პროპორციით შემკულ მოძრაობის მქონეს ჯერჯერობით ბადალი არ ჰყავს დედამიწის ზურგზე. ქართველი დადის საუცხოვოდ, ფეხს სდგამს გაბედულად, და არა ჩლუნგად, მოშვებულად…მთელი კორპუსიც გადააქვს თავისუფლად, სწორად, ოდნავი რხევით… ქართველს ფეხი გაშლილი დააქვს… მე მყავს სახეში მდაბიო ხალხი, ჩვენი გლეხკაცობა. მიგიქცევიათ ყურადღება ჩვენი გლეხკაცისათვის. როცა ის, მაგალითად ხელს გართმევთ, ტანს რა მოძრაობას აძლევს? ქართველი წელს მხრებში კი არ ხრის, ე.ი. კი არ იკუზება, როგორც ჩრდილოეთის მცხოვრებლებმა იციან.
წელგაშლილი სრულიად მთელ კორპუსს ოდნავ თქვენსკენ ხრის,– ფეხები გაშლილი, გაჭიმული უდგას და კისერი ხერხემალთან პერპენდიკულარულად უჭირავს. ქართველის მოძრაობა ბუნებრივად ესთეტიკურ კანონებს ემორჩილება. ლერწამივით ახოვანი ქართველის მოძრაობა – წმინდა რიტმული მუსიკაა“.
შეხედეთ ზურაბ კაპანაძის ილუსტრაციებს, მის მიერ შექმნილი სხეულის პლასტიკა სწორედ რომ რიტმულ მუსიკას ქმნის. ამასთან, ახასიათებს მონუმენტურობა და სკულპტურის მხატვრული ეფექტი.
ერთხელ თუ იხილავ, შეუძლებელია მათი გადავიწყება. ამიტომაც იყო იგი გავლენიანი ხელოვანი თავისი და მომდევნო თაობის მხატვრებში. მისი მიგნებები და მონაპოვრები დღემდე უხვად კვებავს და ამარაგებს არაერთ ქართველ მოქანდაკეს, ფერმწერს, გრაფიკოსს, ჭედური ხელოვნების ოსტატს. სამართლიანობა ითხოვს, სათანადოდ იქნას შესწავლილი და შეფასებული მისი ნოვატორობა და შესამჩნევი გავლენა.
მართლაც, ამოუწურავია ზურაბ კაპანაძის მხატვრული მემკვიდრეობა და მას შეუძლია კვლავაც სასარგებლო სამსახური გაუწიოს მომავლის მხატვრებსაც.
ზურაბ კაპანაძეს საბჭოთა კავშირში არსებული ილუსტრაციების ყველა კონკურსის მაღალი ჯილდო აქვს მოპოვებული, ასევე პრესტიჟული პრემიებით აღინიშნა მისი ხელოვნება ბრატისლავაში, ბრიუსელში, კატანიაში. ევროპაში გაცნობის მერე, მას ექვსჯერ მოუვიდა მოწვევა ბოლონიის წიგნის საერთაშორისო ბაზრობიდან. თვითონაც გულით ეწადა იქ გამოფენა. ერთხელაც დაურეკეს ცეკადან (მაშინდელი ცენტრალური კომიტეტი) და უთხრეს, თუ გინდა ბოლონიაში გაგიშვათ შენი ნამუშევრებით, მაშინ კომუნისტურ პარტიაში უნდა მიგიღოთო. არადა, როგორც მისი ქალიშვილი, მხატვარი სოფო კაპანაძე მიყვება: როგორ ეწადა იქ მოხვედრა და მაინც ვერ აცდუნეს. ასე უსიტყვოდ ჩაიკლა გულში ეს სურვილიო.
ზურაბ კაპანაძის მთავარი შთამაგონებელი იყო საქართველოს ისტორია და ჩვენი მწერლობა, მან იაკობ ცურტაველიდან დაწყებული არაერთი მწერლის ქმნილებების ილუსტრაციები შექმნა, რამდენჯერმე მიუბრუნდა შოთა რუსთაველის პოემას და მისი რამდენიმე გამოცემისთვის შეასრულა დასურათება, თავსართები თუ არშიების კაზმულობა. ქართული წიგნის ისტორიაში საუკეთესოა მის მიერ გაფორმებული: „უბისის მხატვრობა“, „ქართული ხელნაწერები“, „ვარდანანქი“ (ისტორიული რომანი 2 წიგნად), „ხახულის კარედი“, ლევან გოთუას „გმირთა ვარამი“ და „მატიანური“, ირაკლი აბაშიძის „რას გადაურჩა თბილისი“ და სხვა მრავალი.

ნოდარ გურაბანიძე და ზურაბ კაპანაძე მეუღლეებთან ერთად

ზურაბ კაპანაძეს ძალიან კარგად გამოსდიოდა თანამოაზრეებთან ერთად მუშაობა. გიორგი ჩახავასთან ერთად მის თანამოაზრეებში იყვნენ: არქიტექტორი ზურაბ ჯალაღანია, მხატვრები ზურაბ ლეჟავა და ნოდარ მალაზონია. მხატვართა და არქიტექტორთა ამ ჯგუფმა გადატრიალება მოახდინა საბჭოთა არქიტექტურასა და დეკორატიულ-გამოყენებით სფეროში. იმხანად მათ „ფუნქციური სკულპტურის“ დამაკვიდრებლებად მოიხსენიებდნენ. ამ ჯგუფმა შეიმუშავა თხევადი მინის ახალი ტექნოლოგია, რომელშიც პატენტიც მიიღო. სწორედ ამ მასალით მოსავდნენ ისინი თავიაანთი ფუნქციური ნაგებობა-სკულპტურების ფერად ზედაპირებს.
გარდა ამისა, მათ შექმნეს ავანგარდისტული კონსტრუქციული ტექნოლოგია, რომელიც არატრადიცული სიურეალისტური, საბჭოთა ყოფისთვის უჩვეულო და შეუსაბამო ფორმებით ხასიათდებოდა. ქართველ ხელოვანთა ჯგუფმა ამ კონსტრუქციებითა და ფორმებით ააგო ავტობუსის გაჩერებები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის აფხაზეთში, კერძოდ გაგრაში, ბიჭვინთასა და სოხუმში. ეს ფუნქციური ნაგებობები ზოგგან კიდევ შემორჩა, რაც ნათლად წარმოაჩენს მხატვართა და არქიტექტორთა ამ ჯგუფის გამორჩეულ ტალანტს და არაორდინარულ აზროვნებას.
განსაკუთრებით საყურადღებოა მათ მიერ საქართველოს სამხედრო გზაზე, გუდაურთან ახლოს ფრიალო კლდეზე აღმართული გვირგვინის ფორმის მონუმენტი, რომელიც 12 თაღს ეყრდნობა. ეს გრანდიოზული მოზაიკური პანო ქართული სიამაყის და მშვენიერების თვალცხადი ნიმუშია. დღეს, როცა მისი ავტორები ცოცხლები აღარ არიან, ეს მათი, საქართველოზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანების, ხსოვნის ძეგლადაც შეიძლება მივიჩნიოთ.
ზურაბ კაპანაძის მიმართ გამოვლენილი ასეთი გულგრილობა, მართლაც, შეუწყნარებელია, რადგან საგრძნობლად აღარიბებს ეროვნული კულტურის თვალსაწიერს. ოთხ წელიწადში შესრულდება ასი წელი მისი დაბადებიდან და იგი, ვინც მთელი ცხოვრება ქართულ სულიერებას, მის გონსა და მსოფლგაგებას ამდიდრებდა, ნამდვილად ღირსია, მიეძღვნას ალბომი, მონოგრაფია, საიუბილეო გამოფენა. ეს ჩვენი კულტურის არნახულ ზეიმად გადაიქცევა. წარმოიდგინეთ 200 წიგნის და ათასობით ჟურნალისა და ნაირგვარი ბეჭდური ექსპონატების ერთად თავმოყრა. ეს იქნება თვალცხადი დასტური, თუ რა უხვი განძი უბოძა საქართველოს ზურაბ კაპანაძემ. მის საუკუნოვან იუბილემდე, 2024 წლამდე, საკმაო დრო რჩება და მინდა მჯეროდეს, რომ ამ ვალს პირნათლად მოვიხდით.

გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები